მთავარი ფიგურები

ვლადისლავ სურკოვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე (ყოფილი)

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები 

  • ოფიციალური ბიოგრაფიული მონაცემებით, ვლადისლავ სურკოვი დაიბადა 1964 წლის 21 სექტემბერს, სოფ. სოლნცევოში, ლიპეცკის ოლქში, რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში. სხვა მონაცემებით, სურკოვი (იგივე ასლამბეკ დუდაევი) დაიბადა 1962 წელს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოფ. დუბა-იურტში. 2005 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში სურკოვმა განაცხადა, რომ მამამისი ნამდვილად ჩეჩენი იყო და პირველი ხუთი წელი ჩეჩნეთში გაატარა.
  • 1981 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ სურკოვმა ჩააბარა მოსკოვის ფოლადისა და შენადნობების ინსტიტუტში, რომელიც არ დაუმთავრებია.
  • ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, 1983-1985 წლებში საბჭოთა არმიაში უნგრეთში საარტილერიო ნაწილში მსახურობდა. თუმცა, 2006 წელს თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ სურკოვი მთავარ სადაზვერვო სამმართველოს სპეცნაზში მსახურობდა.
  • სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ მოსკოვის კულტურის ინსტიტუტში თეატრალური რეჟისურის სპეციალობაზე სწავლობდა, რომელიც ასევე არ დაამთავრა.
  • 1990-იან წლებში საერთაშორისო უნივერსიტეტში ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო.

პროფესიული კარიერა

  • 1987 წელს სურკოვი მიხაილ ხოდორკოვსკისთან იწყებს მუშაობას. 1991-1996 წლებში სურკოვი ხოდორკოვსკის შექმნილ გაერთიანებულ საკრედიტო-საფინანსო საწარმო „მენატეპ“-ში, შემდგომში ბანკი „მენატეპ“-ში, კლიენტებთან ურთიერთობის სამმართველოსა და რეკლამის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
  • 1996-1997 წლებში „როსპრომ“-ში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
  • 1997 წელს სურკოვი ხოდორკოვსკიდან მიხაილ ფრიდმანის „ალფა-ბანკში“ გადავიდა, სადაც ბანკის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა.
  • 1998-1999 წლებში სურკოვი რუსეთის საზოგადოებრივ ტელევიზიაში (ОРТ) გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი იყო. მედიაში გავრცელებული მოსაზრებით, სურკოვი ტელევიზიაში ბორის ბერეზოვსკიმ მიიწვია.
  • სურკოვი 1999-2011 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე და კრემლის მთავარი იდეოლოგი იყო. იგი რუსეთში არსებული პოლიტიკური სისტემის, რომელსაც ხშირად „სუვერენულ“/„მართვად“ დემოკრატიად მოიხსენიებენ, მთავარი იდეოლოგი და შემოქმედია. მისი მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროექტებია 1999 წელს „ერთობის“ და 2003 წელს „სამშობლოს“ საარჩევნო ბლოკების ორგანიზება, ასევე ხელმძღვანელობდა „ერთიანი რუსეთისა“ (2003) და „სამართლიანი რუსეთის“ (2006) პარტიულ მშენებლობას. სურკოვის ძალაუფლებამ პიკს 2008-2012 წლებში მიაღწია, როდესაც დიმიტრი მედვედევი ქვეყნის პრეზიდენტი იყო.
  • 2011-2013 წლებში სურკოვს ვიცე-პრემიერის თანამდებობა ეკავა. 2013 წლის 8 მაისს კი, ის თანამდებობიდან გადადგა. პუტინის წარმომადგენლის განცხადებით, სურკოვმა პუტინის განკარგულებები სათანადოდ ვერ შეასრულა.
  • 2013 წლის 20 სექტემბერს სურკოვი პრეზიდენტის თანაშემწედ დაინიშნა.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი

  • 2013 წლის 20 სექტემბერს სურკოვი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთქმედების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწედ დანიშნეს. სურკოვმა ტატიანა გოლიკოვა შეცვალა, რომელიც ამ პოზიციაზე 2012 წლის 23 მაისიდან იყო. პრეზიდენტის თანაშემწის თანამდებობაზე სურკოვის დანიშვნა რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული ინვესტიციების კონტროლის სურვილს დაუკავშირეს. თავად სურკოვის დანიშვნის ფაქტი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად შეფასდა, რადგან იგი წარმოშობით კავკასიელია და კარგად იცნობს კავკასიის საქმეებს, განსაკუთრებით აფხაზეთში, სადაც ის 2000 წლიდან ხშირად დადიოდა და იცის შიდა აფხაზური პოლიტიკის თავისებურებებიც. სურკოვის პრეზიდენტის თანაშემწედ დანიშვნის შემდეგ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რეჟიმებს გაუჩნდათ აღქმა, რომ სურკოვი კვლავ მათ კურატორად დაინიშნა, რომელიც მათი შეფასებით, მანამდე როდესაც იგი ვიცე-პრემიერი იყო, ჩამოაშორეს ამ საქმეს. სურკოვის არყოფნის პერიოდში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველო და მისი ხელმძღვანელები, ვლადიმირ ჩერნოვი და სერგეი ჩებოტარევი, კურირებდნენ
  • 2018 წელს პუტინის ხელახლა გაპრეზიდენტების შემდეგ ბევრს საუბრობდნენ, რომ სურკოვი პრეზიდენტის თანაშემწის პოსტს დატოვებდა. ამის მიზეზად სურკოვის დონბასის მიმართულებით მუშაობას ასახელებდნენ. არსებობდა ვერსია, რომ სურკოვს აღარ სურდა დონბასში გაყინულ კონფლიქტზე მუშაობა, ზოგიერთი სურკოვს მინსკის პროცესის წარუმატებლობას აბრალებდა. სხვა ვერსიით, სურკოვს კონფლიქტი მოუვიდა უშიშროების ფედერალური სამსახურის მე-5 სამსახურთან, რომელიც დონბასში კონტრდაზვერვით საქმიანობაზე იყო პასუხისმგებელი. თუმცა, 2018 წლის 13 ივნისს, სურკოვი ხელახლა დაინიშნა ამ პოსტზე.
  • 2020 წლის 25 იანვარს პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის დირექტორმა ალექსეი ჩესნაკოვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე სურკოვის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. მისი ინფორმაციით, „უახლოეს თვეში იგი (სურკოვი) მედიტაციით დაკავდება. ამის შემდეგ მან პირობა დადო, რომ გააკეთებს განცხადებას მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებსა და მომავალი გეგმების შესახებ“. ჩესნაკოვის ცნობით, სურკოვმა სახელმწიფო სამსახური „უკრაინის მიმართულებით კურსის შეცვლის გამო“ დატოვა. სურკოვის გადადგომა ოფიციალურად მოგვიანებით დადასტურდა, როდესაც 2020 წლის 18 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებით, სურკოვი პრეზიდენტის თანაშემწის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • პრეზიდენტის თანაშემწედ დანიშვნიდან მოკლე დროში, 2013 წლის 30 სექტემბერს, სურკოვი სოხუმს ესტუმრა. სურკოვი აფხაზეთის რეჟიმის „დამოუკიდებლობის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, სადაც მონაწილეობა კაზაკების დანაყოფებმა და რუსეთის „სამშვიდობო ძალებმაც“ მიიღეს. სურკოვი მხოლოდ სამი საათი იმყოფებოდა სოხუმში და საზეიმო ვახშამსაც არ დაესწრო. მან დახურულ კარს მიღმა თავისი პირველი შეხვედრები გამართა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბთან და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან.
  • სურკოვის განსაკუთრებული როლი აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში 2014 წლის მაისში გამოვლინდა, როდესაც იგი ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო აფხაზეთში განვითარებულ შიდა პოლიტიკურ კრიზისში. შიდა აფხაზური კრიზისის დასარეგულირებლად სურკოვი 28–29 მაისს აფხაზეთს ეწვია. სურკოვს ოპოზიციონერებთან შეხვედრისას რაულ ხაჯიმბამ და მისმა მომხრეებმა თავისი მოთხოვნები გააცნეს, მათ შორის დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის გადადგომის შესახებ. სურკოვის უშუალო ჩარევის შედეგად 2014 წლის 1 ივნისს ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა. რის შემდეგაც სურკოვი მიესალმა „კრიზისის მშვიდობიან გადაწყვეტას“ და აფხაზეთს მოსკოვის სრული ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება აღუთქვა
  • 2015 წლის 16 თებერვალს აფხაზეთში სტუმრობისას, სურკოვი აფხაზურ მხარეს ფინანსური დახმარების გაგრძელებას და საზღვრების გახსნას დაპირდა. სურკოვმა აფხაზეთის დასახმარებლად 10 მლრდ-მდე რუბლის გამოყოფის შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, რუსეთში ასევე შეიქმნა საინვესტიციო სააგენტო, რომლის მიზანიც აფხაზეთის განვითარებაა. ვიზიტის დროს სურკოვს საკუთარი გუნდის წევრებიც ახლდნენ, მათ შორის, დსთ-ს წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი, ოლეგ გოვორუნი და მისი აპარატის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პავლოვი.
  • 2017 წლის 3 ივლისს სურკოვი ერთდღიანი ვიზიტით ესტუმრა სოხუმს. სურკოვმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გამართა. ხაჯიმბასთან ერთად სურკოვმა აფხაზეთის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკისა და მე–3 საშუალო სკოლის გარემონტებული შენობები დაათვალიერა. 
  • 2019 წლის 31 ივლისს სურკოვი, აფხაზეთში, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდა. შეხვედრაზე აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2017-2019 წლების საინვესტიციო პროგრამის განხორციელების საკითხი და ასევე 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის პარამეტრები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში სურკოვმა აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ვალერი ბგანბასთან ერთად გაგრისა და გუდაუთის რაიონებში მიმდინარე მშენებლობებიც მოინახულა. სურკოვის აფხაზეთში ვიზიტი აფხაზეთის შიდა პოლიტიკის კუთხით მნიშვნელოვან პერიოდს დაემთხვა. 2019 წლის 25 აგვისტოს აფხაზეთში არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები იყო დანიშნული.
  • 2020 წლის 9-12 იანვარს აფხაზეთში განვითარებული შიდა პოლიტიკური კრიზისის შედეგად დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგა. ხაჯიმბასა და მის მოწინააღმდეგეებს შორის მოლაპარაკებებში აქტიურად ჩაერთვნენ სურკოვი და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, რაშიდ ნურგალიევი. სურკოვი სოხუმში 12 იანვარს ჩავიდა. სურკოვთან დაახლოებული პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის დირექტორის, ალექსეი ჩესნაკოვის ინფორმაციით, სურკოვი „კმაყოფილია იმით, თუ როგორ მოგვარდა პოლიტიკური კრიზისი მოძმე სახელმწიფოში“. ჩესნაკოვის ცნობით, სურკოვი 12 და 13 იანვარს სოხუმში შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს, ასლან ბჟანიას, ალხას კვიცინიას, რაულ ლოლუას და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის გმირს, ახრა ავიძბას. რაც შეეხება, ხაჯიმბას, სურკოვმა მასთან მხოლოდ სატელეფონო საუბარი გამართა, რასაც მალევე მოყვა ხაჯიმბას გადადგომა.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • აფხაზეთის მსგავსად სურკოვი უშუალოდ აკონტროლებს რუსეთის მხარდაჭერით ცხინვალის რეგიონში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და პერიოდულად სტუმრობს ცხინვალს. 2013 წლის დეკემბერში ცხინვალში განხორციელებული ერთ-ერთი პირველი ვიზიტის დროს, სურკოვმა ცხინვალის რეგიონის  დე ფაქტო მთავრობა გააკრიტიკა. სურკოვს არ მოეწონა თუ როგორ იხარჯებოდა რუსეთის მიერ გამოყოფილი ფული. მის კრიტიკას 2014 წლის დასაწყისში როსტიკ ხუგაევის დე ფაქტო მთავრობის გადადგომა მოჰყვა. 
  • 2014 წლის 23-24 ივნისს სურკოვმა ცხინვალის რეგიონის მიმდინარე სოციალური და სამრეწველო პროექტები დაათვალიერა. 2014 წლის 4 დეკემბერს ცხინვალში ვიზიტისას კი, სურკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ ყველაზე ეფექტური მუშაობისთვის ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი შეაქო. ადგილობრივი მედიის შეფასებით, ცხინვალის რეგიონის  წესრიგის დამყარებას ხელი შეუწყო სწორედ სურკოვის დანიშვნამ, რის შედეგადაც ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი აღდგენითი სამუშაოები შესრულდა და ასევე განხორციელდა 2014 წლისთვის დაგეგმილი საინვესტიციო პროგრამები. 
  • სურკოვის როლი ღიად გამოიკვეთა 2017 წლის 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასაარჩევნო კამპანიის ეტაპზე,  როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობდა. ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ კანდიდატად დარეგისტრირება ვერ მოახერხა იმ მიზეზით, რომ იგი ბოლო ხუთი წელი  მუდმივად არ ცხოვრობდა ცხინვალში. კოკოითიმ 2017 წლის 4 მარტს საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში სურკოვს დასდო ბრალი. კოკოითიმ სურკოვს „თაღლითი“ უწოდა, რომელიც, მისი შეფასებით, ისე მოქმედებდა, „თითქოს სამხრეთ ოსეთის მეპატრონე იყო“. კოკოითიმ მის წინააღმდეგ მუშაობაში სურკოვი, დსთ-ის წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ოლეგ გოვორუნი და ამავე სამმართველოს მთავარი მრჩეველი ალექსეი ფილატოვი დაადანაშაულა
  • 2017 წლის 8–9 ივნისს სურკოვი ცხინვალს ესტუმრა, სადაც რეგიონის რუსეთთან შემდგომი ინტეგრაციის საკითხი განიხილა. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან ერთად სურკოვმა რუსული დაფინანსებით მიმდინარე პროექტების ინსპექტირებაც განახორციელა, მათ შორის ცხინვალში მშენებარე რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სამების ტაძარიც მოინახულა. სურკოვს ვიზიტის დროს ახლდა დენის ტრავინიც, დსთ-ს წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე. 
  • 2018 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების მეათე წლისთავზე რუსეთიდან ჩამოსულ სტუმრებს შორის სურკოვიც იმყოფებოდა. სურკოვმა საზეიმო ღონისძიებებშიც მიიღო მონაწილეობა