ახალი ამბები

ალექსეი ვარზიევი: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მთავარი „მზვერავი“

2023 / 08 / 02

ავტორი: ბექა ირომაშვილი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოქმედი „საგარეო დაზვერვის სამსახურის“ პირდაპირი მოვალეობაა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სადაზვერვო საქმიანობის წარმოება და დეზინფორმაციის გავრცელება. უკვე ექვსი წელია მას სათავეში ალექსეი ვარზიევი უდგას. ადგილობრივ მედიაში „დაზვერვის სამსახურის“ მუშაობის გააქტიურებას სწორედ მის საქმიანობას უკავშირებენ.

ვარზიევს ადგილობრივ მედიაში ხშირად აქებენ, ხაზს უსვამენ მის საქმიანობას და სპორტულ მიღწევებს. იგი ხელჩართული ბრძოლების ერთ-ერთ დისციპლინაში ორგზის ჩემპიონია. 2018 წელს დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ვარზიევს გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა, 2023 წლისთვის კი იგი უკვე გენერალ-ლეიტენანტია. მის შესახებ ღია წყაროებში მწირი ინფორმაციაა.

თანამდებობაზე დანიშვნა და სკანდალური წინამორბედი

ახალი ხელმძღვანელის დანიშვნამდე „საგარეო დაზვერვის სამსახური“, ხშირად ხვდებოდა ადგილობრივების ყურადღების ეპიცენტრში, რადგან მისი იმდროინდელი ხელმძღვანელი - სოსლან გატიკოევი აქტიურად იყო ჩართული ოკუპირებული რეგიონის შიდა პოლიტიკურ პროცესებში. 2014 წელს ის აქტიურად მონაწილეობდა არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნებში, 2017 წელს კი საკუთარ თავზე აიღო ლეონიდ თიბილოვის საარჩევნო კამპანიას წარმართვა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. ადგილობრივები ასევე სკეპტიკურად უყურებდნენ გატიკოევის კერძო დაცვის კომპანიების საქმიანობას ჩრდილოეთ ოსეთში, რამაც ის ოკუპირებული რეგიონის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად აქცია. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაციაც, რომ გატიკოევი ორმოცდაათიანელთა ეკლესიის მიმდევარი იყო.

2017 წლის 30 აგვისტოს, მას შემდეგ რაც გატიკოევმა თანამდებობა დატოვა, დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით, „საგარეო დაზვერვის სამსახურის“ ხელმძღვანელად ალექსეი ვარზიევი დაინიშნა. მედიაში აღნიშნავდნენ, რომ ვარზიევი „დაზვერვის სამსახურის“ გამოწვევებთან გასამკლავებლად და მისი ეფექტურობის გაზრდის მიზნით დაინიშნა. საყურადღებოა, რომ ვარზიევმა თანამდებობა 2022 წლის მაისის შემდეგაც შეინარჩუნა, როდესაც ოკუპირებული რეგიონის ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი გახდა.

საქართველო ვარზიევის ფოკუსში

2019 წლის 26 ივლისს რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურსა და „საგარეო დაზვერვის სამსახურს“ შორის  ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.  ვარზიევის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, რომელიც მოამზადებს კადრებს ფედერალურ დონეზე, ხელს შეუწყობს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და სადაზვერვო საქმიანობის გამოვლენისა და აღკვეთის საქმეში ეფექტურობას გაზრდის.

2021 წლის მოხსენებაში, ვარზიევი აღნიშნავდა, რომ რეგიონში მთავარ გამოწვევად საქართველოს  სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი რჩება.  ამავე დროს, ის ხაზს უსვამდა, რომ საქართველოს მხრიდან საფრთხის შემცველია სამხედრო-ბიოლოგიური ლაბორატორიები.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ ვარზიევი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ „დასავლურ ძალებს სურთ საქართველოს უბიძგონ მეორე ფრონტის გახსნისკენ. ქართველი ნაციონალისტები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან საქართველოს სხვა მოსახლეობას რადიკალური მოქმედებებისკენ მოუწოდებენ რუსეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ წინააღმდეგ“. მისივე თქმით, საქართველოში პოლიტიკურ თუ სამთავრობო წრეებში არის ხალხი, ვინც არ ეთანხმება ზოგადად ქართულ პოზიციას „სამხრეთი ოსეთის“, აფხაზეთისა და რუსეთის შესახებ.

ვარზიევის „მრჩეველი“

ცხინვალში 2019 წლის აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ვიზიტისას აფხაზური მედიის კადრში მოხვდა ვარზიევის „მრჩეველი“ ალექსეი მაქსიმოვი. იგი თანამდებობაზე ვარზიევმა მოიწვია. აფხაზური მედიამ და ტელეგრამ არხებმა მასობრივად დაიწყეს მაქსიმოვის გამოაშკარავება, აღმოჩნდა რომ ის ცნობილი თაღლითი და თვითმარქვია იყო. 2000-იან წლებში მის მიერ დაარსებული კომპანია ყალბ სამხედრო მედლებს ამზადებდა, ამასთან მაქსიმოვმა საკუთარი ბიოგრაფიაც გააყალბა. უცნობია, კიდევ არის თუ არა მაქსიმოვი ვარზიევის „მრჩეველი“.

ალექსეი ვარზიევი სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობს

ალექსეი ვარზიევი და ანატოლი ბიბილოვი

Go BackGo Back