ახალი ამბები

პოლიტიკური კრიზისი აფხაზეთში და კრემლის კურატორები

2020 / 01 / 13

აფხაზეთში ბოლო დღეებში განვითარებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მხოლოდ კრემლის კურატორების მონაწილეობით მიიღება. ამ მხრივ, „კრიზისების მენეჯერებად“ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, რაშიდ ნურგალიევი და პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი გვევლინებიან. ორივე რუსეთის ხელისუფლებაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორები არიან.

აფხაზეთში ოპოზიციის საპროტესტო აქციები 9 იანვარს დაიწყო. ოპოზიციის მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვდნენ. 10 იანვარს დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება სექტემბერში ჩატარებული არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ უკანონოდ გამოაცხადა. ამის შემდეგ, კომისიამ ვადამდელი არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს დანიშნა. რასაც, 12 იანვარს, ხაჯიმბას გადადგომა მოყვა.

მიმდინარე პროცესებში თავიდანვე აქტიურად ჩაერთო ნურგალიევი, რომელიც უკვე 10 იანვარს, ხუთი საათისთვის, აფხაზეთში ჩავიდა. ნურგალიევის დელეგაცია ძალოვანი და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებისგან შედგებოდა. ნურგალიევი იმავე დღეს, გვიან, ხაჯიმბას შეხვდა. შეხვედრაზე არსებული ვითარება განიხილეს. ნურგალიევმა ხაჯიმბასთან შეხვედრა 11 იანვარს, გვიან, კიდევ ერთხელ გამართა. ამავე დღეს ნურგალიევი ოპოზიციის ლიდერს, ასლაბ ბჟანიასაც შეხვდა.

ნურგალიევი ხაჯიმბას მესამეჯერაც შეხვდა, როდესაც, 12 იანვარს, ხაჯიმბა ბჟანიას შეხვდა. შეხვედრაში დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ასლან ბარციცი, დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი მუხამედ კილბა და ბოლო არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მონაწილე ალხას კვიცინიაც მონაწილეობდნენ. მოლაპაკებებში ნურგალიევიც მონაწილეობდა.

არსებული ინფორმაციით, კრიზისის დასკვნით ეტაპზე, 12 იანვარს, დღის ბოლოს, სოხუმში ჩავიდა  სურკოვიც. სურკოვთან დაახლოებული პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის დირექტორის, ალექსეი ჩესნაკოვის ინფორმაციით, სურკოვი „კმაყოფილია იმით, თუ როგორ მოგვარდა პოლიტიკური კრიზისი მოძმე სახელმწიფოში“. ჩესნაკოვის ცნობით, სურკოვი 12 და 13 იანვარს სოხუმში შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს, ბჟანიას, კვიცინიას, რაულ ლოლუას და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის გმირს, ახრა ავიძბას (კრიზისის პერიოდში დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის ორგანიზატორი). რაც შეეხება, ხაჯიმბას, სურკოვმა მასთან მხოლოდ სატელეფონო საუბარი გამართა, რასაც მალევე მოყვა ხაჯიმბას გადადგომა.

ამ ეტაპზე პოლიტიკური კრიზისი მოგვარდა, რაშიც გადამწყვეტი როლი ნურგალიევმა და სურკოვმა შეასრულეს. ხაჯიმბასა და ოპოზიციას შორის მთავარი შუამავლის როლი სწორედ მათ შეასრულეს, რასაც ხაჯიმბას გადადგომა მოყვა.

Go BackGo Back