ახალი ამბები

ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრი: ქართველებს შორის ბევრი კარგი და საიმედო მეგობარი მყავს

2019 / 03 / 14

რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასმა“ ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის სერგეი ჩებოტარევის ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მინისტრმა საქართველოზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზეც ისაუბრა. ამ ეტაპზე ჩებოტარევი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის მთავრობაში ყველაზე გამოცდილი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია. იგი წლების განმავლობაში უშუალოდ მონაწილეობდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებში.

მინისტრის განცხადებით, 2014 წლის მაისამდე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობის პერიოდში (იგი უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოში მუშაობდა), მას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებთან ურთიერთობა ჰქონდა.

მინისტრი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ მინისტრის მსგავსი შეფასებები ვერ პოულობს გაგებას საქართველოში, მინისტრმა უპასუხა: „ყველაზე ნაკლებად ამაზე ვფიქრობ. ქართველებს შორის ბევრი კარგი და საიმედო მეგობარი მყავს, ისინი არ ურევენ ადამიანურ ურთიერთობებს პოლიტიკასთან. ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობას, რა თქმა უნდა, არა სამსახურებრივ ურთიერთობას. ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის რაც მოხდა, დიდი ტრაგედიაა. ადრე თუ გვიან ვითარება დარეგულირდება. სხვა გზა არ არსებობს.“

მინისტრის განცხადებით, 2019 წლის ნოემბერში ჩრდილოეთ კავკასიისა და მთლიანად კავკასიის აქტუალურ საკითხებზე პირველი კავკასიური საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის გამართვა სურთ. მინისტრი ვვარაუდობს, რომ ფორუმში ჩრდილოეთ კავკასიის გარდა მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენლებიც.

Go BackGo Back