ახალი ამბები

„ერთხელ აფხაზეთში“: პირველი აფხაზური კომედიური სერიალი

2024 / 01 / 24

ავტორი: არსენ არაქელოვი

2023 წლის 13 ოქტომბერს „მეგაფონის“ მფლობელობაში არსებულ ონლაინ კინოთეატრში - „Start” აფხაზური კომედიური სერიალის - „ერთხელ აფხაზეთში“ პრემიერა გაიმართა. გადაღებები ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობდნენ, როგორც ადგილობრივი მოსახლება, ასევე რუსეთში მოღვაწე ეთნიკურად აფხაზი და სომეხი მსახიობები.

რა ვიცით სერიალის შესახებ?

სერიალის გადაღების პროცესი 2021 წელს დაიწყო. სერიალის თავდაპირველი სახელწოდება იყო  „დამოუკიდებელი“. სერიალის მთავარი გმირის როლს თეიმურაზ ტანია ასრულებს, რომელმაც რუსეთში პოპულარობა 2005 წელს „მხიარულთა და საზრიანთა კლუბში“ მონაწილეობით მოიპოვა. ტანია „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ გუნდში ირიცხებოდა, რომელმაც 2005 წელს ჩემპიონობა გაიყო მოსკოვის გუნდთან - „მეგაპოლისი“. ამის შემდგომ, ტანია სხვადასხვა რუსულ კომედიურ პროქტებსა და სერიალებში მონაწილეობდა.

სერიალი 8 სერიისგან შედგება, სადაც ჩანს აფხაზეთის დე ფაქტო სტრუქტურებში არსებული კორუფცია, „ქურდული სამყაროსა“ და ბიზნესინტერესების როლი „სახელმწიფოს მართვის“ პროცესში, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში სხვადასხვა შეფასებები გამოიწვია. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ თვითლუსტრაციას დადებითი შედეგი აქვს, ხოლო საზოგადოების მეორე ნაწილს მიუღებლად მიაჩნია შიდა პრობლემების „სააშკარაოზე გამოტანა“.

მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი და მთავრობა უარყოფითად არის წარმოჩენილი, სერიალის დასაწყისში გაფრთხილებაა, რომ ყველა დამთხვევა შემთხვევითია. მეტიც,  ყოველი სერიის დასრულების შემდეგ, სერიალის შემქმნელები პირად მადლობას უცხადებენ დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას, დე ფაქტო საგანგებო სიტუაციათა მინისტრს, ლევ კვიცინიას, ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელ ხელმძღვანელს, რობერტ კიუტსა და სხვა დე ფაქტო უწყებათა ხელმძღვანელებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და სერიალის ბოლო სერიის მიხედვით, იგეგმება სერიალის მეორე სეზონის გადაღებაც.

სერიალის სიუჟეტი

მთავარი გმირი, თეიმურაზი, დე ფაქტო საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თანამშრომელი- მეხანძრეა, რომელსაც ძალიან მაღალი მორალური პრინციპები აქვს. თავად ტანია საკუთარი პერსონაჟის დახასიათებისას ამბობს, რომ რეალურ ცხოვრებაში ის თავის გმირს არ ჰგავს სწორედ ამ მიზეზის გამო, რადგან თეიმურაზი უკომპრომისოა. გადამღებმა ჯგუფმა შექმნა რიგითი მეხანძრე, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა მისი თანამშრომლისგან, არ იღებს ქრთამს, არ არის ჩართული კორუფციულ საქმიანობაში, რის გამოც იგი ორი შვილით თავისი მეუღლის სახლში ცხოვრობს. თეიმურაზის ცოლ-შვილის გარდა, სახლში ცხოვრობენ ოჯახის სხვა წევრებიც, რაც დიასახლისს დისკომფორტს უქმნის.

თეიმურაზ ტანია თეიმურაზის როლში

გმირის ცხოვრება მკვეთრად იცვლება, როდესაც გარკვეული გარემოების შემდეგ, თეიმურაზი აღმოაჩენს, რომ ე.წ. პრეზიდენტი გადაწყვეტს მოაწყოს რადიოაქტიური ნარჩენების საწყობი დახურულ შახტში, რომელშიც თეიმურაზის ბაბუა დაიღუპა. ე.წ. პრეზიდენტს ამ გარიგებით დიდი თანხის მიღება სურს, აღნიშნულ ბიზნესს გერმანელებთან აწარმოებს, ხოლო მათი შუამავალი კი ეთნიკურად თურქი პირია. თურქი ბიზნესმენი „პრეზიდენტის“ დაშანტაჟებასაც ცდილობს იმ ფაქტით, რომ „პრეზიდენტის“ შვილი სწორედ ამ გერმანულ კომპანიაში მუშაობს.

 „პრეზიდენტის“ როლის შემსრულებელი

ამ ამბის გაგების შემდგომ, თეიმურაზი გადაწყვეტს შეეწინააღმდეგოს ე.წ. პრეზიდენტს, იგი დაუკავშირდება „ოპოზიციას“ და ისინი ერთად მოაწყობენ საპროტესტო აქციას „პრეზიდენტის სასახლესთან“. თეიმურაზის მტკიცებით, შახტი ავარიულ მდგომარეობაშია, დაგროვილი ქიმიური ნარჩენები კი მომწამვლელი იქნება ყველასთვის. საბოლოოდ, თეიმურაზი მიიღებს დაპირებას „პრეზიდენტისგან“, რომ შეიქმნება ამ საკითხის საგამოძიებო კომისია, რომლის წევრიც იგი თავად იქნება. მიუხედავად ამისა, „ოპოზიცია“ მოატყუებს შეკრებილ საზოგადოებას და გადაწყვეტს სასახლის შტურმით აღებას, ამ პროცესს კი თავად თეიმურაზი შეაჩერებს.

საპროტესტო აქცია „პრეზიდენტის სასახლესთან“

შემდგომ, თეიმურაზი მიხვდება, რომ „პრეზიდენტის“ გეგმაში არ არის სამართლიანი გამოძიება, „ოპოზიციას“ კი საკუთარი ბიზნესინტერესი გაუჩნდება. დე ფაქტო შსს გამოძიებას დაიწყებს და შეეცდება მის დაკავებას, რის გამოც თეიმურაზი გადაწყვეტს „საპრეზიდენტო არჩევნებში“ იყაროს კენჭი და ამით მოიპოვოს იმუნიტეტი და შედეგად მიიღოს ხელშეუხებლობის გარანტია. მეორე მხრივ, „პრეზიდენტიც“, პროექტის დამტკიცებისთვის, ხელმეორედ გადაწყვეტს იყაროს კენჭი.

სერიალის მიმდინარეობისას თეიმურაზი მყარად დგას საკუთარ პოზიციაზე, რის გამოც დაზარალდებიან მისი ახლობლები, რომლებიც ასევე აფხაზური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ტიპური სახეებით არიან წარმოჩენილები.

თეიმურაზის მამა „ქურდულ სამყაროსთან“ დაახლოებული პირია, მას პატივს სცემენ, იგი ერთგვარი ავტორიტეტია, თუმცა დაგროვილი ვალების გამო, მას პრობლემები აქვს ამავე სამყაროს წევრებთან. მეუღლის ძმა ნარკომომხმარებელია, რაც აფხაზური საზოგადოებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, სიდედრი კი სკოლის მასწავლებელია. მისი უახლოესი მეგობარი ეთნიკურად სომეხია, რომელიც ასევე ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თანამშრომელია. მას ასევე ჰყავს „ქურდულ სამყაროსთან“ დაახლოებული მეგობარი და კიდევ ერთი მეგობარი, რომელიც მცირე მეწარმეა, რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ კი ცდილობს აფხაზეთში საკუთარი ბიზნესი ჰქონდეს, თუმცა ვერ ეგუება აფხაზური ბიზნესის კეთების „წესებს“.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა მაყურებელმა მსგავსება იპოვა აფხაზურ სერიალსა და უკრაინულ კომედიურ სერიალს - „ხალხის მსახური“ შორის. უკრაინულ სერიალში მთავარ გმირს უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თამაშობს, რომლის პერსონაჟიც დაახლოებით მსგავს გზას გადის და საბოლოოდ, ქვეყნის პრეზიდენტი ხდება. მეტიც, სერიალის შემდეგ, აფხაზურ ტელეგრამ არხებში განიხილებოდა თეიმურაზ ტანიას შესაძლო რეალური „გაპრეზიდენტებაც“, მსგავსად ზელენსკისა.

სერიალის მნიშვნელოვანი თემები

სერიალში საკმაოდ ხშირად კეთდება აქცენტი იმ პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე, რომლებიც აფხაზური საზოგადოებისთვის მგრძნობიარეა. სავარაუდოდ, სწორედ ასეთი მგრძნობიარე საკითხების წარმოჩენა გახდა ორაზროვნების გაჩენის მიზეზი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მოუგვარებელი საკითხი აფხაზებისთვის ენერგეტიკის საკითხია, რაც სერიალში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გვევლინება. სერიალში ხშირად ჩანს საზოგადოების უკმაყოფილება ელექტროენერგიის ხშირ გათიშვასთან დაკავშირებით, რის გამოც თეიმურაზი თავის „საპრეზიდენტო კამპანიის“ ფარგლებში აქტიურად შეეხება კრიპტოვალუტის „მაინინგის“ საკითხს. აფხაზეთში ენერგოკრიზისის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სწორედ, კრიპტოვალუტის მოპოვების გამო ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნაა.

კრიპტოვალუტის მაინინგის საკითხს სერიალში თან სდევს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე აფხაზური ენერგეტიკის გაყიდვის საკითხი, რაც აფხაზური საზოგადოებისთვის ასევე ძალიან მგძნობიარეა. მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა თავად ვერ უზრუნველყოფს საჭირო ოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავებას და რუსეთისგან ყიდვა უწევს, ადგილობრივებისთვის მიუღებელია უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე კერძო ინვესტორისთვის ენერგოობიექტების მიყიდვა.

თეიმურაზი აფხაზეთში რუსეთის „ელჩთან“ მიდის ელექტროენერგიის სათხოვნელად, რათა დროებით ელექტროენერგია რუსეთმა მიაწოდოს აფხაზეთს, რაზეც „ელჩი“ თეიმურაზს უარით ისტუმრებს. სერიალში რუსეთის „ელჩის“ როლს „Sputnik Абхазия“-ს მთავარი რედაქტორი, დმიტრი ნეზდოროვინი თამაშობს. იგი სულ ორჯერ ჩანს ეკრანზე, ერთ-ერთი ეპიზოდისას კი ნეზდოროვინი რუსეთის „საელჩოში“ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პორტრეტის ფონზე ჩანს.

დმიტრი ნეზდოროვინი რუსეთის „ელჩის“ როლში

ენერგეტიკის სფეროს გაყიდვის საკითხი სერიალში საინტერესოდ და თვითირონიით არის ნაჩვენები. უშუქობის პირობებში, „პრეზიდენტი“ და მისი ოპონენტები ქუჩაში, ერთ-ერთ სკვერში არიან შეკრებილები, სადაც ნარდის მოთამაშე ამომრჩევლებს უხსნიან ენერგეტიკის გაყიდვის ავკარგიანობას. ამ საკითხს სერიალის სცენარისტებმა ხუმრობაც მიუძღვნეს. ერთ-ერთ ეპიზოდში „გაიშნიკს“ (საგზაო ინსპექტორი) გაჩერებული ჰყავს ავტომობილი და მეპატრონეს სთავაზობს მისივე მართვის მოწმობის ყიდვას. პასუხად ავტომფლობელი პასუხობს „გაიშნიკს“ – „კი მაგრამ, ეს ჩემი მართვის მოწმობაა, სხვას როგორ უნდა მიჰყიდო?“, რაზეც „გაიშნიკი“ პასუხობს - „ენერგეტიკაც ჩვენია, თუმცა იყიდება“.

ასევე, სერიალში ძალიან ხშირად ვისმენთ ფრაზებსა და პერსონაჟების მოგონებებს „აფხაზი ხალხის სამამულო ომის“ შესახებ (ოკუპირებულ აფხაზეთში ასე მოიხსენიებენ 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს). ისინი ხშირად ახსენებენ ერთმანეთს იმ ფაქტს, რომ ერთად იბრძოდნენ. სერიალში „შს მინისტრი“ ომის ვეტერანია და მიუხედავად იმისა, რომ იგი მთავარ გმირს, თეიმურაზს ებრძვის, მათი უშუალო საუბრისას ჩანს, რომ ისინი ერთმანეთს პატივს სცემენ. სიტუაცია განსხვავდება თეიმურაზის მეგობრის, ბიზნესმენის შემთხვევაში, რომელიც ომის დროს რუსეთში იყო, ახლა კი მას ყველა ახსენებს ამ ფაქტს და ხშირად აკნინებენ ამის გამო. აქ ნათლად ჩანს, რომ მიუხედავად სხვადასხვა პოზიციისა, ისეთ პატარა საზოგადოებაში, როგორიც აფხაზურია, განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს ვეტერანის სტატუსი.

სერიალში სცენარისტებს სურდათ აფხაზეთი ეჩვენებინათ, როგორც მრავალკულტურული და მრავალრელიგიური „ქვეყანა“. ერთ-ერთი ეპიზოდისას, როდესაც მნიშვნელობას იძენს ერთიანობა, ნაჩვენებია ერთდროულად სინაგოგა, მეჩეთი და სომხური ეკლესია.

სერიალში ნაჩვენებია ახალგაზრდა თაობაც, რომელსაც არ აინტერესებს პოლიტიკა მანამ, სანამ თეიმურაზის მრჩეველი (მოსკოვიდან ჩამოსული ახალგაზრდა გოგო) არ იპოვის მათთან საერთო ენას, რომელიც გამოიხატება პლატფორმაში - „TikTok“, რაც სავარაუდოდ ასახავს აფხაზი ახალგაზრდების ნაწილის ცხოვრების სტილსა და ინტერესებს. საინტერესოა, რომ თეიმურაზი ახალგაზრდების ჩართულობით წინასაარჩევნოდ დანერგავს სოციალური გამოკითხვის მეთოდსაც.

ზოგადად, სერიალში ნაჩვენებია „არჩევნების“ ის პროცესი, რომელიც დამახასიათებელია არადემოკრატიული გარემოსთვის და ნიჰილიზმში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რაც რიგ ეპიზოდებში ნათლად ჩანს. ერთ-ერთი ეპიზოდისას, როდესაც უკვე „არჩევნები“ მიმდინარეობს, მოქმედი „პრეზიდენტის“ მხარდამჭერები ცდილობენ ე.წ. კარუსელის სქემით გააყალბონ „არჩევნები“. თეიმურაზის მეგობრები ცდილობენ შეებრძოლონ მათ, ერთმანეთში საუბრისას კი დეტალურად საუბრობენ ამ სქემაზე.

ერთ-ერთი პერსონაჟი კი, რომელიც ხანში შესულია და ასევე არ არის დაინტერესებული პოლიტიკით, ამბობს შემდეგ ფრაზას - „ჩემი ცხოვრების მანძილზე 4 პრეზიდენტი მახსოვს და არცერთი იყო კარგი“. საქმე ისაა, რომ ბჟანია დე ფაქტო რესპუბლიკის რიგით მეხუთე პრეზიდენტია. შესაძლოა, სერიალის შემქნელებს სურდათ ბჟანიასთვის პატივი ეცათ და მხოლოდ ოთხი „პრეზიდენტი“ ახსენეს, თუმცა ასევე საეჭვოა სერიალის შემქნელებს ვლადისლავ არძინბა, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი და ოკუპირებულ აფხაზეთში პატივსაცემი ადამიანია, აუგად მოეხსენებინათ.

სერიალში ჩანს ტრადიციული სუფრაც, ხინკალი, ხაჭაპური და სხვადასხვა ტრადიციული კერძი, სუფრაზე მოლხენისას კი ხშირად გვესმის აფხაზურ ენაზე შესრულებული სიმღერები და სადღეგრძელოები. მიუხედავად იმისა, რომ სერიალი რუსულ ენაზეა, სწორედ ასეთ მომენტებში, როგორიცაა ტრადიციული სუფრა და ლოცვა, პერსონაჟები აფხაზურ ენაზე იწყებენ საუბარს.

ტრადიციული სუფრა

სერიალში - „ერთხელ აფხაზეთში“ სააშკარაოზე არის გამოტანილი აფხაზური საზოგადოების ბევრი სოციალური და პოლიტიკური პრობლემა. „ქურდული მენტალიტეტი“, „ქურდული სამყაროს“ ჩართულობა „არჩევნებში“, ბიზნესინტერესები, კორუფცია, ბრძოლა ძალაუფლებისთვის და ნარკოდამოკიდებულება, რომლის კრებითი სახეც თეიმურაზის ნარკომომხმარებელი ცოლის ძმა - ხასიკია. სცენარისტებს თითქოს სურდათ კომედიური სტილის გადმოცემით ლუსტრირება მოეხდინათ ამ პრობლემების. მაგალითად, იმავე ხასიკს გმირები ხშირად ახსენებენ ნარკოდამოკიდებულების ფაქტს, აუგად მოიხსენიებენ მას, რითიც ცდილობენ საზოგადოებას საკითხის პრობლემურობა უჩვენონ.

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის ასევე პრობლემურია ეკოლოგიური საკითხები. შახტში ბიოქიმიური ნარჩენების შენახვა, თითქოს სპეციალურად არის შერჩეული და აჩვენებს საზოგადოებას იმ რეალობას, რომელშიც კორუმპირებული „მთავრობის“ წევრები ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ ანადგურებენ „აფხაზურ ეკოლოგიას“.

სერიალის პერსონაჟების შესახებ „აბაზა ტვ“-სთან ისაუბრა მთავარი როლის შემსრულებელმა, თეიმურაზ ტანიამაც. მისი თქმით, მას, როგორც ერთ-ერთ სცენარისტს, სურდა, რომ პერსონაჟები რეალურები ყოფილიყვნენ, თუმცა ამავდროულად არ ყოფილიყო მათი მსგავსება რეალურ ადამიანებთან. ამ მიზეზით, სცენარისტებმა გმირებს გვარები გამოუგონეს. პირობითად, ტრამბა, არძია და ჩაჩაბა. ტანია ხუმრობით იხსენებს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ჩაჩაბა ჟღერდა მსგავსად ჩაჩავასი, საბოლოოდ სცენარისტები შეთანხმდნენ გვარზე - ჯანდაბა.

ასეთ გადაწყვეტილებებში ნათლად ჩანს სერიალის შემქნელების სიფრთხილე, რომელიც უკავშირდება აფხაზური საზოგადოების მგრძნობელობას რიგი საკითხებისადმი. მიუხედავად ამისა, ტანია სიამაყით ამბობს, რომ „სერიალის გადაღება მიმდინარეობდა გრანდიოზულად, რადგან მასში მონაწილეობას იღებდა მთლიანი აფხაზეთი, როგორც გლეხები, ასევე სამთავრობო პირები“. მისი თქმით, „გადამღებ ჯგუფს არ სურდა მაყურებლისთვის ეჩვენებინა აფხაზეთი, როგორც ტურისტული რესპუბლიკა“, არამედ სურდათ ეჩვენებინათ სხვა მხრიდან, „სადაც ტომობრივი ვნებათაღელვა ძლიერდება, სადაც პოლიტიკური ბრძოლები მძვინვარებს“.

სერიალის რეიტინგი

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი როლი არაპროფესიონალმა მსახიობებმა, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა შეასრულეს, სერიალს კარგი რეიტინგი აქვს. პლატფორმამ „Start“ პირველი სერია YouTube-ზე დადო, რომლის ნახვებმაც, 2024 წლის იანვრის მონაცემებით, 1 მილიონს გადააჭარბა. საბოლოოდ, ამ მასშტაბის პირველი აფხაზური კომედიური სერიალი შედგა, მაყურებელი რუსეთშიც ჰპოვა და ტანიას განცხადებით, „Start” მეორე სეზონის გადაღებასაც დაუჭერს მხარს.

Go BackGo Back