ახალი ამბები

ხიბლა გერზმავა: ოპერის მომღერალი აფხაზეთიდან

2024 / 02 / 14

ავტრი: ანდრო კვიჟინაძე

ხიბლა გერზმავა ეთნიკურად აფხაზი ოპერის მომღერალია, რომელიც აქტიურად არის ჩართული ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. სწორედ მის საერთაშორისო რეპუტაციას და მოსახლეობაში პოპულარობას იყენებს დე ფაქტო რეჟიმი თავისი პოზიციებისა და ნარატივების გასამყარებლად.

ვინ არის ხიბლა გერზმავა?

ხიბლა გერზმავა 1970 წელს ბიჭვინთაში დაიბადა. მან ადრეული ასაკიდანვე დაიწყო მუსიკალური კარიერა. განათლება მიიღო ჯერ გაგრის მუსიკალურ სკოლაში, შემდეგ კი სოხუმის მუსიკალურ სასწავლებელში. 1994 წელს მან მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის სავოკალო ფაკულტეტი დაამთავრა.

რუსეთთან კავშირი

განათლების მიღების შემდეგ, ხიბლამ კარიერის დიდი ნაწილი რუსეთში გაატარა. 1995 წლიდან იგი მოსკოვის სტანისლავსკის და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუსიკალური თეატრის სოლისტია. წლების განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის წარმოდგენისთვის მან ისეთი ჯილდოები მიიღო, როგორებიცაა: „რუსეთის ფედერაციის ეროვნული არტისტი“ და „რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია“.

ხიბლა განსაკუთრებით ახლოსაა რუსეთის ხელისუფლებასთან. იგი პირადად პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაპატიჟა კრემლში მაღალი რანგის სტუმრებსა და დიპლომატებისთვის წარმოდგენის ჩასატარებლად. მან ასევე მონაწილეობა მიიღო 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაში. ხიბლა ამავდროულად ხშირად ასრულებს რუსეთის ჰიმნს სხვადასხვა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებზე.

ხიბლა გერზმავა სოჭის ზამთრის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე

ოკუპირებულ აფხაზეთში მოღვაწეობა და პოლიტიკა

ხიბლას თავისი მოღვაწეობით საერთაშორისო ასპარეზზეც იცნობენ, რის გამოც ოკუპირებულ აფხაზეთში იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. მან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 2001 წელს შექმნა კლასიკური მუსიკის ფესტივალი სახელად - „ხიბლა გერზმავა გიწვევთ“. ფესტივალის ფარგლებში იწვევენ ეთნიკურად აფხაზ თუ რუს მუსიკოსს. იგი ერთადერთი მუსიკალური ფესტივალია ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელიც ყოველ წელს ტარდება და მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები ხშირად იყენებენ ხოლმე ხიბლას ფიგურას. მას სამ დე ფაქტო პრეზიდენტთან, ვლადისლავ არძინბასთან, სერგეი ბაგაფშთან და ალექსანდრე ანქვაბთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. 2024 წელს დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ იგი გამოაცხადა, როგორც „აფხაზეთის ელჩი მსოფლიოსთან“.

გერზმავა 2018 წელს, აფხაზეთის ომის დასრულების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე გამოვიდა. აფხაზეთისა და დანარჩენი საქართველოს ურთიერთობებზე საუბრის დროს მან განაცხადა, რომ „აფხაზეთი დაიღალა შიშისგან და მან თავი გაითავისუფლა შიშის ბორკილებისგან“. ამავდროულად, მისი თქმით, მას ხშირად ესმის „პროვოკაცია, აგიტაცია და სპეკულაცია“ ქართველების მხრიდან.

მის იმიჯს უშუალოდ კრემლიც იყენებს თავისი მიზნებისთვის. მან მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და ხელი მოაწერა წერილს „რუსული კულტურის ფიგურები მხარს უჭერენ პრეზიდენტი პუტინის პოზიციას უკრაინისა და ყირიმის მიმართ“.

Go BackGo Back