ახალი ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგადახდო სისტემის - „АПРА“ 2023 წლის მონაცემები

2024 / 02 / 12

2023 წლის მონაცემებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგადახდო სისტემის - „АПРА“-ს ფარგლებში 34.8 მლრდ რუსული რუბლის ოდენობის საბანკო ოპერაცია განხორციელდა. აღნიშნული მონაცემები 15%-ით, 4.6 მლრდ რუსული რუბლით მეტია გასული წლის მონაცემებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ აფხაზური „საბანკო სისტემით“ სარგებლობის მაჩვენებელი ბოლო წლებში იზრდება. მაგ., 2022 წელს „АПРА“-ს ფარგლებში ფულადი ტრანზაქციების ოდენობა გაიზარდა 19%-ით, რაც 4.9 მლრდ რუსული რუბლით მეტი იყო, ვიდრე 2021 წელს.

2023 წელს „АПРА“-ს საბანკო ბარათებით 14.2 მლრდ რუბლის ოდენობის ოპერაცია განხორციელდა, „МИР“-ის ბარათებით კი, - 11.6 მლრდ რუბლი.

ოკუპირებულ აფხაზეთში სავაჭრო ქსელებში საბანკო ბარათით ჯამში, 12.5 მლრდ რუბლის ოდენობის ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 33%-იანი ზრდაა გასულ წელთან შედარებით. „МИР“-ის ბარათებით აფხაზეთში მცხოვრებმა მოსახლეობამ უნაღდო ანგარიშსწორებით 6.1 მლრდ რუსული რუბლის ოდენობის გადახდა განახორციელა.

გარდა ამისა, 2023 წელს დე ფაქტო რესპუბლიკის „საზღვრის“ გარეთ, პარტნიორ საგადახდო სისტემების ფარგლებში, რომლებშიც ძირითადად, ნაგულისხმევია რუსული სისტემები, „АПРА“-ს ბარათით 118 მლნ რუბლის ოდენობის ოპერაცია განცორციელდა, რაც 40%-იანი ზრდაა გასულ წელთან შედარებით. ასევე, რუსული ბანკების ბარათებიდან  АПРА „World“-ის საბანკო ბარათებზე 251 მლნ რუბლი გადაირიცხა, რაც 100 მლნ-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. გაზრდილია ასევე გადარიცხვების ოდენობა სისტემის - „Contact“ ფარგლებში, 2023 წელს აღნიშნულმა მონაცემებმა 45 მლნ რუბლს მიაღწია, 2022 წლის მონაცემებით კი - 29.8 მლნ რუბლი იყო.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მონაცემი გამოქვეყნებულია დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ეროვნული ბანკის მიერ და შესაბამისად, შეუძლებელია სანდოობის შემოწმება.

Go BackGo Back