ახალი ამბები

სურკოვის პროტეჟე აფხაზეთის მომავალი ლიდერების რეიტინგის სათავეში მოხვდა

2019 / 02 / 14

2019 წლის 5 თებერვალს „Российская газета“-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, აფხაზეთის საზოგადოებრივმა პალატამ რუსეთის საზოგადოებრივ პალატასა და დემოკრატიის პრობლემების კვლევის ფონდთან თანამშრომლობით სოციოლოგიური კვლევა - „აფხაზეთი-2018: საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები და პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს“, ჩაატარა. კვლევის მიხედვით, აფხაზეთის მომავალი ლიდერების რეიტინგის სათავეში რუსეთის პოლიტიკური წრეებისთვის კარგად ნაცნობი და რუსეთში მოღვაწე ინალ არძინბა მოხვდა.

რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრის მაქსიმ გრიგორიევის განცხადებით, კვლევის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა იყო, აფხაზეთის მცხოვრებლების სურვილის გამოკვლევა თუ რამდენად სურთ მათ უახლოეს წლებში პოლიტიკაში ახალი სახეები იხილონ. გამოკითხვის თანახმად, მომავლის ლიდერებს შორის აღმოჩნდნენ ყოფილი დე ფაქტო შს მინისტრი რაულ ლოლუა (5.19%) და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე კან ტანია (4.84%). პირველი ადგილი ინალ არძინბამ (36%) დაიკავა.

რუსულ გაზეთში ინფორმაციის გამოქვეყნებამ აფხაზეთში გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია. 6 თებერვალს, საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრეს“-მა გამოაქვეყნა აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის მდივნის, ნათელა აქაბას განცხადება. მისი თქმით, ზოგიერთმა საზოგადო მოღვაწემ და მოხალისემ მხარი დაუჭირა კვლევის ჩატარებას. აქაბას განცხადებით, რადგანაც აფხაზეთის საზოგადოებრივ პალატას არ ჰქონდა გამოკითხვის ჩატარებისთვის რესურსი, ამ მხრივ დიდი მხარდაჭერა მიიღეს დემოკრატიის პრობლემების კვლევის ფონდისგან. თუმცა, უკვე 7 თებერვალს, ამავე სააგენტომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატა არ მონაწილეობდა დემოკრატიის პრობლემების კვლევის ფონდის კვლევაში. საზოგადოებრივი პალატის მდივნის მოადგილე დანილ უბირიამ უარყო საზოგადოებრივი პალატის კვლევის ორგანიზატორებთან თანამშრომლობის ფაქტი.

შექმნილი გაუგებრობა, სავარაუდოდ, გამოკითხვაში ინალ არძინბას უპირობო ლიდერობამ გამოიწვია. არძინბა რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებული ახალგაზრდობის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეპარტამენტის ყოფილი უფროსია. იგი კრემლში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორის, ვლადისლავ სურკოვის მხარდაჭერით სარგებლობს და პირადად იცნობს რუსეთის პრეზიდენტს. მისი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოღვაწეობისას საკმაოდ გავლენიან და ხისტ ჩინოვნიკად ითვლებოდა. არის მოსაზრება, რომ რუსეთში გარკვეული ჯგუფები არძინბას აფხაზურ პოლიტიკაში გამოჩენას ლობირებენ. სწორედ ამიტომაც, იმ პოლიტიკურ ჯგუფებში, რომლებსაც არძინბას კანდიდატურა არ მოსწონთ, მისი რეიტინგის სათავეში ყოფნა უკმაყოფილების მიზეზი გახდა. მომხდარი გაუგებრობაც, დიდი ალბათობით, არძინბას მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირების გამოვლინებაა. (ინალ არძინბას შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. აქ)

Go BackGo Back