ახალი ამბები

რუსული ენის შემსწავლელი ცენტრები ოკუპირებულ გალსა და ახალგორში

2024 / 01 / 19

ავტორი: ანდრო კვიჟინაძე

2023 წლის 6 და 9 ივნისს ოკუპირებულ გალსა და ახალგორში რუსული ენის შემსწავლელი „ღია განათლების ცენტრები“ გაიხსნა. გახსნის ცერემონიებს რუსეთის „დიპლომატიური კორპუსისა“ და ე.წ. ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ცენტრების გაცხადებული მიზანია „მოსწავლეებისთვის რუსულის ისე სწავლება, რომ მათ საუბარი და წერა შეეძლოთ თავდაჯერებულად და სირთულის გარეშე“. გარდა ამისა, იგეგმება ოკუპირებული გალის მოსახლეობისთვის  „რუსული ენის ტრადიციებისა და თავისებურებების გაცნობა“. ასევე, ორგანიზაცია გეგმავს „მასებზე გასვლას და რუსულის, როგორც ყოველდღიური კომუნიკაციის საშუალების, განვითარებას“.

ცენტრების ადმინისტრაციის განცხადებით, მათი მიზანია, რომ წლის ბოლომდე თითოს ჰყავდეს 300-მდე კურსდამთავრებული. ცენტრის პროგრამები ამავდროულად განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, რომლებიც აპირებენ სწავლის რუსულ უნივერსიტეტებში გაგრძელებას, რისთვისაც სპეციალური სტიპენდიებია გამოყოფილი.

ორივე ოკუპირებულ რეგიონში პროექტი განხორციელებულია სამხრეთ რუსეთში მდებარე არმავირის პედაგოგიური სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. აღნიშნული უნივერსიტეტის თანამშრომლები არიან დასაქმებულები ცენტრებში.

„ღია განათლების ცენტრის“ გახსნის ცერემონია ოკუპირებულ გალში

რა არის „ღია განათლების ცენტრი“?

„ღია განათლების ცენტრები“ რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს „განათლების განვითარების“ პროგრამის გლობალური ინიციატივის ნაწილია, რის შედეგადაც ათობით „რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილ“ სახელმწიფოში გაიხსნა აღნიშნული დაწესებულებები. იგი რუსული რბილი ძალის ინსტრუმენტია და რუსეთის გავლენის საერთაშორისოდ გავრცელებას ემსახურება. ოფიციალურად, ცენტრების ფუნქციაა გლობალურად „გაავრცელონ ინფორმაცია და ჩაატარონ საგანმანათლებლო ღონისძიებები რუსული ენის, ლიტერატურის, კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების შესახებ“.

ღია განათლების ცენტრის“ გახსნის ცერემონია ოკუპირებულ ახალგორში

რუსული ენის ცენტრები ოკუპირებულ რეგიონებში

შემთხვევითი არაა, რომ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში რუსული ენის ცენტრები გაიხსნა არა ე.წ. დედაქალაქებში, სოხუმსა და ცხინვალში, არამედ უშუალოდ გალში და ახალგორში, ოკუპირებულ რეგიონებში ძირითადად ეთნიკურად ქართველებით დასახლებულ რაიონებში. ორივე ცენტრი 2023 წლის ივნისში გაიხსნა, როდესაც მსგავსი ცენტრები ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა, რუსეთის ათობით მოკავშირე თუ სატელიტ სახელმწიფოში გაიხსნა.

იმ მოცემულობის ფონზე, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წლებია უკვე სრულიად აკრძალულია ქართულად სწავლა-განათლება, მსგავსი ცენტრების უშუალოდ ეთნიკურად ქართველებით დასახლებულ რაიონებში გახსნა, ქართული კვალის გაქრობისა და რუსიფიკაციის კიდევ ერთ მცდელობად შეიძლება ჩავთვალოთ.

Go BackGo Back