ახალი ამბები

ბჟანია მოსკოვში კურატორს შეხვდა

2020 / 10 / 29

29 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორს, დიმიტრი კოზაკს შეხვდა. ბჟანიას ვიზიტი მოსკოვში 26 ოქტომბერს დაიწყო.

კოზაკთან შეხვედრაზე აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის განხორციელების საკითხი განიხილეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორები: ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე მიხაილ ბაბიჩი და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ალექსეი ფილატოვი.

29 ოქტომბერს ბჟანია მოსკოვის სახელმწიფო საავტომობილო-საგზაო ტექნიკურ ინსტიტუტს ესტუმრა. 1985 წელს ბჟანიამ აღნიშნული ინსტიტუტი დაამთავრა. ბჟანიამ მოსკოვის ოლქში სოკოს წარმოების უმსხვილესი კომპლექსის საზეიმო გახსნის ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.

ვიზიტის პირველ დღეს ბჟანია რუსეთში აფხაზეთის „საელჩოს“ ესტუმრა, სადაც მოსკოვში მოღვაწე წარმოშობით აფხაზ ექიმებს შეხვდა. შეხვედრაზე აფხაზეთში ახალ კორონავირუსთან ბრძოლისა და სამედიცინო დახმარების ორგანიზების საკითხები განიხილეს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის რანგში ეს უკვე ბჟანიას რიგით მე-5 ვიზიტია მოსკოვში.

პირველად ბჟანია მოსკოვს 5 მაისს ეწვია ფინანსთა და ეკონომიკის დე ფაქტო მინისტრებთან, ვლადიმირ დელბასა და კრისტინა ოზგანთან ერთად. მეორეჯერ, 24 ივნისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. მესამე ვიზიტი, 30 ივლისს შედგა. ვიზიტის შედეგად აფხაზეთსა და რუსეთს შორის ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილი დე ფაქტო ადმინისტრაციული საზღვრის გახსნის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. მეოთხეჯერ ბჟანია მოსკოვს 7 სექტემბერს ესტუმრა. ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს და ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს მიხაილ ბაბიჩს შეხვდა.

Go BackGo Back