ახალი ამბები

პუტინი ბიბილოვს შეხვდა: ძირითადი გზავნილები

2019 / 03 / 06

2019 წლის 6 მარტს, მოსკოვში, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. კრემლის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარეობა და პერსპექტივები განიხილეს, უპირველეს ყოვლისა კი - სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში.

პუტინის განცხადებით, რუსეთი და ცხინვალის რეგიონი სტრატეგიული პარტნიორები არიან და რუსეთი ყველაფერს აკეთებს ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

პუტინმა 2019 წლის ზაფხულში ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მან იცის, რომ ივნისში ცხინვალის რეგიონში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. „დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გააკეთებთ ყველაფერს, რომ არჩევნები ჩატარდეს კანონისა და დემოკრატიული სტანდარტების სრული დაცვით. ჩვენი მხრიდან, როგორც შევთანხმდით, დამკვირვებლებს გამოვაგზავნით“, განუცხადა პუტინმა ბიბილოვს. ცხინვალის რეგიონში პუტინის მსგავსი განცხადება აღიქვეს, როგორც პუტინის გზავნილი, რომ არჩევნები ექსცესების გარეშე და მშვიდად უნდა ჩატარდეს. ასევე არის მოსაზრება, რომ ამ ხანმოკლე შეხვედრით, პუტინმა ირიბად მხარი ბიბილოვის პოლიტიკურ გუნდს დაუჭირა.

პუტინის შეფასებით, რუსეთი ცხინვალის რეგიონის წამყვან სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორად რჩება. „ჩვენ გვაქვს საინვესტიციო პროგრამა და ასევე სხვა პროგრამები, რომლებიც ცხინვალის რეგიონის მხარდაჭერისკენ არის მიმართული“, განაცხადა პუტინმა.

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის რანგში ეს ბიბილოვის რიგით მეოთხე შეხვედრაა პუტინთან. პირველად ბიბილოვი პუტინს 2017 წლის 2 მაისს სოჭში შეხვდა, მეორეჯერ - 2017 წლის ნოემბერს მოსკოვში, მესამე შეხვედრა კი - 2018 წლის 24 აგვისტოს მოსკოვში გაიმართა, როდესაც რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების ათი წლისთავი აღნიშნეს.

Go BackGo Back