ახალი ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესკონფერენცია: ძირითადი გზავნილები

2020 / 11 / 17

2020 წლის 17 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 2-საათიანი პრესკონფერენციის დროს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა. ბჟანიას 12 ნოემბერს ქ. სოჭში პირადად უმასპინძლა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

ძირითადი გზავნილები:

  • პუტინთან შეხვედრა ადრე უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსმა პუტინის განრიგში ცვლილებები შეიტანა.
  • პუტინთან განხილვისას პრიორიტეტული თემა იყო აფხაზეთის სამხედრო უსაფრთხოება, კერძოდ შეიარაღებული ძალებისა და ტექნიკის მდგომარეობა.
  • პუტინთან საკონტროლო გამშვებ პუნქტ „ფსოუზე“ არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს. ბჟანიას განცხადებით, გაიცა შესაბამისი განკარგულებები გადასასვლელი ხიდის რემონტთან დაკაშირებით. ასევე გატარდება მთელი რიგი ღონისძიებები, რომლის შედეგადაც 2023 წლისთვის „საზღვარზე“ მინიმალური რაოდენობის საკონტროლი სამსახურები იქნება.
  • შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთში კარდიოლოგიური ცენტრის შექმნის საკითხზეც.
  • კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება სოხუმში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. 17 ნოემბერს აფხაზეთს უკვე ესტუმრა „როსავიაციის“ უფროსის პირველი მოადგილე.
  • 2020 წლის იანვარ-მარტში აფხაზეთს რუსეთიდან მიღებული ელექტროენერგიისთვის 600 მლნ რუბლის დავალიანება დაუგროვდა. ბჟანიამ პუტინს 2021 წლიდან, ენგურჰესის სარემონტოდ დახურვის გამო, ელექტროენერგიით უზრუნველყოფაში დახმარება სთხოვა. რუსული   ელექტროენერგიის ფასი ჯამში 2 მლრდ რუბლი იქნება.
  • პუტინს ეთხოვა აფხაზეთის გაზიფიკაციაში დახმარებაც.
  • რუსეთის ფინანსური დახმარების შედეგად დე ფაქტო შს სამინისტროს თანამშრომლების ხელფასი გაიზრდება 70%-ით, ასევე შეიძენენ 40 ერთეულ სპეციალურ ავტომობილს.
  • „სასაზღვრო“ სოფელ აიბღასთან დაკავშირებით ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი არ გეგმავს სოფლის ტერიტორიის ანექსიას, რადგან რუსეთი ტერიტორიების დეფიციტს არ განიცდის.
  • პანდემიასთან ბრძოლისთვის აფხაზეთი რუსეთისგან 152 მლნ რუბლს მიიღებს.
Go BackGo Back