ახალი ამბები

ბიბილოვი დიმიტრი კოზაკს შეხვდა

2020 / 02 / 28

2020 წლის 28 თებერვალს, მოსკოვში, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს შეხვდა.

შეხვედრაზე სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის, ტრანსკავკასიური მაგისტრალის მოდერნიზაციისა და საინვესტიციო პროგრამის დაფინანსების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული განხილვის საგანი იყო რუსეთიდან ცხინვალის რეგიონში საკვები პროდუქტებისა და ავტოტრანსპორტის შეტანის საკითხი.

რუსეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე სერგეი ჩებოტარევი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ალექსეი ფილატოვი. ჩებოტარევი და ფილატოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორები არიან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ვლადისლავ სურკოვის წასვლის შემდეგ, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი იყო, ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანის პირველი შეხვედრა იყო ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერთან. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით ამ ეტაპზე სურკოვის შემცვლელის ვინაობა ოფიციალურად ცნობილი არ არის, თუმცა, როგორც ჩანს, სურკოვის მიმართულება კოზაკმა გადაიბარა. მანამდე კოზაკმა სურკოვი უკრაინის მიმართულებით ოფიციალურად ჩაანაცვლა.

Go BackGo Back