ახალი ამბები

„ქართველი დივერსანტები“ ოკუპირებულ აფხაზეთში: რა მოხდა?

2023 / 11 / 14

ავტორი: არსენ არაქელოვი

8 ნოემბერს, 21:03 საათზე რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმერ სოლოვიოვმა თავის ტელეგრამ არხზე განცხადება გამოაქვეყნა. სოლოვიოვი წერდა: „აფხაზეთში საქართველოდან გადავიდა დივერსიული ჯგუფი, რომლის შემადგენლობაც 50 კაცამდეა“. სოლოვიოვი ირწმუნებოდა, რომ დივერსიული ჯგუფის მიზანი „სოხუმის აეროპორტში“ ტერაქტის მოწყობა იყო, მას კი ეს ინფორმაცია მიაწოდა დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროდან ანონიმურმა წყარომ. აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურდა, სოლოვიოვმა კი თავისი განცხადება რამდენიმე საათში ტელეგრამ არხიდან წაშალა.

დე ფაქტო უწყებების რეაგირება

სოლოვიოვის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობაში ეჭვები გამოიწვია. აფხაზურ ტელეგრამ არხებში ადგილობრივი მოსახლეობა შეშფოთებული წერდა იმის შესახებ, თუ როგორ შეეძლო რუს ჟურნალისტს აღნიშნული ინფორმაცია უფრო ოპერატიულად სცოდნოდა და გაეზიარებინა, ვიდრე დე ფაქტო ძალოვან უწყებებს. სოლოვიოვის განცხადების შემდგომ, დაახლოებით 20 წუთში კი ე.წ. შს მინისტრმა, რობერტ კიუტმა რუსულ საინფორმაციო სააგენტოს - „Спутник“ დაუდასტურა აღნიშნული ინფორმაცია.

კიუტის თქმით, გულრიფშის რაიონში ადგილობრივმა მონადირეებმა შენიშნეს 7 ადამიანი, რომლებიც იყვნენ ეკიპირებული ამერიკული ავტომატური შაშხანით - M4, ეცვათ შავი ფორმა, ეკეთათ ნიღბები და ჩაფხუტები. ამასთან, მონადირეებისა და შემდგომში კიუტის მტკიცებით, დივერსიულ ჯგუფს სადაზვერვო დრონიც ჰქონდათ, რომელიც იმ მიდამოებში დაფრინავდა. კიუტმა განცხადებაში დასძინა, რომ სოხუმამდე მისასვლელი ყველა გზა ჩაკეტილი იყო.

ამ განცხადების შემდგომ, ღამის 12 საათზე, კიუტმა კვლავ „სპუტნიკთან“ განაცხადა, რომ იმ დროისთვის არ დასტურდებოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსიული ჯგუფის ყოფნა. ამის პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, დე ფაქტო მთავრობამ ოპერატიული შტაბი შექმნა, რომელსაც ბადრა გუნბა, ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა.

9 ნოემბერს, დილით, კიუტი კვლავ გამოვიდა განცხადებით. მან თქვა, რომ მთელი ღამის განმავლობაში დე ფაქტო უწყების თანამშრომლები საძიებო სამუშაოებს ატარებდნენ, თუმცა დივერსიული ჯგუფის აღმოჩენა ვერ მოხერხდა და ინფორმაცია კვლავ არ დასტურდებოდა. კიუტის თქმით, საძიებო პროცესში ჩართული იყო ავიაციაც.

საძიებო სამუშაოები

დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დივერსიული ჯგუფის ძებნა გულრიფშის რაიონში შემდგომ დღესაც გაგრძელდა, ხოლო საბოლოოდ 10 ნოემბერს დასრულდა. ე.წ. სამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 8 ნოემბერს დე ფაქტო უწყებას მიეწოდა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გულრიფშის რაიონში, სოფ. აზანთას მახლობლად შესაძლოა ყოფილიყო შეიარაღებულ ადამიანთა ჯგუფი. ამის საპასუხოდ, ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ, „უსაფრთხოების სამსახურმა“ და დე ფაქტო შსს-მ კომპლექსური ღონისძიებებით კრიტიკულ ინფრასტრუქტურებთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტეს, გააძლიერეს რაიონის უსაფრთხოება და აწარმოეს სადაზვერვო სამუშაოები. დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა საბოლოოდ განაცხადა, რომ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ოპერატიული ინფორმაცია არ დადასტურდა, რითიც, ფაქტობრივად, დასრულდა საძიებო სამუშაოებიც.

გულრიფშის რაიონის ის ტერიტორია, რომლის არეალშიც მიმდინარეობდა დივერსიული ჯგუფის ძებნა

გამოხმაურებები აფხაზეთში

აფხაზურ საზოგადოებასა და ტელეგრამ არხებში სოლოვიოვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სხვადასხვანაირად აღიქვეს. საზოგადოების ნაწილში იგრძნობოდა დაძაბულობა. როგორც იწერებოდა, ადგილობრივ სამხედრო კომისარიატებთან ადამიანთა გარკვეული ნაწილიც კი შეგროვდა. ამის მიუხედავად, ძირითადად, ეს ინფორმაცია მაინც არ იყო სერიოზულად აღქმული.

პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობა შეშფოთებას გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით, რომ „ქვეყნის“ უსაფრთხოების საკითხის შესახებ არა დე ფაქტო უწყებებიდან გაიგეს, არამედ სოლოვიოვისგან. შემდგომ დღეებში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებაც, თუ რამდენად ორგანიზებულად მუშაობს „უსაფრთხოების სამსახური“, თუკი შესაძლო დივერსიული ჯგუფის შესახებ ინფორმაციას რუსი ჟურნალისტისგან იგებენ.

ამასთან, საზოგადოებაში გაჩნდა შეკითხვები იმის თაობაზეც, თუ სად იყო განვითარებული მოვლენების დროს დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია. ტელეგრამ არხებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი სამუშაო ვიზიტით რუსეთში იმყოფებოდა, რაც კიდევ უფრო დიდ აღშფოთებას იწვევდა, რადგანაც უკვე არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მნიშვნელოვანი მოვლენებისას ბჟანია მოსკოვში იმყოფებოდა. ბჟანიას მოსკოვში ვიზიტი კი 9 ნოემბერს ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ბჟანია მოსკოვში 7 ნოემბერს, განვითარებულ მოვლენებამდე ერთი დღით ადრე გაემგზავრა. 

ამ მოვლენების პარალელურად, 9 ნოემბერს რამდენიმე პოლიტიკურმა და სამოქალაქო ორგანიზაციამ გაავრცელეს 2023 წლის 2 აგვისტოთი დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცა დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმერ ანუამ. დოკუმენტში ჩამოთვლილი იყო ე.წ. თავდაცვის სამინისტოს თანამშრომლებისთვის „ტოიოტას“ მარკის, ძვირადღირებული „ჯიპის“ ტიპის ავტომობილების შესყიდვის შესახებ ბრძანება. ორგანიზაციები თავის განცხადებაში ამით გამოეხმაურნენ გულრიფშის რაიონში მიმდინარე მოვლენებსაც, გააკრიტიკეს „ძალოვანი უწყებები“ და აღნიშნეს, რომ ე.წ. შსს არ უნდა ასრულებდეს „უსაფრთხოების სამსახურის“ ფუნქციას, ძვირადღირებულ ავტომობილებში დახარჯული თანხა კი უნდა მომსახურებოდა ე.წ. თავდაცვის ძალების მოდერნიზაციას.

განცხადებაში შეაფასეს ძალოვანი უწყებების რეაგირებაც და აღნიშნეს, რომ არაკომპეტენტურად გავრცელებული ინფორმაცია უარყოფითად მოქმედებს მოსახლეობაზე, მიანიშნებს ძალოვანი უწყებების დაბალ პროფესიონალიზმზე და „ცუდ იმიჯს ქმნის სტრატეგიულ მოკავშირეებში“. „შედეგად, განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა ძირეული რეფორმების აუცილებლობა აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების უწყებებში“ - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული განცხადების შემდგომ, ტელეგრამ არხებში გავრცელდა სწორედ იმ ძვირადღირებული ავტომობილების სურათები, რომლითაც გადაადგილდებოდნენ ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნები საძიებო სამუშაოების დროს.

საძიებო პროცესში ჩართული მაღალჩინოსნების ავტომობილები გულრიფშის რაიონში

შეფასება

8-9 ნოემბერს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კონკრეტული ვერსიის მტკიცება, თუ რატომ დასჭირდა რუსეთს ან/და დე ფაქტო მთავრობას აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება, რთულია, რადგან სიტუაციამ საბოლოოდ კომიკური იერიც კი შეიძინა.

აფხაზურ საზოგადოებაში ის ეჭვი, რომ აღნიშნული სცენარი რუსეთის მთავრობის კარნახით დაიწყო, რამდენიმე მოსაზრებას ეყრდნობა. პირველი ფაქტი არის ის, რომ ამ ინფორმაციამდე რამდენიმე საათით ადრე გახდა ცნობილი, რომ ევროკომისია რეკომენდაციას გასცემდა საქართველოს მინიჭებოდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ტელეგრამ არხებში ფიქსირდებოდა ის აზრი, რომ რუსეთის მთავრობას „აფხაზი ხალხის ხელებით“ სურდა გარკვეული პრობლემა შეექმნა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის მათთვის საზეიმო დღეს.

ამას თან სდევს ის ფაქტიც, რომ ეს ინფორმაცია გაავრცელა რუსმა პროპაგანდისტმა სოლოვიოვმა. მას ახლო კავშირი გააჩნია როგორც ბჟანიასთან, ასევე ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან, ინალ არძინბასთან იმისთვის, რომ ოპერატიული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, მათთვის მიეწოდებინა ეს. ამის ნაცვლად, სოლოვიოვმა ეს ინფორმაცია საჯაროდ განაცხადა, რომელიც თავადვე წაშალა რამდენიმე საათში. მეორე ვერსიის შემთხვევაში კი, დე ფაქტო უწყებამ ოპერატიული ინფორმაციის გაგებისთანავე მიაწოდა ეს სოლოვიოვს და არა ადგილობრივ მედიას, რაც ასევე უცნაურად აღსაქმელი გახდა ადგილობრივებისთვის.

აფხაზურ ტელეგრამ არხებში გაიჟღერა იმ ვერსიამაც, რომ რუსეთს აფხაზეთის დასჯა სურდა იმისათვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად ეწინააღმდეგება „კანონმდებლობის“ შეცვლას და რუსი, კერძო ინვესტორებისთვის მიწების შესყიდვის უფლების მიცემას. მოსახლეობა „კონსპირაციულ თეორიებს“ იმ ფაქტებზეც აგებს, რომ ბჟანია ამ დროს უკვე მოსკოვში იმყოფებოდა, კიუტს კი მედიიდან მხოლოდ „სპუტნიკთან“ ჰქონდა ურთიერთობა და არა რომელიმე ადგილობრივ მედიასთან. აღსანიშნავია, რომ „უსაფრთხოების სამსახურს“ თავის ვებგვერდზე ამ დრომდე არ უდევს განცხადება ამ მოვლენებთან დაკავშირებით.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სოლოვიოვმა „დივერსიული ჯგუფის“ სამიზნედ სწორედ „სოხუმის აეროპორტი“ დაასახელა, რომლის აღდგენის შესახებ დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, ამა წლის 27 ოქტომბერს, ამ მოვლენებამდე 2 კვირით ადრე გახდა ცნობილი. აეროპორტს აღადგენს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილი. მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, 9 ნოემბერს ბჟანია სწორედ უფროს ნურგალიევს შეხვდა.

ადგილობრივ მედიაში იწერებოდა იმის შესახებაც, რომ შესაძლოა ქართველების სამიზნე საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის კუთვნილი თვითმფრინავის - „Як-40“ ხელში ჩაგდება ყოფილიყო, რომელიც „სოხუმის აეროპორტში“ დგას. თუმცა, მიუხედავად ამ არაერთი კონსპირაციული თეორიისა, მათ შორის, თუ როგორ შეძლეს მონადირეებმა შორიდან ამოცნობა M4 - ის ტიპის შაშხანის, საბოლოოდ, ჯერჯერობით რთულია საუბარი იმის შესახებ, თუ რას ემსახურებოდა აფხაზური საზოგადოების დიდ ნაწილში კომიკურად და „ტრაგიკულად“ შერაცხული განვითარებული მოვლენები.

Go BackGo Back