ახალი ამბები

რუსი ბიზნესმენი ტაიმურაზ ბოლოევი და მისი ბიზნესი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში

2023 / 08 / 14

ავტორი: ბექა ირომაშვილი

16 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ლუდსახარში კომპანია „ბალტიკას“ (Балтика) უცხოელი აქციონერების წილის სახელმწიფოსთვის „დროებით მმართველობაში გადაცემის“ ბრძანებას, რაც ფაქტობრივად კომპანიის ნაციონალიზაციას ნიშნავს. სახელმწიფო მართვაში გადაცემულ კომპანიას 18 ივლისს „БТК групп“-ის მფლობელი, წარმოშობით ოსი ბიზნესმენი, ტაიმურაზ ბოლოევი ჩაუდგა სათავეში. პუტინთან დაახლოებული ბოლოევი აქამდეც ედგა სათავეში „ბალტიკას“, თუმცა მისი სახელი იმ კომპანიასაც უკავშირდება, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც საქმიანობს.

ბიზნეს კარიერა

ტაიმურაზ ბოლოევი 1953 წელს ჩრდილოეთ ოსეთში დაიბადა. განათლება მოსკოვის კვების მრეწველობის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მიიღო. მისი განცხადებით, ლუდის წარმოებისკენ მიდრეკილება ყოველთვის ჰქონდა, რადგან ლუდი ოსური ნაციონალური სასმელია. 1984 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ბოლოევმა პირველი სამსახური სწორედ ლუდის წარმოების სფეროში იპოვა.

საბჭოთა კავშირის პერიოდი

„ბალტიკის“ პრეზიდენტობამდე ბოლოევი წარმატებით მოღვაწეობდა სხვადასხვა სექტორში, მათ შორის კვების მრეწველობაში. 80-იანი წლების პირველ ნახევარში ის მთავარ ტექნოლოგად მუშაობდა „სტეპან რაზინის სახელობის ლუდსახარშ ქარხანაში“, მეორე ნახევარში კი, ვსევოლოჟკის სამრეწველო კომბინატს ედგა სათავეში.

„ბალტიკა“

ბოლოევი „ბალტიკას“ 1991-2004 წლებში ხელმძღვანელობდა. საწყის ეტაპზე ლუდსახარში ნედლეულის არქონის გამო გაჩერებული იყო, მაგრამ საბოლოოდ ბოლოევმა ლუდსახარშის წარმოება 20-ჯერ გაზარდა. 1998 წელს „ბალტიკა“ სანქტ-პეტერბურგში უდიდესი გადასახადების გადამხდელად იქცა.  ამავე პერიოდში 2000 და 2004 წლების არჩევნებში ბოლოევი პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. 2000-იან წლებში მას მიანიჭეს რუსეთის საუკეთესო მენეჯერის ტიტული, ასევე სხვადასხვა ეროვნული პრემიები ბიზნეს სექტორში დამსახურებებისთვის. 2002 წელს ის გახდა მეწარმეობის საკითხებში რუსეთის მთავრობის საბჭოს წევრი.

კომპანია - „БТК“

2005 წელს ბოლოევი საკუთარ ბიზნესს იწყებს. „БТК“ ჰოლდინგი მისი პირველი კომპანიაა.  აბრევიატურა „БТК“, ბიზნესმენის ინიციალებს აღნიშნავს  (Боллоев Таймураз Казбекович) და წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც სხვადასხვა სფეროში მუშაობს.

2005 წელს ბიზნესმენმა სანქტ-პეტერბურგში ტანსაცმლის მწარმოებელი ორი კომპანია შეისყიდა და გააერთიანა. ახალი კომპანია - „БТК групп“ მაღალტექნოლოგიური სპეციალური ტანსაცმლის წარმოებაში სპეციალიზირდება. კომპანია პროდუქციით ამარაგებს სხვადასხვა ბიზნესს, სახელმწიფო სტრუქტურასა და ჯარს. კომპანიის კლიენტებს შორისაა: „აეროფლოტი“, „რუსეთის რკინიგზის ხაზები“, „გაზპრომი“, ალუმინის მწარმოებელი გიგანტი „რუსალ“, რუსეთის შს სამინისტრო, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი და ა.შ.  2007 წელს პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის სპეციალური ბრძანებით, „БТК групп“ რუსეთის ჯარისთვის ტანსაცმლის ერთადერთი მიმწოდებელი გახდა.

2008 წელს დაარსდა „БТК Девелопмент“, რომელიც სამშენებლო ინდუსტრიაში საქმიანობს.  2008 წელს ბოლოევი 100 ყველაზე გავლენიან რუსი ბიზნესმენის სიაში შევიდა. 2009 წელს პუტინმა ის სახელმწიფო კომპანია „ოლიმპსტროის“ პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა, აღნიშნული კომპანია სოჭის ზამთრის ოლიმპიადისთვის დეველოპერულ პროექტებს ედგა სათავეში.  2010 წელს ბოლოევმა მიიღო სამშენებლო სექტორში ერთ-ერთ საუკეთესო მმართველის წოდება, თუმცა  2011 წელს, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მან „ოლიმპსტროიში“ დატოვა თანამდებობა.

ქონება

ბოლოევის ქონებაზე ზუსტი მონაცემები არ არსებობს. 2016 წელს ბიზნესმენის ქონება 29,5 მლრდ. რუბლად, 2021 წელს კი მედია მის კაპიტალს 17,44 მლრდ. რუბლად აფასებდა. მისი ქონების დიდი ნაწილი „БТК групп“-ში საქმიანობას უკავშირდება.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქმიანობა

კომპანია „БТК групп“ 12 საწარმოო ხაზი - სანქტ-პეტერბურგში, ლენინგრადისა და როსტოვის ოლქებში, ბელარუსსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში აქვს გახსნილი. ჯამში კომპანია 5000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. ჰოლდინგი ოკუპირებულ ცხინვალში 2013 წლიდან საქმიანობს.  

2013 წელს ცხინვალში ახალი სამკერვალო საწარმო, „БТК 4“ გაიხსნა. ეს საწარმო 1962 წელს გახსნილი ცხინვალის სამკერვალო ფაბრიკის ბაზაზე აშენდა. საბჭოთა პერიოდში წარმოებაში 1200 ადამიანი იყო დასაქმებული, 1990-იან წლებში, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, ფაბრიკამ მუშაობა შეწყვიტა.   2013 წლის სექტემბერში ქარხანა „БТК групп“-ის ინვესტიციის შედეგად გარემონტდა და მუშაობა დაიწყო. ჯამში ფაბრიკამ 4 643 კვ.მ.-ის ფართობი მოიცვა, საიდანაც 500 კვ.მ. საწყობი სივრცეა. ფაბრიკა ასევე აერთიანებს ორ სამკერვალო  და ერთ საჭრელ საამქროს.

ცხინვალის სამკერვალო ფაბრიკა

ბოლოევის განცხადებით,  „БТК 4“ სოციალური პროექტია, რადგან ის დღემდე არაა მომგებიანი. 2020 წელს საწარმო 7 მლნ რუბლის ზარალზე გავიდა.

მსხვილი გადასახადების გადამხდელი, დამსაქმებელი, მწარმოებელი

2013 წელს კომპანიამ პასუხისმგებლობა აიღო, რომ ფაბრიკის აღდგენაში მინიმუმ 15 მლნ რუბლს დახარჯავდა და 150 ადამიანს დაასაქმებდა. 5 წლის თავზე, 2018 წლის მონაცემებით კომპანიამ ინვესტიციის სახით 54 მლნ რუბლის მობილიზება შეძლო და 609 ადამიანი დაასაქმა.

თუმცა სურათი შემდეგ წლებში შეიცვალა. 2020 წელს დასაქმებულთა რიცხვი  481-მდე,  2021 წელს 426-მდე, ხოლო 2022 წელს 402-მდე შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ საწარმოო მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება.  2022 წელს კომპანიამ ჯამში 50 976 ერთეული პროდუქტი გამოუშვა, ხოლო დასაქმებულებზე საშუალო ხელფასის სახით 39 ათასი რუბლი გასცა.

2013-2021 წლებში ადგილობრივ „ბიუჯეტში“ კომპანიამ გადასახადების სახით ჯამში 290 მლნ რუბლი შეიტანა. ამავე პერიოდში, ხელფასების სახით კი 1,1 მლრდ რუბლზე მეტი გასცა.  2023 წლის პირველ კვარტალში უმსხვილეს გადასახადების გადამხდელებს შორის „БТК 4“ მე-5 ადგილზეა.

БТК 4“-ის სამკერვალო ფაბრიკა

დე ფაქტო ლიდერებთან ურთიერთობები

ბოლოევი სანამ ცხინვალში საქმიანობას დაიწყებდა, მას მაშინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ გადასახადებისგან გათავისუფლების პირობა მისცა. იმავე ხაზს აგრძელებდა ლეონიდ თიბილოვიც. 2018 წელ, დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობაზე ანატოლი ბიბილოვის მოსვლის შემდეგ, ამ უკანასკნელსა და ბოლოევს შორის კონფლიქტი მოხდა ახალი საგადასახადო პირობების გამო -  „БТК-4“ ვალდებული იყო „ბიუჯეტში“ 40 მლნ რუბლი შეეტანა. საუბარი იყო წარმოების შეწყვეტაზეც, თუმცა ბიბილოვისა და ბოლოევის შეხვედრის შემდეგ სიტუაცია დალაგდა.

16 მარტს მოსკოვში პუტინთან ვიზიტის შემდეგ, დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ბოლოევსაც შეხვდა. მისი განცხადებით,  „БТК групп“ წარმოებას გააფართოებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე. 10 ივლისს გაგლოევმა, ჯავის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „БТК групп“ მუნიციპალიტეტში 100 სამუშაო ადგილს შექმნის, ხოლო საშუალო ხელფასი კი 40-60 ათასი რუბლი იქნება. გაგლოევმა ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმება ამ საკითხზე უკვე მიღწეულია. გაგლოევი 26 ივლისსაც შეხვდა კომპანიის ადგილობრივ წარმომადგენლებს და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის საკითხები განიხილა.

ალან გაგლოევის შეხვედრა თაიმურაზ ბოლოევთან

„БТК-4“-მა წელს ცხინვალში საქმიანობის დაწყების 10 წლის იუბილეც აღნიშნა. მოლოცვები კომპანიის თანამშრომლებმა გაგლოევისგან და პუტინისგანაც მიიღეს.

 

 

 

Go BackGo Back