ახალი ამბები

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 116-ე შეხვედრა: შეფასებები

2023 / 12 / 15

ავტორი: ელენე მინდიაშვილი

2023 წლის 13 დეკემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 116-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი დიმიტრიოს კარაბალისი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ვიორელ მოშანუ თანათავმჯდომარეობდნენ.

თანათავმჯდომარეების შეფასებები

თანათავმჯდომარეებმა, უპირველეს ყოვლისა, დაგმეს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. კირბალის მიმდებარედ მომხდარი ინციდენტი - საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურის მკვლელობა და აღნიშნეს, რომ IPRM-ის ფორმატის შეხვედრის თითოეული მხარისთვის პრიორიტეტად კონფლიქტით დაზარალებული საზოგადოების უსაფრთხოება და ამ ტიპის ინციდენტების თავიდან არიდება უნდა დარჩეს, ვინაიდან მხოლოდ ასე შეიძლება ადგილზე უსაფრთხო და სტაბილური ვითარების შენარჩუნება.

თანათავმჯდომარეებმა IPRM-ის ფორმატის შეხვედრების მნიშვნელობაზე ხაზგასმისას აღნიშნეს, რომ ინციდენტის შემდეგ გამართული საგანგებო შეხვედრა დაძაბული ვითარების განსამუხტად განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა. ცხადია, არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ მართული „ცხელი ხაზის“ მექანიზმიც, რაც ინციდენტების დროს მხარეებს შორის ინფორმაციის მყისიერად გაცვლისა და შესაბამისი რეაგირების ერთადერთი საშუალებაა.

თანათავმჯდომარეებმა კვლავ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა გადაადგილების სრული თავისუფლების დამყარების მიმართ, მხარეებს წარმოუდგინეს ამ მიმართულებით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები და მოუწოდეს, მომავალი სადესასწაულო პერიოდის განმავლობაში საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე არსებული რეგულაციები შეამსუბუქონ.

თბილისის შეფასება

შეხვედრების საერთო დინამიკის ფონზე, 116-ე შეხვედრა შედარებით მძიმე და ხანგრძლივი აღმოჩნდა. ეს მიმდინარე წლის 6 ნოემბერს მომხდარმა მკვლელობამ განაპირობა, რაც შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი იყო. ინციდენტთან დაკავშირებით განსხვავებული იყო მხარეთა პოზიციებიც და ინციდენტის ინტერპრეტაციის ვარიანტებიც.

როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ, შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა,  ქართულ მხარეს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდა. პირველი თამაზ გინტურის მკვლელობას ეხებოდა. ქართული მხარისთვის მართლმსაჯულების აღსრულების ყველაზე ლოგიკური გზა დამნაშავეთა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემაა. გამოძიება თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის (რომელიც გინტურთან ერთად იმყოფებოდა) უკანონო დაკავების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, 109-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნულ ფაქტებზე ანთაძის თქმით, გამოძიების პრეროგატივა, პირველ რიგში, მკვლელების იდენტიფიცირებაა. ქართული მხარის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მოთხოვნა ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 5 მოქალაქის გათავისუფლებაა, თუმცა როგორც ანთაძემ განაცხადა, ამ საკითხზე რაიმე კონკრეტული დაპირება შეხვედრაზე არ გაჟღერებულა.

ცხინვალის შეფასება

„პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილემ“ და შეხვედრაზე „სამხრეთ ოსეთის დელეგაციის“ ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა სამ ძირითად საკითხზე ისაუბრა. თამაზ გინტურის მკვლელობის შემთხვევა მან ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის საჭიროების პრიზმაში განიხილა და აღნიშნა, რომ ოსური მხარე ოფიციალურ თბილისს ყოველ შეხვედრაზე მოუწოდებს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში თანამშრომლობისკენ, ქართული მხარე კი მოწოდებას ყოველ ჯერზე უგულებელყოფს. უკანასკნელი ინციდენტი, კოჩიევის თქმით, სწორედ ამ უგულებელყოფის შედეგია. „რაც შეეხება იარაღის გამოყენებას, „მესაზღვრეები“ იმ ინსტრუქციების მკაცრი დაცვით მოქმედებდნენ, რომლებიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია მიღებული“ - განაცხადა კოჩიევმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის „დელეგაციის“ დღის წესრიგში კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ჩორჩანა-წნელისის, როგორც ოსური მხარე უწოდებს, „უკანონო“ საგუშაგოს. მათ კვლავ მოითხოვეს საგუშაგოს დემონტაჟი, რომელიც „ხელს უშლის ადგილზე უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შენარჩუნებას“. კოჩიევმა უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ცხინვალის რეგიონის საჰაერო სივრცის უკანონო დარღვევის ფაქტებზეც ისაუბრა და კვლავ დაგმო ეს განმეორებითი პროცესი.

რა არ შეიცვალა შეხვედრიდან შეხვედრამდე

არ შეცვლილა მდგომარეობა და მხარეთა პოზიციები ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოსთან დაკავშირებით. ცხინვალის ციხეში კი კვლავ რჩება უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები.

შემდეგი შეხვედრა

მხარეების შეთანხმებით, მომდევნო, 117-ე შეხვედრა, 2024 წლის 13 თებერვალს გაიმართება.

2009 წლის თებერვალში, ჟენევის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნის თაობაზე, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. აღნიშნული ფორმატის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მიზანია კონკრეტულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მისი აღმოფხვრა. ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი შეუფერხებლად ფუნქციონირებს, აფხაზეთის მიმართულებით კი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ დროებით შეწყვეტილია. IPRM- შეხვედრებს თანათავმჯდომარეობენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები.

Go BackGo Back