ახალი ამბები

„ირ-ბაზალტ“: როდის დაიწყება ბაზალტის წარმოება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში

2023 / 08 / 01

ავტორი: ბექა ირომაშვილი

2023 წლის 3-4 მაისს რუსეთში გამართულ კავკასიის საინვესტიციო გამოფენაზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება სამშენებლო მასალების წარმოების საკითხს დაუთმეს. გამოფენაზე ცხინვალის რეგიონის სტენდი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმაც კი მოინახულა. სამშენებლო მასალების მიმართულებით გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კომპანია „ირ-ბაზალტ“ (Ир-Базальт), რომლის ქარხანაც რუსული დაფინანსებით აშენდა, თუმცა კომპანიას წარმოება ჯერ არ დაუწყია.

პროექტის შესახებ

კომპანიის ინტერნეტ გვერდის ინფორმაციით ბაზალტის, რომელიც სამშენებლო მასალების წარმოებაში გამოიყენება, მოპოვების იდეა  2012 წელს გაჩნდა, როდესაც გეოლოგიური კვლევების შედეგად სოფელ წრუსა და კროზაში (ორივე მდებარეობს ოკუპირებულ ჯავის რაიონში) ბაზალტის საბადოს არსებობა დადასტურდა. 2014 წელს კომპანიამ ცხინვალთან ახლოს, სოფ. ფრისში ქარხნის მშენებლობის ნებართვა მიიღო. პროექტის მიხედვით, კომპანიას უნდა აეშენებინა „ბაზალტის უწყვეტი ბოჭკოს საწარმოო ქარხანა“, სადაც უწყვეტი ბოჭკოს გარდა შესაძლებელი იქნებოდა არმატურისა და ბაზალტის საარმირე თოკების წარმოება.

პროექტის დაფინანსება

ბაზალტის ქარხნის მშენებლობა რუსეთის ფედერაციის მიერ დაფინანსებული „ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.  კომპანიის დირექტორის, რომან ჯიოევის განცხადებით, 2017 წელს „ირ-ბაზალტმა“ „Инвест Капитал“-სგან 10 წლის ვადით აიღო სესხი ბაზალტის წარმოების პროექტის განხორციელებისთვის, რომლის საერთო ღირებულება 238 მლნ რუბლი იყო.

დასაქმებულები

დაგეგმილია, რომ ქარხნის ექსპლუატაციის პირველ ეტაპზე მასში 50 ადამიანი დასაქმდება, ხოლო მოგვიანებით ქარხანას შეუძლია 100 ადამიანის დასაქმება. ვვარაუდობენ, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტში“ ქარხანა 60 მლნ რუბლზე მეტს შეიტანს.

პროექტის მასშტაბები

კომპანიის დირექტორის განცხადებით, პროექტის მასშტაბების თვალსაზრისით საკმაოდ დიდია, რადგან რუსეთში მსგავსი ქარხანა მხოლოდ ორი თუ მოიძებნება. წარმოებული პროდუქციის თვალსაზრისით ადგილობრივად მოპოვებული ნედლეული შეიძლება თავისუფლად შეედაროს უკრაინაში მოპოვებულ, „Погорнянское месторождение“-ის „ელიტურ“ ბაზალტს. 2018 წელს კომპანია აქტიურად სწავლობდა სოფ. ქვასათალაში (მდებარეობს ოკუპირებულ ცხინვალის რაიონში) არსებულ საბადოებსაც. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 80-100 წლის სამყოფი ბაზალტის მარაგია.

პროექტში ჩადებული ინვესტიციების რაოდენობიდან გამომდინარე პროექტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, როგორც ცხინვალში, ასევე მოსკოვში. დე ფაქტო პრეზიდენტი და რუსეთის ფედერაციის „დელეგაციები“ ხშირად სტუმრობენ ქარხანას. ქარხანა აფხაზეთის „დელეგაციამაც“ მოინახულა.  

პროდუქციის რეალიზაცია

2017 წელს „ირ-ბაზალტმა“ წინასწარი ხელშეკრულება გააფორმა რუსულ კომპანია «Базальтовые проекты»-სთან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რუსეთში ბაზალტის საარმირე თოკების გატანა.

როდის გამოუშვებს ქარხანა პროდუქციას?

თავდაპირველად პროდუქციის გამოშვება 2018 წლის ოქტომბერში იგეგმებოდა, თუმცა ქარხნის მშენებლობა რამდენჯერმე შეჩერდა. 2020 წლის სექტემბერში ქარხნის მშენებლობა განახლდა და უკვე 2021 წლის მაისში ქარხნის ამოქმედებას მხოლოდ კომუნიკაციების ქსელში ჩართვა უშლიდა ხელს. პროდუქციის გამოშვება კიდევ 2 წლით გაიწელა. 2023 წლის აპრილში დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა დააწესა თვენახევრის ვადა იმისთვის, რომ ქარხანა მიერთებოდა კომუნიკაციებს, შესაბამისად წარმოება ზაფხულში უნდა დაწყებულიყო. 30 ივნისს გაგლოევი კიდევ ერთხელ ეწვია ქარხანას. იგი იმედოვნებს, რომ წლის ბოლოს ქარხანა შეძლებს პროდუქციის გამოშვებას. შესაბამისად, პროექტის იდეის გაჩენიდან 11 წლის და ნებართვის მიღებიდან 9 წლის თავზე, ჯერ კიდევ გაურკვეველია როდის შეძლებს ქარხანა პროდუქციის გამოშვებას.

ეკოლოგიური საფრთხეები

კომპანიის ინტერნეტ საიტზე ცალკე გვერდი ეთმობა ეკოლოგიურ საკითხებზე ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც წარმოება გარემოსთვის უსაფრთხოა. ქარხნის ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე კომპანიის დირექტორი 2018 წელს საუბრობდა. რომან ჯიოევის თქმით, 100 კგ ბაზალტისგან მიიღება 97 კგ ბოჭკო, ხოლო დანარჩენი საწარმოო სითხეა, გარდა ამისა, ქარხანა უსაფრთხოა დასახლებებიდან 100 მეტრის დისტანციაზე. 2020 წელს პირდაპირ ეთერში ამაზე ისაუბრა იმდროინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმაც.

ეკოლოგები და აქტივისტები საუბრობდნენ, რომ არცერთ „სახელმწიფო“ კომიტეტს მშენებლობაზე ნებართვა არ გაუცია. ჩატარებული ექსპერტიზების წარმომავლობა კი საეჭვოა. ჩინოვნიკები კი საპასუხოდ ამბობენ, რომ როცა ქარხანა ექსპლუატაციაში ჩაეშვება, მხოლოდ მაშინ დაიწყებენ სპეციალური ხმაურისა და ეკოლოგიური ინდიკატორების გაზომვას.

Go BackGo Back