ახალი ამბები

რაშიდ ნურგალიევი ანატოლი ბიბილოვს ესაუბრა

2020 / 09 / 04

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს ტელეფონით ესაუბრა. მედიის ცნობით, მხარეებმა „რესპუბლიკაში (ცხინვალის რეგიონი) არსებული ვითარება განიხილეს“.

ნურგალიევის შეფასებით, „ვითარება ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება“. ნურგალიევის განცხადებით, „ყველაზე მთავარია, რომ პრეზიდენტი (დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი) ვითარებას აკონტროლებს, და ყველა საკითხი, რომელიც იქ არის, გვარდება არა ემოციების დონეზე, არამედ სამუშაო შეხვედრების დონეზე.“

ნურგალიევმა აღნიშნა, რომ ცხინვალში მისი ვიზიტი რუსეთსა და ცხინვალის რეგიონთან მიმოსვლის აღდგენასა და საკარანტინო შეზღუდვების მოხსნაზეა დამოკიდებული.

ნურგალიევი უშიშროების საბჭოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია და, როგორც წესი, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შიდა პოლიტიკური კრიზისების მოგვარებაში მონაწილეობს.

ცხინვალის რეგიონში შიდა პოლიტიკურა ვითარება 28 აგვისტოს 30 წლის ინალ ჯაბიევის გარდაცვალების შემდეგ დაიძაბა. მას ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს მინისტრზე თავდასხმას ედავებოდნენ. იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში მიყენებული ფიზიკური დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. ჯაბიევის გარდაცვალების შემდეგ დე ფაქტო მთავრობა გადადგა და ცხინვალში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. 

Go BackGo Back