ახალი ამბები

ასლან ბჟანიას შეხვედრები მოსკოვში

2020 / 12 / 19

2020 წლის 11 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთში მორიგი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. რუსეთში წინა ვიზიტებისგან განსხვავებით, ეს ვიზიტი განსაკუთრებით დატვირთული იყო და 19 დეკემბერს დასრულდა.

ვიზიტის ფარგლებში ბჟანია რუსეთის მთავრობის არაერთ წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრების მთავარი მიზანი ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის 12 ნოემბერს ქ. სოჭში მიღწეული შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყო.

ვიზიტის ფარგლებში ბჟანია შეხვდა რუსეთის მთავრობის მინისტრებსა და სხვადასხვა ფედერალური უწყებების ხელმძღვანელებს, მათ შორის:

14 დეკემბერს ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორს, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკს შეხვდა. კოზაკთან შეხვედრაზე ენერგეტიკის საკითხი, დე ფაქტო საზღვარზე არსებული ვითარება და აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში პროექტების განხორციელების საკითხი განიხილეს. 15 დეკემბერს ბჟანია ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილე სერგეი კირიენკოსაც შეხვდა.

14 დეკემბერს ჯანდაცვის მინისტრ მიხაილ მურაშკოსთან შეხვედრაზე ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებისა და ვაქცინაციის საკითხები, აფხაზეთში თანამედროვე კარდიოლოგიური ცენტრის მშენებლობის პერსპექტივა. კორონავირუსთან ბრძოლაში აფხაზეთი რუსეთისგან მნიშვნელოვან დახმარებას იღებს, როგორც ადამიანური რესურსის (ექიმები, სამედიცინო სფეროს სპეციალისტები), ასევე ტექნიკური (მობილური საავადმყოფო, დიაგნოსტიკური ტესტები) თვალსაზრისით.

15 დეკემბერს ტრანსპორტის მინისტრ ვიტალი საველიევთან შეხვედრაზე განიხილეს სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისა და  მდინარე ფსოუზე ძველი საავტომობილო ხიდის რემონტის საკითხი.

16 დეკემბერს სოფლის მეურნეობის მინისტრ დმიტრი პატრუშევთან შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთში სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების საწარმოების შექმნის პერსპექტივები, სუბტროპიკული კულტურების ახალი მრავალწლიანი ბაღების  აღდგენისა და გაშენების, მესაქონლეობის, მეფრინველოებისა და სათევზაო მეურნეობის განვითარების საკითხები. აფხაზური მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა დე ფაქტო პირველი ვიცე-პრემიერი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბესლან ჯოპუაც.

17 დეკემბერს ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვთან შეხვედრაზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და აფხაზეთის ფინანსური დახმარების საკითხი განიხილეს. აფხაზური მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა დე ფაქტო ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანიც.

17 დეკემბერს ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროს დანიილ ეგოროვთან შევხედრაზე განიხილეს რუსული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობა საგადასახადო ადმინისტრირებაში. შეხვედრაში ოზგანიც მონაწილეობდა.

19 დეკემბერს ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროს ვლადიმირ ბულავინთან შეხვედრაზე განიხილეს საბაჟო სფეროში  თანამშრომლობის საკითხები, ასევე ისაუბრეს დე ფაქტო საზღვარზე ციტრუსების ტრანსპორტირების დროს შექმნილ პრობლემებზე.

მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ბჟანია ასევე შეხვდა უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორ ალექსანდრ ბორტნიკოვსა და უშიშროების საჭოს მდივნის მოადგილეს რაშიდ ნურგალიევს, რომელიც საბჭოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია. 

11 დეკემბერს ბჟანია ასევე შეხვდა მოსკოვის მთავრობის მინისტრს, საგარეო-ეკონომიკური და საერთაშორისო კავშირების დეპარტამენტის უფროს სერგეი ჩერემინს და თანამემამულეთა მოსკოვის სახლის დირექტორს პეტრ გლადკოვს. შეხვედრაზე „უსაფრთხო ქალაქის“ პროგრამის გამოყენების შესაძლებლობაზე ისაუბრეს. პროგრამა ინფორმაციული სისტემის კომპლექსია, რომელიც  საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის დახვეწას ითვალისწინებს. განხილვის თემა იყო აფხაზი სპეციალისტების მიერ საგანმანათლებო პროგრამის - „მოსკოვის განათლება“ შესწავლის შესაძლებლობაც.

15 დეკემბერს ბჟანია მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა მოსკოვში აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებებს.

18 დეკემბერს, ვიზიტის დასასრულს, ბჟანიამ ინტერვიუ მისცა კრემლის პროპაგანდისტულ საინფორმაციო სააგენტო „Россия Сегодня“-ს. ინტერვიუ მომავალ კვირაში გავა ეთერში.

Go BackGo Back