ახალი ამბები

არძინბამ 2023 წლის საგარეო-აქტივობები შეაჯამა

2024 / 02 / 27

26 თებერვალს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას 2023 წლის საგარეო-პოლიტიკური აქტივობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. არძინბამ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა:

  • რუსეთთან ურთიერთობა: 2023 წელს ხელი მოეწერა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის 2024-2025 წლების საკონსულტაციო გეგმას; რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა უწყებებს შორის თანამშრომლობას, ერთობლივი პროექტების განხორციელებას ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სფეროში.
  • ბელარუსთან ურთიერთობა: 2023 წელს ბელარუსში ასლან ბჟანიას ვიზიტი შედგა; მინსკში დარეგისტრირდა სავაჭრო სახლი „აფხაზია“; ბელარუსში აფხაზეთში წარმოებული საქონელი უბაჟოდ შედის; ბელარუსი ინვესტორების მონაწილეობით მუშავდება საინვესტიციო პროექტები, რომლებიც აღმოსავლეთ აფხაზეთში უნდა განხორციელდეს; აქტიური ურთიერთობა მიმდინარეობს სამოკავშირეო სახელმწიფოს მუდმივ კომიტეტთან და სახელმწიფო მდივან დიმიტრი მეზენცევთან.
  • BRICS-ის ჯგუფი (ბრაზილია-რუსეთი-ინდოეთი-ჩინეთი-სამხრეთ აფრიკა): დე ფაქტო სამინისტრო მუშაობს, რომ აფხაზეთის წარმომადგენლებმა ორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა. ამჟამად ორგანიზაციის თავმჯდომარე რუსეთია.
  • ახლო აღმოსავლეთი: 2023 წელს არძინბა სამუშაო ვიზიტებით იმყოფებოდა თურქეთში, ჩრდილოეთ კვიპროსა და სირიაში. სირიაში არძინბა უმაღლესი თანამდებობის პირებსაც შეხვდა; რუსეთის მხარდაჭერით მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით; 2023 წელს სირიაში საელჩოში საკონსულო განყოფილება გაიხსნა; სირიის პრეზიდენტის მხარდაჭერით მიმდინარეობს კავშირების დამყარება ალჟირთან და ირანთან; გააქტიურდა ურთიერთობა არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებთან, ასევე ლიბანთან; საერთაშორისო აღიარების მიღების კუთხით აქტიური კავშირები დამყარდა პალესტინის, ავღანეთის, იემენის, ჩრდილოეთ კორეისა და სერბთა რესპუბლიკის წარმომადგენლებთან.
Go BackGo Back