სახელმწიფო დუმის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ვლადიმირ შამანოვი რუსეთის სამხედრო ელიტის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი იმ იშვიათ პოლიტიკოსთა რიგებს განეკუთვნება, რომელმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც მიიღო მონაწილეობა და ამჟამად სახელმწიფო დუმაში საქართველოს ინტერესების საზიანოდ საქმიანობს.
სამხედრო კარიერა
უმაღლესი სასწავლებელის დამთავრების შემდეგ 1978-1979 წლებში 76-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიაში ოცეულის მეთაური იყო.
1979-1984 წლებში რიაზანის უმაღლეს საჰაერო--სადესანტო სამეთაურო სასწავლებელში კურსანტების ოცეულისა და ასეულის მეთაური იყო.
1984-1986 წლებში 76-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიაში საპარაშუტო-სადესანტო ბატალიონის მეთაური იყო.
1989-1990 წლებში 98-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიაში მე-300 საპარაშუტო-სადესანტო პოლკის მეთაურის მოადგილე იყო. პოლკის დისლოკაციის ადგილი კიშინიოვში, მოლდავეთის სსრ-ში იყო.
1990 წლიდან 104-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის 328-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკის მეთაური იყო. 1992 წელს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, აზერბაიჯანელების მხარეს იბრძოდა.
1994-1995 წლებში მე-7 საჰაერო-სადესანტო დივიზიის მეთაურის მოადგილე, შტაბის უფროსი იყო. შამანოვის სამხედრო კარიერაში ეს მისი პირველი საქმიანი შეხება იყო აფხაზეთთან.
1995 წლის მარტიდან მე-7 საჰაერო-სადესანტო დივიზიის ოპერატიული ჯგუფის მეთაური იყო და ჩეჩნეთში საბრძოლო ამოცანებს ასრულებდა, რა დროსაც მძიმედ დაიჭრა. მან უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე და მალევე დაუბრუნდა ბრძოლის ველს. 1995 წლის ოქტომბრიდან ჩეჩნეთში თავდაცვის სამინისტროს ჯარების დაჯგუფების მეთაურის მოადგილე და 58-ე არმიის მეთაურის მოადგილე იყო. 1996 წლის აპრილ-ივლისში ჩეჩნეთში თავდაცვის სამინისტროს ჯარების დაჯგუფების მეთაური იყო. მისი მეთაურობის პერიოდში ფედერალურმა ძალებმა მესამე შტურმის შედეგად აიღეს ქ. ბამუტი.
1998 წელს გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის დასრულების შემდეგ მოსკოვის სამხედრო ოლქის საერთო საჯარისო არმიის მეთაურის პირველი მოადგილე, შტაბის უფროსი იყო. 1999 წლის აგვისტოდან - ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის არმიის მეთაური იყო. 1999 წლის სექტემბრიდან ჩრდილოეთ კავკასიაში ფედერალური ძალების გაერთიანებული დაჯგუფების დასავლეთის მიმართულების მეთაური იყო. იგი რუსი სამხედროების მიერ გროზნოს აღებაში მონაწილეობდა.
2001-2004 წლებში სამხედრო სფეროდან დროებით რეგიონულ პოლიტიკაში გადაინაცვლა და ულიანოვსკის ოლქის გუბერნატორი იყო. მან არჩევნები პირველივე ტურში მოიგო.
2004 წლის ნოემბერში სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს და რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ დანიშნეს.
2006-2007 წლებში თავდაცვის მინისტრის მრჩეველი იყო.
2007 წლის ნოემბერში კონტრაქტით დააბრუნეს სამხედრო სამსახურში და რუსეთის შეირაღებული ძალების საბრძოლო მომზადებისა და ჯარების სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.
2008 წელს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის პერიოდში აფხაზეთის მიმართულებთ რუსული სამხედრო დაჯგუფების მეთაურად დანიშნეს. 2008 წლის აგვისტოს ომში შამანოვი კოდორის ხეობის დაკავების ოპერაციას ხელძღვანელობდა.
2009 წლის 24 მაისს საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურად დანიშნეს. 2009-2016 წლებში იყო საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაური საიდანაც სახელმწიფო დუმაში დეპუტადად არჩევის გამო გაანთავისუფლეს
პოლიტიკური კარიერა
აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა
2018 წლის 24 ივლისს აფხაზ და ოს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაცულია ახალი სამხედრო აგრესიისგან: „რუსეთის მიერ მათი აღიარების შემდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებულია რუსული ბაზები. მე მშვიდად ვარ ამ რეგიონებში სტაბილური სიტუაციის გამო“. შამანოვის შეფასებით, საქართველოს სწრაფვა ნატო-ში ვითარების დესტაბილიზაციას იწვევს. ორი ოსეთის გაერთიანების შესახებ შამანოვმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის ერთ რეგიონში გაერთიანებისათვის დღეს არ არის საუკეთესო პერიოდი, თუმცა მომავალში მსგავსი საკითხი შეიძლება განიხილონ“.
2018 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით შამანოვმა ბრიფინგი მოაწყო, სადაც 2008 წლის აგვისტოში თავის საიდუმლო მისიაზე ისაუბრა. მისი მოგონებების მიხედვით, 2008 წლის აგვისტომდე 4 თვით ადრე მან საიდუმლო დავალება მიიღო ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში ჩასულიყო და რეგიონში არსებული ვითარება შეეფასებინა. მისი განცხადებით, „ჩვენ დავინახეთ არა მარტო ვითარების დაძაბვის მცდელობა საქართველოს მხრიდან, არამედ მათი მხრიდან მკვეთრი ნაბიჯები, განსაკუთრებით ოსური მიმართულებით, რომელსაც პირდაპირ მივყავდით შეიარაღებული კონფლიქტისაკენ“.