ახალი ამბები

ხაჯიმბასა და პუტინის "წინასაარჩევნო" შეხვედრა: შეხვედრების ქრონოლოგია

2019 / 08 / 07

2019 წლის 6 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ქ. სოჭში, შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრის დროს პუტინმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში დანიშნულ არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც 2019 წლის 25 აგვისტოს ჩატარდება.  პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ „არჩევნები დემოკრატიულ პრინციპებთან მკაცრი შესაბამისობით ჩატარდება და ხელს შეუწყობს შემდგომ სტაბილიზაციას.“

რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაჯიმბამ, თავის მხრივ, აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში რუსეთის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების განხორციელებაზე ისაუბრა, მათ შორის სოციალურად მნიშვნელოვანი ობიექტების (სკოლები, საბავშვო სკოლამდელი დაწესებულებები) მშენებლობა-რეაბილიტაციის, ენერგოსისტემის გაძლიერებისა და გზების მშენებლობის საკითხებზე. ხაჯიმბამ განსაკუთრებით აღნიშნა თავდაცვითი უწყებებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები. ხაჯიმბა ასევე შეეხო სატრანსპორტო კომუნიკაციების (საზღვაო და საჰაერო მიმოსვლის) კუთხით მიმდინარე სამუშაოებსაც.

წინასაარჩევნო პერიოდში ხაჯიმბას პუტინთან შეხვედრა კრემლის მხრიდან მისი კანდიდატურის მხარდაჭერადაც შეიძლება აღვიქვათ. წინასაარჩევნო კონტექსტის გათვალისწინებით, საყურადღებოა, რომ 31 ივლისს აფხაზეთს პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვიც ესტუმრა, რომელიც კრემლში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია.

ხაჯიმბა, დე ფაქტო პრეზიდენტის რანგში, 2014 წლიდან, უკვე მეექვსედ შეხვდა პუტინს.

ხაჯიმბა-პუტინის შეხვედრების ქრონოლოგია

  • 2014 წლის 24 ნოემბერს ხაჯიმბა პუტინს ქ. სოჭში შეხვდა. დე ფაქტო პრეზიდენტის რანგში, ეს იყო ხაჯიმბას პირველი ოფიციალური შეხვედრა პუტინთან. შეხვედრაზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
  • 2015 წლის 15  მაისს ხაჯიმბა პუტინს ქ. სოჭში შეხვდა. შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკურ, სამართალდამცავ და საინვესტიციო სფეროში ურთიერთქმედების საკითხები განიხილეს. ასევე, მხარეებმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის 2014 წლის 24 ნოემბერს ხელმოწერილ მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების განხორციელებაზე ისაუბრეს.
  • 2016 წლის 18  თებერვალს ხაჯიმბა პუტინს ქ. მოსკოვში შეხვდა. შეხვედრაზე ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთქმედების საკითხები განიხილეს.
  • 2017 წლის 8 აგვისტოს ხაჯიმბა პუტინს ქ. ბიჭვინთაში შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის ორგანიზების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი.
  • 2018 წლის 21 ნოემბერს ხაჯიმბა პუტინს ქ. სოჭში შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს, მათ შორის საბანკო, ახალი ციხის მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის სფეროში დახმარების საკითხები.
Go BackGo Back