ახალი ამბები

რუსტამ ლატიპოვი: აფხაზეთის მთავარი „მესაზღვრე“

2023 / 07 / 25

ავტორი: ოთარ ჯინჭარაძე

2020 წლის 21 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ბრძანებით, პოლკოვნიკი რუსტამ ლატიპოვი დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილედ და სასაზღვრო რაზმის უფროსად დაინიშნა. ლატიპოვის პასუხისმგებლობაა საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარების კონტროლიც.

ვინ არის რუსტამ ლატიპოვი?

რუსტამ ლატიპოვი დაიბადა 1978 წლის 16 დეკემბერს სოფ. კალდახვარაში, აფხაზეთის ასსრ-ში, საქართველოს სსრ-ში. მან „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. იგი 2001 წლიდან „უსაფრთხოების სამსახურში“ ოფიცრის სხვადასხვა თანამდებობებს იკავებს, 2006 წლიდან კი ხელმძღვანელ თანამდებობებს. 2005 წელს მან დე ფაქტო რესპუბლიკის „უსაფრთხოების სამსახურის“ ოპერატიული შემადგენლობის მომზადების კურსები გაიარა. მოგვიანებით კვალიფიკაცია რუსეთის ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურში აიმაღლა. 2008 წელს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გაიარა ჯერ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სპეციალურ ცენტრში, 2011 წელს კი - აკადემიაში. 2020 წლის 21 მაისს დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილისა და სასაზღვრო რაზმის უფროსის თანამდებობაზე ლატიპოვმა ნოდარ ჩაჩხიანი შეცვალა.

წინამორბედი: ნოდარ ჩაჩხიანი

ლატიპოვის წინამორბედი 2014 წლის 3 ნოემბრიდან  პოლკოვნიკი ნოდარ ჩაჩხიანი იყო. 1976 წლის 2 იანვარს გაგრის რაიონში დაბადებული ჩაჩხიანი 1997-2012 წლებში „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში” მსახურობდა, 2012 წლიდან კი „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის” სპეციალური დანიშნულების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. 2014-2020 წლებში იგი „სასაზღვრო რაზმის“ ხელმძღვანელი იყო. ჩაჩხიანი 2023 წლის 12 ივნისს გარდაიცვალა.

ლატიპოვის განცხადებები საოკუპაციო ხაზზე გადაადგილებასთან დაკავშირებით

ლატიპოვი პერიოდულად აკეთებს განცხადებებს საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით:

  • 2023 წლის 7 აპრილს ლატიპოვმა განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ე.წ. ენგურის სასაზღვრო-გამშვები პუნქტით გადაადგილებაზე აფხაზეთის მაცხოვრებლებს შეზღუდვები დაუწესდებოდათ. საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების შეზღუდვა თბილისში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან იყო დაკავშირებული. დე ფაქტო ხელისუფლება შიშობდა, რომ თბილისში მიმდინარე აქციებში გალის ეთნიკურად ქართული მოსახლეობაც მიიღებდა მონაწილეობას.
  • 2022 წლის 11 ოქტომბერს ლატიპოვმა ისაუბრა საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების წესებზე. მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების დროს აკავებენ მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ არც ქართული და არც აფხაზური „პასპორტი“ და „საზღვრის“ გადაკვეთას ძველი საბჭოთა პასპორტით ცდილობენ. ლატიპოვმა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მოქალაქეებს მოუწოდა შესაბამის დე ფაქტო სახელმწიფო უწყებებისთვის მიემართათ. მან ასევე განაცხადა, რომ ისინი უცხოეთის მოქალაქეებს არ აძლევენ უფლებას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის გავლით გადაადგილდნენ, რადგან საქართველოში არსებული კანონის მოთხოვნით, მათ დააკავებენ.
  • 2021 წლის 17 თებერვალს ლატიპოვმა ე.წ. ენგურის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, კოვიდ პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა. ლატიპოვის თქმით, პანდემიის პერიოდში დაფიქსირდა სამართალდარღვევები, რაც ძირითადად პენსიონერებს ეხებოდათ, რომელთაც სოციალური შემწეობის აღება სურდათ საქართველოს ტერიტორიაზე.
  • 2020 წლის 22 ოქტომბერს ლატიპოვი გამოეხმაურა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების შემთხვევას. მისი თქმით, ენგურზე „საზღვარი“ საღამოს 7 საათიდან დილის 7 საათამდე დაიკეტებოდა და მძარცველი ვერ შეძლებდა აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლას. მან ასევე განაცხადა, რომ ბანკის მძარცველის გადაადგილების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა.

ლატიპოვის საქმიანობა და რუსი ტურისტები

  • 2023 წლის 30 ივნისს ლატიპოვი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან ერთად  სოხუმის პორტში დახვდა რუსულ საკრუიზო ტურისტულ ლაინერს - „კნიაზ ვლადიმირ“, რომლითაც აფხაზეთს 81 რუსი ტურისტი ესტუმრა.
  • 2021 წლის 8 მაისს ლატიპოვმა განაცხადა, რომ ბჟანიასთან და დე ფაქტო ტურიზმის სამინისტროსთან კონსულტაციისას შეთანხმდნენ, რომ რუსეთიდან მომავალი ტურისტების ტრანსპორტს ე.წ. ფსოუს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დეტალურად აღარ შეამოწმებდნენ და მგზავრებს ტრანსპორტიდან ჩამოსხდომის  ვალდებულება აღარ ექნებოდათ. მსგავსი გადაწყვეტილება რუსი ტურისტების პრეტენზიებით იყო განპირობებული, რადგან ისინი ე.წ. საზღვარზე ხანგრძლივი შემოწმების პროცესს აპროტესტებდნენ.
Go BackGo Back