ახალი ამბები

„ოთხოზორია - ტატუნაშვილის სია“: რა ვიცით სიის შესახებ

2023 / 10 / 30

ავტორი: ელენე მინდიაშვილი

2018 წელს საქართველოს მოქალაქე, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს, სასტიკად აწამეს, მოკლეს და მისი ცხედრის გადმოსვენებაზე სამი კვირის განმავლობაში უარს აცხადებდნენ. ეს საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმართ საზარელი მოპყრობის პირველი შემთხვევა არ არის. ორი წლით ადრე, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტის (სგპ) სიახლოვეს საქართველოს მოქალაქეს, გიგა ოთხოზორიას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ადგილზე სასტიკად მოკლეს.

ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის შემზარავმა შემთხვევამ ცხადჰყო, რომ საოკუპაციო რეჟიმისთვის „ერთჯერადი მკვლელობები“ არ არსებობს.

საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მკვლელობებზე პასუხისმგებელი პირების არა თუ დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად დასჯის, არამედ, საქმეების გამოძიების შესაძლებლობაც კი არ მიეცა, მრავალი მცდელობის მიუხედავად. არჩილ ტატუნაშვილის საქმის შემთხვევაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ უარი განაცხადა მისი შინაგანი ორგანოების, მობილური ტელეფონისა და ტანსაცმლის გადმოცემაზე, რომელიც მას წამების მომენტში ეცვა. ვერც იმ მოწმეების დაკითხვა მოხერხდა, რომლებიც საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე იმყოფებიან, მითუმეტეს ვერ მოხერხდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი საქმეში ბრალდებულთა დაკავება.  ჯერ კიდევ დაუსჯელია გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლიც.

მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ გაცხადდა ოკუპაციის თანმდევი სამართლებრივი დარღვევების სიმწვავე, საქართველოს ხელისუფლებამ მართლმსაჯულების აღდგენისა და სამომავლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებათა დაცვის მიზნით 2018 წლის 26 ივნისს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ დაამტკიცა, საქართველოს პარლამენტის იმავე წლის 21 მარტის N2070-II რეზოლუციის შესაბამისად.

წინამდებარე სტატია მიმოიხილავს თუ რამდენად ქმედუნარიანია მთავრობის გადაწყვეტილება სიის დამტკიცებიდან ხუთი წლის გასვლის შემდეგ, ვის და რა სიმძიმის დამნაშავეებს აერთიანებს სია და რამდენად ეფექტურია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სიაში შესულ დამნაშავეთა წინააღმდეგ გატარებული ზომები. 

გიგა ოთხოზორიას საქმე დეტალურად

2016 წლის 19 მაისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:30 საათზე, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი, ზუგდიდში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, 31 წლის გიგა ოთხოზორია სასტიკად მოკლეს.

მკვლელობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ოკუპირებული აფხაზეთის დამაკავშირებელ ხურჩა-ნაბაკევის სგპ-ს სიახლოვეს მოხდა მაშინ, როდესაც ოთხოზორიამ მისი ახლობლები სგპ-სთან მიიყვანა, რათა ნათესავის დაკრძალვისთვის ნაყიდი პროდუქტები საოკუპაციო ხაზის აფხაზეთის მხარეს გადაეტანათ. ოთხოზორია სგპ-ს თანამშრომლებთან მოსალაპარაკებლად მივიდა, რათა ბარგის გადატანაში დახმარებოდნენ, რის შემდეგაც მას ე.წ. მესაზღვრეებთან ადგილზე შელაპარაკება მოუვიდა „ე.წ. საზღვრის გადაკვეთისათვის არასაკმარისი დოკუმენტების წარდგენის გამო”, როგორც ამას მოგვიანებით აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურა განმარტავს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სამეთვალყურეო კამერების კადრების მიხედვით, კონფლიქტისთვის თავის არიდების მიზნით, ოთხოზორია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურჩის მიმართულებით უკან დაბრუნდა. თუმცა მას ოთხი პირი (რომლებთანაც მას უთანხმოება მოუვიდა) უკან დაედევნა, ერთ-ერთმა „მესაზღვრემ“ - რაშიდ კანჯი-ოღლიმ ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა კიდურებსა და მუცლის არეში ესროლა, ძირს დააგდო და თავის არეში საკონტროლო გასროლით სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანება მიაყენა. ოთხოზორია საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ქართულმა მხარემ შემთხვევაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრა, როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა, ბუნებრივია, უარყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო განცხადებაში ითქვა, რომ პასუხისმგებლობის რუსეთზე დაკისრება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ „თბილისმა ეს შემთხვევა, ჩვეულებისამებრ, იმისთვის გამოიყენა, რომ „რუსული ოკუპაციის“ თემაზე ახალ პროპაგანდაში ივარჯიშოს”.

აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურამ კანჯი-ოღლის წინააღმდეგ საქმე აღძრა და აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა. 2017 წლის 21 აპრილს მის წინააღმდეგ წარმოებული საქმის განხილვა შეწყდა და კანჯი-ოღლი შინაპატიმრობიდან გათავისუფლდა. პარალელურ რეჟიმში საქმეზე გამოძიება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ნაწილშიც მიმდინარეობდა. პროკურატურის იმდროინდელი განცხადების მიხედვით, „საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შემთხვევის ადგილიდან მოხდა ნივთიერი მტკიცებულებების ამოღება, დაიკითხა 36 მოწმე, დაინიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის კომპლექსური-ტრასოლოგიური, ბიოლოგიური, ქიმიური ექსპერტიზა, კომპლექსური-ბალისტიკური, ბიოლოგიური ექსპერტიზა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე გამოძიების ფარგლებში ამოღებული და გაშიფრული იქნა ვიდეოფირები, რომელზეც ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა ჩატარდა”.

პროკურატურამ რაშიდ კანჯი-ოღლის ბრალდება 21 მაისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით დაუსწრებლად წარუდგინა, რაც შესაბამისად ითვალისწინებს განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გამოტანილი იქნა დადგენილება ძებნის თაობაზე. ქ. ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ იგი 2016 წლის 26 დეკემბერს ხელთ არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით დამნაშავედ დაუსწრებლად სცნო და 12 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. სასჯელი მოგვიანებით საქართველოს პროკურატურამ ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა სადამსჯელო ღონისძიების „სიმსუბუქის“ მოტივით. სააპელაციო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და 2017 წლის 10 მარტს კანჯი-ოღლის პატიმრობის ვადა 14 წლით განისაზღვრა. კანჯი-ოღლი ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაშიც შეიყვანა. მალევე გავრცელდა ცნობები მისი სამსახურში დაწინაურების შესახებ, ასევე მისი საცხოვრებლად რუსეთში გადასვლასთან დაკავშირებითაც, თუმცა სანდო წყაროებით არცერთი ვერსია არ არის გამყარებული. ფაქტი მხოლოდ ის არის, რომ კანჯი-ოღლის ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხი არ უგია.

ოთხოზორიას მკვლელობიდან 2 წლის თავზე, 2018 წლის იანვარში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ოთხოზორიას ოჯახის წევრების სახელით შედგენილი საჩივრით მიმართა, სადაც მომჩივანი მხარე რუსეთის ფედერაციას ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ედავებოდა. 

ინდივიდუალურ სარჩელთან ერთად, იმავე წლის აგვისტოში, სახელმწიფოთაშორისი სარჩელიც გაიგზავნა საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში - „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ”. თუმცა ამ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული სარჩელი ოთხოზორიას საქმესთან ერთად არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებსაც ეხებოდა. სტრუქტურის იმდროინდელი განცხადების მიხედვით, ის „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას უკავშირდება, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მიმდინარე წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს”. აღნიშნული სარჩელით საქართველო ითხოვს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევაში დაადგინოს. კერძოდ რუსეთი – ოკუპაციით, „სასაზღვრო“ ნაგებობების განლაგებით და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიმართ წარმოებული მიზანმიმართული დაშინების კამპანიით,  ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების, ასევე საკუთრების უფლების, განათლების უფლების და მიმოსვლის თავისუფლების მუხლებს არღვევს.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დარღვევებს რუსეთის ფედერაციის დისკრიმინაციული პოლიტიკაც ამწვავებს რადგან აღნიშნული ქმედებები „მიზნად ისახავს ეთნიკური ქართველების  შევიწროებასა და დაშინებას, რათა ხელი შეუშალოს საქართველოს მოსახლეობის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნებას”. აღნიშნული სარჩელი ხუთი წლის განმავლობაში ელოდა წარმოებაში მიღებას, 2023 წლის აპრილში კი სასამართლომ სარჩელი დასაშვებად სცნო. საქმის წარმოებაში მიღება პროცედურულად არაფერს წყვეტს. ამით მხოლოდ ის დადასტურდა, რომ სარჩელის განხილვა გაგრძელდება და დაიწყება მისი შინაარსობრივი განხილვა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, დათა ჯავახიშვილის შეფასებით, ვინაიდან სარჩელის საკვანძო საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოში ინდივიდუალური სარჩელებიც შესულია (მაგ. არჩილ ტატუნაშვილის მშობლების სახელით) სახელმწიფოთაშორის საქმეში იგი ბრალდებებს მხოლოდ ადმინისტრაციული პრაქტიკის შესახებ განიხილავს. ცალკეულ შემთხვევებს კი როგორც ამის სავარაუდო ილუსტრაციას.

არჩილ ტატუნაშვილის საქმე დეტალურად

საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ დაბა ახალგორში უკანონოდ დააკავეს მის ნათესავებთან ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად. ამ დროს ე.წ. სასაზღვრო კონტროლი განსაკუთრებულად არ იყო გამკაცრებული და გადაადგილებაც შედარებით თავისუფლად შეიძლებოდა, ამიტომ, ახალგორიდან დევნილი ტატუნაშვილი საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში ნათესავების მოსანახულებლადაც ხშირად გადადიოდა და მცირე სამეწარმეო საქმიანობასაც ეწეოდა. საქმის მასალების თანახმად, ტატუნაშვილი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. მოსაბრუნში დააკავეს ჯგუფურად:  ახალგორის ე.წ. პროკურატურის პროკურორის თანაშემწემ დავით გურწიევმა, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ახალგორის განყოფილების უფროსმა ალიკ ტაბოევმა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშრომლებმა ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ჯერ ტატუნაშვილი, ხოლო მოგვიანებით პავლიაშვილი და ქუტაშვილი გადაიყვანეს ახალგორის რაიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის შენობაში, საიდანაც ტატუნაშვილი წამების მიზნით, გადასცეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს შეიარაღებულ თანამშრომლებს, რომლებმაც იგი წაიყვანეს ცხინვალში.

დაკავებიდან მეორე დღეს, 23 თებერვალს, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა განცხადება. „უშიშროების კომიტეტი“ იუწყებოდა, რომ დაკავებულმა ბადრაგებს წინააღმდეგობა გაუწია და იარაღი წაართვა, მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კი იგი კიბეებიდან დაგორდა და ქ. ცხინვალის საავადმყოფოში, სავარაუდოდ, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. აღნიშნული ვერსია რუსეთში ჩატარებულმა ექსპერტიზამაც დაადასტურა. ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული პავლიაშვილი და ქუტაშვილი 24 თებერვალს, უკანონო დაკავებიდან მესამე დღეს გაათავისუფლეს.

2018 წლის 14 ივნისს საქართველოს პროკურატურამ ტატუნაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და მის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა, ვინაიდან ისინი სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებას თავს არიდებდნენ. მათ ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, „ზ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით („წამებაში დახმარება, ესე იგი პირისათვის ისეთ მოპყრობაში დახმარება, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დასჯა მის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდული პირის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა“) და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და “გ” ქვეპუნქტით („თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ“). გურწიევი და ტაბოევი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილადაც გამოცხადდნენ.

ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზი რომ წამებაა, მისი ცხედრის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენების შემდეგ საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებული ექსპერტიზა ადასტურებს. ექსპერტიზა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ დაკვეთით ჩატარდა. ცენტრის ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განმარტებით, ექსპერტიზამ გამოავლინა, რომ ტატუნაშვილს სხეულის სხვადასხვა მიდამოში, მათ შორის, თავის და სასქესო ორგანოების არეში, დაზიანებები ხელკეტებით ჰქონდა მიყენებული, რამაც საბოლოო ჯამში, გამოიწვია „ტრავმული ნეიროგენული შოკი, რომელმაც მიიყვანა გულის სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობამდე და დადგა ადამიანის სიკვდილი“. „ემპათიამ“ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის სარჩელიც მოამზადა სადაც ის რუსეთის ფედერაციას ევროკონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ედავება. სარჩელი „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში 2018 წლის დეკემბერში მიიღო, თუმცა გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიღებულა.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“

საქართველოს ხელისუფლებას, ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის არარსებობის გამო ან არ შეუძლია სრულყოფილად ჩაატაროს გამოძიება ან/და არ გააჩნია განაჩენის აღსრულების ეფექტური მექანიზმი

2018 წლის 21 მარტს საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციური პარტია ევროპული საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ შექმნის თაობაზე 106 ხმით მხარი დაუჭირა. აღნიშნული რეზოლუციის თანახმად, საქართველოს მთავრობას დაევალა მიეღო ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მიერ სიაში შეყვანილ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის, სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის დადგენილების მიხედვით, აღნიშნული ვალდებულება იუსტიციის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს დაეკისრათ. „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სია“ 33 პირს აერთიანებს, რომლებიც 1991 – 2018 წლებში მხილებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დაგეგმილ ისეთ დანაშაულებებში, როგორიც არის მკვლელობა, გატაცება, წამება და ამ დანაშაულების დაფარვა. აღნიშნული სია „მაგნიტსკის აქტის“ პრინციპით არის შექმნილი.

რა არის მაგნიტსკის აქტი?

მაგნიტსკის აქტი 2012 წელს აშშ-ში ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში შემუშავებული და მიღებული სანქციათა პაკეტია ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ. იგი ამერიკული კომპანიის - „Hermitage Capital Management”-ის აუდიტორის, სერგეი მაგნიტსკის სახელს ატარებს, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების კორუფციულ სქემებს იძიებდა. მაგნიტსკი 2009 წელს გადასახადებზე თავის არიდების ბრალდებით დააპატიმრეს და მოგვიანებით, იგი საპყრობილეში გარდაიცვალა. როგორც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, მისი გარდაცვალების მიზეზი არასაკმარისი სამედიცინო დახმარების გაწევა გახდა. ამ შემთხვევიდან სამი წლის შემდეგ, სერგეი მაგნიტსკის დამქირავებელი ზემოაღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელის, ბილი ბროუდერის აქტიური ლობიზმის შედეგად, აშშ-მა მიიღო სანქციათა აღნიშნული პაკეტი, რომლის ფარგლებშიც სპეციალური სანქციები დაუწესა მაგნიტსკის გარდაცვალების საქმეში მონაწილე პირებს. 2016 წელს აქტი გაფართოვდა და შეზღუდვები შეეხო სხვა ქვეყნების მოქალაქეობის მქონე პირებსაც. შემდგომში, მაგნიტსკის აქტის ანალოგები კანადაში, ესტონეთში, ლიეტუვაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ლატვიაში მიიღეს.

საერთაშორისო რეაგირება და უთანხმოება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სიის გარშემო

„ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ შესახებ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმატებული თანამშრომლობის მიუხედავად, მისი დამტკიცების შემდეგ, სიის შემადგენლობამ ოპოზიციის მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია. ოპოზიციის მტკიცებით, მთავრობამ  სიაში არც დანაშაულებში მონაწილე რუსეთის ფედერაციის რომელიმე მოქალაქე და არც ოთხოზორიას საქმეში პასუხისმგებელი მაღალი თანამდებობის პირები არ შეიყვანა. მათ ნაცვლად კი მთავრობას გარდაცვლილი ადამიანები ჰყავდა შეყვანილი, რასაც ხელისუფლება, თავის მხრივ, უარყოფდა. ამგვარი უთანხმოების მიუხედავად,   საქართველოს შესახებ 2018 წლის 14 ივნისს მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტმა წევრ ქვეყნებს მოუწოდა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილი პირების მიმართ სანქცირების მექანიზმი აემუშავებინა, უფრო ზუსტად, შავ სიაში შეეყვანათ ისინი. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო აშშ-მაც - 2020 წლის 29 დეკემბერს წარმომადგენელთა პალატამ “საქართველოს მხარდაჭერის აქტი” მიიღო, რომლითაც აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებას სანქციების ამოქმედება დაევალა იმ პირების მიმართ, ვინც საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მასშტაბურ დარღვევებში, მათ შორის, ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელობის თანამონაწილეობაში იყვნენ ბრალდებულნი. ევროკავშირისა და აშშ-ის კონგრესის შემდეგ, 2019 წლის 23 იანვარს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარდაჭერა გამოუცხადა ევროსაბჭომაც.

რადგანაც ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულმა სიამ საერთაშორსო მხარდაჭერა მოიპოვა და გაჩნდა პერსპექტივა, რომ საერთაშორისო სანქცირების ბერკეტი გარდაქმნილიყო  საოკუპაციო ძალების მხრიდან რეგულარული ძალადობისა და სასტიკი დანაშაულების აღმოსაფხვრელ ეფექტურ ბერკეტად, ქართული ოპოზიცია მეტი ძალისხმევით შეუდგა ხელისუფლებისგან მოთხოვნას სიაში შეეყვანათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობებსა და გატაცებებში პასუხისმგებელი მაღალი თანამდებობის პირები და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, თუმცა უშედეგოდ.

რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის გავლენა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე

2022 წლის მარტში რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვის გადაწყვეტილებამ საქართველოში გარკვეული კითხვები გააჩინა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოდან შესულ სარჩელებთან დაკავშირებით. ევროსაბჭოდან გარიცხვის შემდეგ რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეს ვეღარ წარმოადგენს და შესაბამისად რუსეთმაც შეწყვიტა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება და მათი აღიარების თაობაზე ანგარიშგება. თუმცა, ევროპის საბჭოს მტკიცებით აღნიშნული გარემოება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქმეების წარმოებას ვერ შეაფერხებს, რადგან, გარიცხვის მიუხედავად რუსეთი კვლავაც ვალდებულია აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილებები საქმეებზე, რომელთა წარმოებაც 2022 წლის 16 სექტემბრამდეა დაწყებული.

ინფორმაცია „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაში“ მყოფი პირების შესახებ

დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი - ბრალად ედებათ კოლეგებთან ერთად ჯერ არჩილ ტატუნაშვილის, მოგვიანებით კი იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტიაშვილის უკანონო თავისუფლების აღკვეთა ჯგუფურად, ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშრომლებთან ერთად. მათ, ტატუნაშვილი კოლეგებს გადასცეს, რომლებმაც იგი ქ. ცხინვალში გადაიყვანეს და 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობის გამო სასტიკად აწამეს - მიაყენეს სხეულის 100-ზე მეტი სხვადასხვა სახის დაზიანება, რის შედეგადაც ტატუნაშვილი გარდაიცვალა.

იოსებ პავლიაშვილი და ლევან ქუტაშვილი, 2018 წლის 24 თებერვალს ე.წ. დროებითი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ უკანონოდ ჰქონდათ თავისუფლება აღკვეთილი და ვერ გადმოდიოდნენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 2018 წლის 11 მარტამდე.

რაშიდ კანჯი – ოღლი - სოფ. ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა - ნაბაკევის სგპ-თან, 2016 წლის 19 მაისს მოკლა საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია.

სლავიკ  ბადია - ბრალად ედება 2001 წლის 2 ივნისს, გალის რაიონის სოფელ ოტობაიას ტერიტორიაზე, დაუდგენელ პირებთან ერთად 3 ავტომანქანისა და აღნიშნული ავტომანქანების მგზავრთა გატაცება.

რაულ კოსტავა - იყო სამასამდე პირისგან შემდგარი ბანდიტური დაჯგუფება ე.წ. „ფოქვეშის ბატალიონის“ მეთაური, რასაც ბრალად ედება 1992 წლის აგვისტოდან-1993 წლის ოქტომბრამდე მიმდინარე კონფლიქტის დროს სამშობლოს ღალატი, ბანდიტიზმი და სხვა მძიმე დანაშაულები, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული ხელშეუხებლობის, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვისუნარიანობის საზიანოდ იყო მიმართული.

ზაურ ჭითანავა - ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მან 1997 წლის 04 თებერვალს, მეზობლების - გალის რაიონის სოფ. ჭუბურხინჯში მცხოვრები დემიკო ძიგუას, ნანი ძიგუას, მზია ჭითანავასა და სხვა პირების განზრახ მოკვლის მიზნით, მოხსნა დამცავი რგოლი ხელყუმბარას და გადააგდო ზემოაღნიშნული პირების მიმართულებით.

ციბრონა (ეკა) ახალაია - იყო 12-კაციანი ბანდიტური უკანონო შეიარაღებული ფორმირების ხელმძღვანელი. დაჯგუფება 1998 წლის 02 ივნისს თავს დაესხა გალის რაიონის სოფ. ფიჩორის მოსახლეობას, გაანადგურეს კერძო საკუთრება, უშუალოდ მან განსაკუთრებული სისასტიკით ამავე სოფლის მკვიდრის თანდასწრებით, ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებელი.

ოთარ ტურნანბა და ალიკა წაბრია - ბანდიტური უკანონო შეიარაღებული ფორმირების სხვა წევრებთან ერთად, თავს დაესხა გალის რაიონ სოფელ კოხორას, სადაც 1998 წლის 21 მაისს ანგარების მოტივით ორი ადამიანი რაულ მიანაევი და გარჩხი მინაევი გაიტაცეს და განსაკუთრებული სისასტიკით ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

რუსლან ჯოპუა, როზა მირცხულავა, დიმიტრი არშბა, ვლადიმერ გუნია, ალხაზ მირცხულავა, გია ტუჟბა - 1998 წლის მაისში, ჩამოაყალიბეს 12-კაციანი შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფება, ქართველი მოსახლეობის გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მიზნით თავს დაესხნენ გალის რაიონის სოფელ გუდავას, რა დროსაც განსაკუთრებული სისასტიკით და ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე მშობლის ლ. კაზარიანის თანდასწრებით მოკლეს თენგიზ ღვინჯილია, ძმები მამუკა და ნუგზარ ბარქაიები.

გენრიხ ჭანბა - შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფების წევრმა 1998 წლის 6 ივლისს გალის რაიონის  სოფელ მზიურში  ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე  გენრიხ ჭანბამ  ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დამამძიმებელ გარემოებებში მოკლა ნუგზარ დავითაძე.

ვლადიმერ ანუა - ჩამოაყალიბა უკანონოდ შეიარაღებული სხვადასხვა ეროვნების ,,ბოევიკებისაგან“ შემდგარი 70-კაციანი ბანდიტური დაჯგუფება და 1998 წლის 20 მაისს თავს დაესხნენ გალის რაიონის სოფელ რეფი-ხუმუშკურს, რა დროსაც დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით, ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე ორგანიზება გაუკეთა და მიიღო მონაწილეობა ამავე სოფლის მცხოვრებლების განზრახ მკვლელობებში.

ზაურ ცეცხლაძე - ზაურ  თარბა-ცეცხლაძემ, პირადად ჩამოაყალიბა უკანონოდ შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფება, 1998 წლის 5 ივნისს სოფელ ჭუბურხინჯში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება რამდენიმე ადგილობრივ მაცხოვრებელს. მანვე და მისმა დაჯგუფებამ გაანადგურეს ქართველების კერძო საკუთრებაც.

გენადი  აშხაცავა, გელა ვანაჩა - ისინი ე.წ. „გაგრის ჯგუფის“ აქტიური წევრები იყვნენ, რომლებსაც არაერთ დანაშაულში ედებათ ბრალი.

ოთარ ფალავანძია, ოლეგ პაპასკირი - მათ 1993 წლის 27 სექტემბერს ტყვედ აყვანილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა (თავდაცვის) საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

აფრიკან ბგანბა, ვახტანგ უბირია, ვლადიმერ ნაჩაჩ – ოღლი - ბრალად ედებათ 2001 წლის ზაფხულში, ქ. გაგრაში ლევან მამასახლისის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და მის მიმართ ძალადობა.

შურიკ კოკოსკერია - 1996 წლის 24 თებერვალს გაგრის რაიონ სოფელ ალახაძეში, ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე დანით მიაყენა  ჭრილობები გულ-მკერდის არეში თამარ შელიას, რომელიც გარდაიცვალა.  მოგვიანებით იგი ხელმძღვანელობდა ე.წ. აფხაზური მილიციის ოცეულს, რომელიც ტერიტორიულად განლაგებული იყო გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში.

ლევ ბიჩენოვი - 1999 წლის 05 იანვარს, ლევ ბიჩენოვმა, უჩა გოიაევმა და ასლან გაზაევმა სოფელ აძვიდან 15 წლის ელზა ბალამწარაშვილის მოტაცებისას სხეულის დაზიანება მიაყენეს მამას ვლადიმერ ბალამწარაშვილს. მოტაცებული გადაიყვანეს სოფელ აძვისთავში. ელზა ბალამწარაშვილის გათავისუფლებისას ლევ ბიჩენოვმა პოლიციელს ვ. ჩალაურს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

გია თუაევი, ფისო ვაზაგოვი - 1992 წლის 24 იანვარს თავს დაესხნენ არგვიცში მცხოვრებ ბაგრატ მარიამიძეს, გაიტაცეს იგი და წაიყვანეს სოფელ ფრისში, სადაც დაკავებული ჰყავდათ ერთი დღის განმავლობაში, რა დროსაც მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და მის ახლობლებს მოსთხოვეს მისი გამოსასყიდი 300 000 მანეთი.

თამაზ ბესტაევი - 2006 წლის 23 ივლისს, სოფელ მუგუთთან თამაზ ბესტაევმა, შურისძიების მოტივით, ჯ. დურგლიშვილს განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც დურგლიშვილმა მიიღო დაზიანება ზურგის არეში.

რამჩიკ ფუხაევი - 2008 წლის 26 მარტს, მან სოფ. ატოცში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება მოქალაქეებს: სპარტაკ მიჩელს და ვლადიმერ გიორგაძეს, რომლებიც გადაიყვანა ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და საგუშაგოზე ჰყავდათ დაახლოებით 3 საათის განმავლობაში.

არკადი ძარანოვი - 2007 წლის 2 ივნისს სოფ. წნელიდან გაიტაცეს როსტომ ნოზაძე და ვასილ გელაშვილი, რომელთა გათავისუფლების სანაცვლოდ ითხოვდნენ 5000 ლარის გადაცემას.

ზურაბ დუდაევი - 1991 წლის 22 ნოემბერს, სოფ. დმენისთან გამავალი ერედვი–ვანათის სამანქანო მაგისტრალზე ზურაბ დუდაევმა და მასთან მყოფმა პირებმა მძევლად ხელში ჩაიგდეს მერაბ და გიორგი ჯინიყაშვილები, გურამ ვალიევი, დინორ ხადური, ხოლო წინააღმდეგობის გაწევის გამო, დუდაევმა მოკლა ხადური. მძევლები გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფ. დმენისში.

„ოთხოზორია - ტატუნაშვილის სია“ არსებობის ხუთი წლის განმავლობაში არც გაფართოებულა და არც მასში შემავალი რომელიმე პირი დაუკავებიათ. ოპოზიციის განცხადებით კი, სიაში მყოფი ზოგიერთი პირი უკვე გარდაცვლილიც არის.

დასკვნის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციის მიერ ფაქტის უარყოფისა, იგი დღემდე რჩება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალად და მას სრული პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობებზე, ისე ყველა სხვა აქამდე განხორციელებულ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ხელყოფის ფაქტებზე ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ისევე, როგორც „ბორდერიზაციის“ განგრძობით პროცესსა და უკანონო დაკავებების პრაქტიკაზე. ოთხოზორიას და ტატუნაშვილის მკვლელობები კი საოკუპაციო რეჟიმის თვისებრივი ილუსტრაცია გახლავთ.

Go BackGo Back