ახალი ამბები

ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალი სირიუსში და ოკუპირებული რეგიონების მონაწილეობა

2024 / 03 / 12

ავტორი: ანდრო კვიჟინაძე

2024 წლის 1-7 მარტს რუსეთში, სირიუსის ფედერალურ ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს ესაზღვრება, ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალში მონაწილეობდნენ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დელეგაციებიც. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქართულმა დელეგაციამაც.

ფესტივალი პირველად ჩატარდა და კრემლის განცხადებით, ემსახურებოდა „განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და სხვა სფეროებში წარმოდგენილი ახალგაზრდების გაერთიანებას და ერთ სივრცეში თავმოყრას“. ფესტივალის ორგანიზიტორი იყო რუსეთის ახალგაზრდობის საქმეთა ფედერალური სააგენტო. რუსული მედიის ინფორმაციით, ფესტივალს 20 000-მდე ახალგაზრდა დაესწრო, აქედან ნახევარი უცხოელი იყო.

ფესტივალს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, რაც დასტურდება ღონისძიებაში რუსი მაღალჩინოსნების მონაწილეობითაც. დამსწრეებს შორის იყვნენ: უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკო და სხვები. ამავდროულად, 7 მარტს ღონისძიება პირადად დახურა პუტინმა, რომელიც სიტყვით გამოვიდა.

ვლადიმერ პუტინის გამოსვლა ფესტივალზე

სირიუსის ფედერალური ტერიტორია პუტინის გადაწყვეტილებით 2020 წელს ყოფილი ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე შეიქმნა. ფესტივალისთვისაც 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის დროს აშენებული კომპლექსები გამოიყენეს.

დელეგაცია თბილისიდან

ფესტივალს დაესწრო 40-კაციანი ქართული დელეგაციაც, რომლის ხელმძღვანელიც დიმიტრი ლორთქიფანიძე იყო. იგი პრორუსული ორგანიზაციის „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ ხელმძღვანელია. ცენტრი 2013 წელს დაარსდა. ლორთქიფანიძე 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტიული სიით საარჩევნო ბლოკიდან „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“.

ქართული დელეგაცია ფესტივალზე

დელეგაციები ოკუპირებული რეგიონებიდან

ფესტივალს ოკუპირებული აფხაზეთიდან 100-მდე მონაწილე დაესწრო. აფხაზურ დელეგაციას ფესტივალზე თავისი სტენდიც ჰქონდა, სადაც ფესტივალის მონაწილეებს სუვენირების მიღება შეეძლოთ. დე ფაქტო სპორტის სახელმწიფო კომიტეტის ახალგაზრდობის დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, აფხაზ მონაწილეებს ჰქონდათ სიმბოლური საჩუქრები, დროშები და სამკერდე ნიშნები, რომლებიც მათ დანარჩენ მონაწილეებს დაურიგეს.

აფხაზური დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში, მათ შორის მინი-ფეხბურთისა და ბოქსის ტურნირებში.

აფხაზური სტენდი ფესტივალზე

ფესტივალზე პოლიტიკური განცხადებებიც გაჟღერდა. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა საპატიო სტუმრად იყო მიწვეული. ჟურნალისტებთან და ფესტივალის მონაწილეებთან „საგარეო პოლიტიკაზე“ საუბრისას, მან კვლავ განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის მზაობა, რომ შეუერთდეს რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს.

ამავდროულად, მან ახსენა „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტის საკითხი. მისი თქმით, „კოლექტიურმა დასავლეთმა ქვეყანაში ბევრ ადამიანს ტვინი გამოურეცხა“. აფხაზეთში ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვა, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში დასავლური ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას ისახავს მიზნად.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ფესტივალს 124-კაციანი დელეგაცია დაესწრო. მას ხელმძღვანელობდა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ალან ტიბილოვი. დელეგაციამ გამართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ნახატები, „ეროვნული“ თოჯინები და ტრადიციული ცეკვები.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სტენდი ფესტივალზე

Go BackGo Back