მთავარი ფიგურები

ვლადიმირ ჩერნოვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი (ყოფილი)

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები 

  • ვლადიმირ ჩერნოვი დაიბადა 1951 წლის 5 თებერვალს ქ. მოსკოვში, რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1973 წელს დაამთავრა მოსკოვის საფინანსო ინსტიტუტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.
  • 1981 წელს ლონდონში დაამთავრა ეკონომიკის უმაღლესი სკოლა.
  • 2018 წლის 6 აპრილს აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირები შეიყვანეს

პროფესიული კარიერა

  • 1973-1978 წლებში ჩერნოვი საბჭოთა კავშირის ფინანსთა სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი საფინანსო ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო.
  • 1978-1983 წლებში ლონდონში სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ ხორბლის საერთაშორისო საბჭოში მუშაობდა.
  • 1983-1987 წლებში სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო.
  • 1987-1993 წლებში ჰელსინკში, ფინეთში, სსრკ-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ფინეთისა და საბჭოთა კავშირის სავაჭრო პალატის დირექტორის მოადგილე იყო.
  • 1993-1996 წლებში „მოსკოვის საერთაშორისო ბანკის“ კლიენტებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.
  • 1996-2001 წლებში  „ნაციონალურ სარეზევრო ბანკში“ მუშაობდა კლიენტებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსად, მმართველთა საბჭოს წევრად, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ.
  • 2001 წლის მაისიდან კორპორაციის საქმიანობის შეწყვეტამდე სახელმწიფო უნიტარულ საწარმო „გოსინკორ“-ში თავმჯდომარე იყო.
  • 2002 წლის დეკემბერს „გუტა-ბანკის“ საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
  • შემდეგ წლებში ჩერნოვი თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის მრჩეველი იყო. მას შემდეგ კი, რაც ივანოვმა თავდაცვის მინისტრობასთან ერთად მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეობა შეითავსა, მისი სამდივნოს ხელმძღვანელი იყო. 2011 წლის დეკემბერში ივანოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნის შემდეგ, 2012 წლის 17 იანვარს ჩერნოვმა დატოვა სამდივნოს უფროსის თანამდებობა. 
  • 2012 წლის 27 აპრილს პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსად დაინიშნა. 2012 წლის 9 ივნისს უკვე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით იგივე თანამდებობაზე დაინიშნა. ჩერნოვმა სერგეი ვინოკუროვი შეცვალა, რომელიც გავრცელებული მოსაზრებით, 2012 წელს ცხინვალის რეგიონში და დნესტრისპირეთის არაღიარებულ რეგიონში კრემლის წარუმატებელ პოლიტიკას შეეწირა. აღნიშნულ რეგიონებში ჩატარებულ არალეგიტიმურ არჩევნებში კრემლის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატებმა ვერ გაიმარჯვეს
  • 2018 წლის 22 ივნისს პუტინის ხელახლა გაპრეზიდენტების შემდეგ, ჩერნოვმა თავისი პოზიცია კვლავ შეინარჩუნა.
  • 2021 წლის 2 მარტს პუტინის ბრძანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსად იგორ მასლოვი დაინიშნა. მასლოვმა ჩერნოვი შეცვალა, რომელიც 2021 წლის თებერვალში ასაკის გამო გაანთავისუფლეს. ჩერნოვს 70 წელი შეუსრულდა, რაც საჯარო მოხელის მუშაობისთვის მაქსიმალური ზღვრული ასაკია.

აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • ჩერნოვი სამმართველოს უფროსად დანიშვნის შემდეგ პერიოდულად ხვდებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებს. ცხინვალის რეგიონში გავრცელებული მოსაზრებით, ცხინვალის რეგიონის ეხლანდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა  ლეონიდ თიბილოვის დე ფაქტო პრეზიდენტობის პერიოდში, სწორედ ჩერნოვის მფარველობით შეინარჩუნა საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო მინისტრის პოსტი.
  • ჩერნოვი ოკუპირებულ რეგიონებს ხშირად სტუმრობდა თავის მოადგილე სერგეი ჩებოტარევთან ერთად, რომელიც 2018 წელს პუტინის ხელახლა გაპრეზიდენტების შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრი გახდა. თავისი ერთ-ერთი პირველი შეხვედრა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბთან ჩერნოვს 2012 წლის 25 ივლისს ჰქონდა. მას სოხუმში ამ ვიზიტის დროს ჩებოტარევიც თან ახლდა. 
  • 2012 წლის 15 ნოემბერს ჩერნოვი ჩებოტარევთან ერთად აფხაზეთში რიგით მეხუთე რუსულ-აფხაზურ საქმიან ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ჩერნოვმა გუდაუთაში გარემონტებული საბავშვო ბაღიც მოინახულა. ჩერნოვმა ასევე დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბთან ერთად „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მუზეუმი“ გახსნა, რომელსაც რუსული ფულით ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი. 
  • 2013 წლის 6 მაისს ცხინვალს, დიდი ხმაურის გარეშე, ისე რომ ცხინვალის რეგიონის მედიას არც გაუშუქებია, საიდუმლოდ ეწვია ჩერნოვი და ჩებოტარევი, რომლებიც არსებული ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს შეხვდნენ. მათ ვიზიტს პუტინთან 14 მაისს დაგეგმილი შეხვედრის გადადება მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, სტუმრებმა თიბილოვი საკადრო პოლიტიკისა (მათ შორის გააკრიტიკეს დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი როსტიკ ხუგაევი) და რუსეთიდან გადმორიცხული ფულის არაეფექტური ხარჯვის გამო გააკრიტიკეს
  • 2013 წლის 15 ნოემბერს სოხუმში საზეიმოდ გაიხსნა კულტურულ-საქმიანი ცენტრი „მოსკოვის სახლი“. ღონისძიებაში მოსკოვის მთავრობისა და აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერების გარდა, ჩერნოვმაც მიიღო მონაწილეობა
  • 2014 წლის 10 აპრილს ჩერნოვი ჩებოტარევთან ერთად სოხუმს ესტუმრა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა. შეხვედრაზე რუსულ-აფხაზური მესამე ჰუმანიტარული ფორუმის ჩატარების საკითხი და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს