ახალი ამბები

რა ვიცით ფონდის - „მთიანი აფხაზეთის“ შესახებ?

2024 / 03 / 05

ავტორი: ანდრო კვიჟინაძე

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია ფონდის - „მთიანი აფხაზეთის“ შესახებ. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის შემდეგ არ შეინიშნება ფონდის აქტიურობა, ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია ფონდის ეგიდით ჩატარებული ღონისძიებების შესახებ, რაც შეიძლება დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ფონდის საქმიანობის მხარდაჭერის დაკარგვაზე მიუთითებდეს.

ფონდის შესახებ

ფონდი - „მთიანი აფხაზეთი“ ე.წ. „კურორტებისა და ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტის“ ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. ფონდის მიზანია აფხაზეთის მთიან ნაწილში ტურიზმისა და ზაფხულისა თუ ზამთრის სპორტის სახეობების განვითარება. დასახული მიზნის მისაღწევად ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში გათვალისწინებულია ექსპედიციების გამართვა, ამ თემაზე სხვადასხვა კალენდრებისა თუ ბროშურების გამოცემა, ფოტოგამოფენების  ორგანიზება და დოკუმენტური ფილმების გადაღება. ფონდის პირველი პროექტი მოიცავდა 12 მარშრუტის განსაზღვრას გაგრის, გუდაუთის, სოხუმისა და ტყვარჩელის რაიონებში.

დაფუძნების მთავარი ინიციატორი თენგიზ ტარბა იყო, რომელიც 2017 წლიდან ფონდის დირექტორი გახდა. ტარბა 2009-2012 წლებში ე.წ. კურორტებისა და ტურიზმის სამინისტროს საინფორმაციო და სარეკლამო დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. 2012-2017 წლებში კი ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საგანგებო დავალებათა ელჩი იყო. მას მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთთან. მან უმაღლესი განათლება რუსეთშიც მიიღო. წლების განმავლობაში მოღვაწეობდა მოსკოვში, სადაც სხვადასხვა კომპანიებს ხელმძღვანელობდა.

ფონდი დაფინანსებას სხვადასხვა წყაროდან იღებს. დაფინანსების  დიდ ნაწილს უზრუნველყოფდა ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა. ფონდის ერთ-ერთი მთავარი სპონსორი იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე მსხვილი რუსული სატელეკომუნიკაციო კომპანია - „აკვაფონი“.

თენგიზ ტარბა

ფონდის საქმიანობა

საქმიანობის საწყის ეტაპზე, ტურიზმის პოპულარიზაციის გარდა, ფონდის ორგანიზებით ჩატარდა ექსპედიციები, რომლის მიზანი იყო მეორე მსოფლიო ომის დროს კავკასიის ფრონტის ხაზზე დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცების იდენტიფიკაცია.

2015 წლიდან ფონდმა წამოიწყო პროექტი - „წელიწადის დროები“, რომლის მიზანიცაა მთიან რეგიონებში ექსპედიციების გამართვა და მისი პოპულარიზაცია წელიწადის ოთხივე დროს.

2016 წლის 14 ნოემბერს ფონდმა გამართა ფოტოგამოფენა - „მთიანი აფხაზეთი“, სადაც აჩვენეს წლების განმავლობაში შეგროვებული ფოტომასალა. გამოფენის ფარგლებში გაიმართა იგივე თემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება. გამოფენას ესწრებოდა მაშინდელი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, რომელმაც პროექტს თავისი მხარდაჭერა გამოუცხადა.

2017 წლის 24 ნოემბერს მოსკოვში გაიმართა ფორუმი - „მთიანი აფხაზეთი 2017“.

2018 წლის 21 თებერვალს მოსკოვში ხელი მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას „მთიანი აფხაზეთის“ ფონდსა და რუსეთის გეოგრაფიულ საზოგადოებას შორის. შეთანხმებას ხელი მოაწერა  ტარბამ და რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლაი კასიმოვმა. შეთანხმება ოკუპირებულ აფხაზეთში პროექტების განხორციელების მხრივ თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

2019 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე, ფონდის დახმარებით ოკუპირებულ რეგიონში გადაიღეს რუსული ტელესერიალი - „თამაში გადარჩენისთვის“, სადაც ერთ-ერთი ქალაქის შესახებ სიუჟეტები ტყვარჩელში გადაიღეს.

ამის შემდეგ ფონდის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. როგორც ჩანს ფონდის მთავარი მხარდამჭერი ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა იყო, რომელმაც 2020 წელს ვადაზე ადრე დატოვა თანამდებობა. ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია კი, სავარაუდოდ, აღარ წყალობს მისი წინამორბედის წამოწყებულ პროექტს.

Go BackGo Back