ახალი ამბები

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი: მხარეთა შეფასებები

2023 / 12 / 10

ავტორი: ელენე მინდიაშვილი

5-6 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 59-ე რაუნდი გაიმართა. შეხვედრას საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეები 2023 წელს მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს, პროცესი კი ტრადიციულად ორი სამუშაო ჯგუფის ფორმატში - უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების გარშემო წარიმართა. შეხვედრას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამეგობრობის ორგანიზაციისა (ეუთო) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) წარმომადგენლები თანათავმჯდომარეობდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასება

შეხვედრას ქართული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. დელეგაციამ დღის წესრიგში სამი საკვანძო საკითხი დააყენა. მთავარი მოთხოვნა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა იყო. საქართველოს დელეგაციამ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ აღნიშნული შეთანხმების დარღვევისა და ჩადენილი დესტრუქციული ქმედებებით გამოწვეული ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ პრობლემებს. ხაზი ასევე გაესვა ბოლოდროინდელ ინციდენტს -  საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. აძვში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას, რასაც ქართული მხარე რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობის მორიგ დასტურად აფასებს. შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში ღირსეულად დაბრუნების საკითხიც წამოჭრა, თუმცა საკითხი არ განხილულა ვინაიდან შეხვედრის რუსმა, აფხაზმა და ოსმა მონაწილეებმა მოლაპარაკების მაგიდა დატოვეს.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასება

აფხაზეთის „დელეგაციას“ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ირაკლი ტუჟბა ხელმძღვანელობდა. „დელეგაციის“ შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ე.წ. საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ავიძბა, ამავე „სამინისტროს“ ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არტურ გაგულია, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ თავმჯდომარის მოადგილე ზაალ ხვარცკია, დე ფაქტო პარლამენტის ვიცე სპიკერი ასტამურ არშბა და ე.წ პარლამენტის დეპუტატი ბატალ ჯოპუა.

აფხაზური მხარის მთავარი მოთხოვნა კვლავ საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერა იყო. ქართული მხარის უარს აღნიშნულ დოკუმენტზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით კი, აფხაზი წარმომადგენლები, საქართველოს მიერ სამშვიდობო პროცესისთვის ხელის შეშლას უწოდებენ. მათ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში შეხვედრების მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ IPRM-ის შეხვედრების ოკუპირებულ ქ. გალში გამართვის პრაქტიკის აღდგენა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილზე უსაფრთხოების ვითარების გაუმჯობესებას. აფხაზეთის „დელეგაციამ“ საერთაშორისო იზოლაციაზეც ისაუბრა. მათი თქმით, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, აფხაზეთში გაცემულ პასპორტებს საერთაშორისო საზოგადოება საერთაშორისო გადაადგილების დოკუმენტად არ ცნობს.

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასება

მოლაპარაკებაზე ცხინვალის რეგიონის „დელეგაციას“ დე ფაქტო პრეზიდენტის „მრჩეველი“ კონსტანტინ კოჩიევი ხელმძღვანელობდა.

ოსურმა მხარემ შეხვედრაზე ხაზი ე.წ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მნიშვნელობას გაუსვა, ქართულ მხარეს კი, ამ პროცესის ხელშეწყობისკენ მოუწოდა, რათა „საბოლოოდ შეწყდეს პროვოკაციები და საოკუპაციო ხაზის მიზანმიმართული თუ უნებლიე გადაკვეთის ფაქტები“. მათ ყურადღება ნატო-საქართველოს სამხედრო და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზეც გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ „მეზობელი ქვეყნის“ ნატოსთან დაახლოება მათთვის რეგიონული სტაბილურობის გამოწვევად აღიქმება და საფრთხეს წარმოადგენს დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოებისთვის.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასება

რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი  ხელმძღვანელობდა. იგი სამინისტროში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია. რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების უზრუნველყოფას, და მის  იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებით გაფორმებას. რუსული მხარის განცხადებით, ნატოს ინტენსიური სამხედრო წვრთნები საქართველოს ტერიტორიასა და შავ ზღვაში, დოკუმენტის აქტუალობას საგრძნობლად ზრდის. რუსეთის დელეგაციამ აღნიშნა, რომ, ინციდენტების მიუხედავად,  საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საზღვრებთან სტაბილურად მშვიდი ვითარებაა, თუმცა დასძინა ისიც, რომ აუცილებელია კონსენსუსი შედგეს ე.წ საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე, რაც რუსეთის შეფასებითაც, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია.

შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციამ ისევე, როგორც დე ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენლებმა, მხარი ამჯერადაც დაუჭირა აფხაზური მხარის ინიციატივას ოკუპირებულ ქ. გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში შეხვედრების აღდგენის შესახებ. ქ. გალში IPRM-ის ბოლო, 57-ე შეხვედრა 2018 წელს მას შემდეგ ჩაიშალა, რაც რუსმა და აფხაზმა მონაწილეებმა შეხვედრა საქართველოს წარმომადგენლებთან უთანხმოების გამო დატოვეს. უთანხმოება კი შეხვედრის დღის წესრიგში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის შეტანას მოჰყვა. რუსეთის დელეგაციამ კვლავ დაგმო გაეროს, მათი ინტერპრეტაციით, „პოლიტიზებული“ რეზოლუცია ლტოლვილებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით.

შეხვედრის შემდეგ, პრესრელიზში, მხარეთა წარმომადგენლებმა ერთხმად აღნიშნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ორგანიზებული „ცხელი ხაზის“ ეფექტურობა და IPRM-ის ფორმატის შეხვედრების მნიშვნელობა გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში.

თანათავმჯდომარეების შეფასება

დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა მოლაპარაკების შემდეგ კომუნიკე გამოაქვეყნეს, სადაც მოიწონეს მხარეების მზაობა და ძალისხმევა კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში გადაჭრან დღის წესრიგში მდგარი გამოწვევები. მიუხედავად ამისა, თანათავმჯდომარეების შეფასებით, ვერ მოხერხდა ჰუმანიტარული საკითხების განხილვა, ვინაიდან რუსეთის ფედერაციის, ისევე, როგორც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა მოლაპარაკების მაგიდა დატოვეს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო, რიგით მე-60 რაუნდი 2024 წლის აპრილში ჩაინიშნა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) ფორმატი შეიქმნა. დისკუსიები წელიწადში ოთხ რაუნდად, ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილება. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით იმართება. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

Go BackGo Back