ახალი ამბები

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდი: მხარეთა შეფასებები

2023 / 07 / 14

ავტორი: ელენე მინდიაშვილი

2023 წლის 11-12 ივლისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 58-ე რაუნდი გაიმართა. პროცესი ტრადიციულად ორი სამუშაო ჯგუფის ფორმატში წარიმართა. პირველ დღეს მხარეებმა  უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს, მეორე დღეს კი, ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართულმა მხარემ მოლაპარაკებების ფორმატში ძირითადი აქცენტი სამ საკვანძო საკითხზე დასვა. პირველ რიგში, დელეგაციის წარმომადგენლებმა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ამასთან ერთად, საქართველოს დელეგაციამ განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზეც   გაამახვილა. დელეგაციის წევრებმა ასევე ისაუბრეს ოკუპაციის თანმდევი ინციდენტების შესახებაც, რაშიც იგულისხმებოდა: უკანონო დაკავებების შემთხვევები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო სამხედრო წვრთნები, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა საფორტიფიკაციო ნაგებობების აღმართვა, აღნიშნულ მონაკვეთზე საქართველოს მოქალაქეებისთვის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებზე წვდომის შეზღუდვა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი საქართველოს მოქალაქეთა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია.

საქართველოს წარმომადგენლობას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასება

აფხაზეთის „დელეგაციას“ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ირაკლი ტუჟბა ხელმძღვანელობდა. „დელეგაციის“ შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ თავმჯდომარის მოადგილე ზაალ ხვარცკია, დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ე.წ. საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ავიძბა და ამავე „სამინისტროს“ ე.წ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არტურ გაგულია.

მოლაპარაკებების დღის წესრიგში აფხაზურმა მხარემ, პირველ რიგში, საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერა დააყენა. სოხუმის განცხადებით, ოფიციალური თბილისი უარს ამბობს საკითხის განხილვაზე. რეალურად კი, საქართველოს მხრიდან არაერთხელ გაკეთდა მკაფიო განცხადება, სადაც ითქვა, რომ არცერთი ოკუპირებული რეგიონის წინააღმდეგ ძალას არანაირი ფორმით არ გამოიყენებს, თუმცა ამის შესახებ რაიმე ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერას არ აპირებს. აფხაზეთის „დელეგაციამ“ ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა დატოვა მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრისას გაეროს რეზოლუცია ახსენა, საკუთარ პრესრელიზში კი ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე აღნიშული რეზოლუციის პოლიტიზირებას ახდენს, ეს კი სამუშაო პროცესს უშლის ხელს.

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასება

მოლაპარაკებაზე ცხინვალის რეგიონის დელეგაციას დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი კონსტანტინ კოჩიევი ხელმძღვანელობდა.

აფხაზეთის დელეგაციის მსგავსად ცხინვალმაც მოითხოვა თბილისის მიერ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა, ლტოლვილების საკითხის განხილვაზე კი უარი თქვა მანამ სანამ ოფიციალური თბილისი „აღნიშნული საკითხის ხელოვნურად პოლიტიზირების მცდელობას არ შეწყვეტს“. ძალის გამოუყენებლობის გარანტიასა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტის შექმნას აფხაზური, ოსური და რუსული მხარეც უკვე არაერთი რაუნდია ითხოვენ ქართული მხარისგან. ამჯერადაც, რუსეთის ფედერაციის დელეგაციამ, ისევე, როგორც დე ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენლებმა, რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მთავარ საფუძველად სწორედ აღნიშნული გარანტიები გამოაცხადეს. ცხინვალის „დელეგაციამ“ ქართული მხარე,  ამ მხრივ, დესტრუქციულ ქმედებებშიც დაადანაშაულა, ეს კი მათი თქმით, საკვანძო საკითხების გადაწყვეტის პროცესს აფერხებს, მითუმეტეს მაშინ, როცა პარალელურ რეჟიმში საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების ზრდა მიმდინარეობს, რაც რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზეც ისაუბრეს. ეს საკითხი ოსური მხარისთვის ამჯერდაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და მას დაძაბულობის ესკალაციის რისკის მინიმუმამდე დაყვანის საშუალებად განიხილავს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასება

რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი  ხელმძღვანელობდა. გალუზინი სამინისტროში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია. რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების უზრუნველყოფას, და მის  იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებით გაფორმებას. რუსული მხარის განცხადებით, დოკუმენტის აქტუალობას საგრძნობლად ზრდის ნატოს ინტენსიური სამხედრო წვრთნები საქართველოს ტერიტორიასა და შავ ზღვაში. მიუხედავად ამისა, რუსეთის დელეგაციამ აღნიშნა, რომ საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საზღვრებთან სტაბილურად მშვიდი ვითარებაა, თუმცა დასძინა ისიც, რომ აუცილებელია კონსენსუსი შედგეს ე.წ საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე, რაც რუსეთის შეფასებითაც, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია.

შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციამ ისევე, როგორც დე ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენლებმა, მხარი ამჯერადაც დაუჭირა აფხაზური მხარის ინიციატივას ოკუპირებულ ქ. გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში შეხვედრების აღდგენის შესახებ. ქ. გალში IPRM-ის ბოლო, 57-ე შეხვედრა 2018 წელს მას შემდეგ ჩაიშალა, რაც რუსმა და აფხაზმა მონაწილეებმა შეხვედრა საქართველოს წარმომადგენლებთან უთანხმოების გამო დატოვეს. უთანხმოება კი შეხვედრის დღის წესრიგში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის შეტანას მოჰყვა. 

შეხვედრის შემდეგ, პრესრელიზში, მხარეთა წარმომადგენლებმა ერთხმად აღნიშნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ორგანიზებული „ცხელი ხაზის“ ეფექტურობა და IPRM-ის ფორმატის შეხვედრების მნიშვნელობა გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში.

თანათავმჯდომარეების შეფასება

დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა მოლაპარაკების შემდეგ კომუნიკე გამოაქვეყნეს, სადაც მოიწონეს მხარეების მზაობა და ძალისხმევა კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში გადაჭრან დღის წესრიგში მდგარი გამოწვევები. „მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება პროცესისადმი და აღიარეს ჟენევის მოლაპარაკებების, როგორც ერთადერთი პლატფორმის როლი, სადაც კონფლიქტის შედეგები განიხილება“- ნათქვამია კომუნიკეში.   

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართება.

 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) ფორმატი შეიქმნა. დისკუსიები წელიწადში ოთხ რაუნდად, ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილება. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით იმართება. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

Go BackGo Back