მთავარი ფიგურები

ვიაჩესლავ ბითაროვი

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანიას მეთაური (ყოფილი)

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები 

  • ვიაჩესლავ ბითაროვი დაიბადა 1961 წლის 21 თებერვალს სოფ. ზემო სადონში, ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ში, რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1984 წელს დაამთავრა გორსკის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი (მდებარეობდა ქ. ორჯონიკიძეში, ამჟამინდელი ვლადიკავკაზი) ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით.
  • 1984-1986 წლებში საბჭოთა კავშირის არმიაში მსახურობდა.
  • ბითაროვი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას  ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტია.
  • ოფიციალური მონაცემებით, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკის ლიდერებს შორის ყველაზე მდიდარ საჯარო მოხელედ ითვლება

პროფესიული კარიერა

  • 1978 წელს მუშაობა დაიწყო ზეინკლად.
  • სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ კოლმეურნეობაში ინჟინერ-მექანიკოსად დაიწყო მუშაობა. შემდგომში დირექტორის მოადგილედაც მუშაობდა.
  • 1991 წელს ფერმერულ მეურნეობას ხელმძღვანელობდა.
  • 2002-2007 წლებში აგროფირმის დირექტორი იყო.
  • 2007 წელს ლუდსახარში სახლი „ბავარიას“ გენერალური დირექტორი იყო. შემდეგ წლებში გარკვეული პერიოდი ადგილობრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთო. 2012 წელს დროებით კვლავ დაბრუნდა „ბავარიას“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

პოლიტიკური კარიერა

  • 2003-2007 წლებში ქ. ვლადიკავკაზის საქალაქო კრების დეპუტატი იყო.
  • 2007 წელს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას  პარლამენტის მეოთხე მოწვევის დეპუტატი გახდა. იგი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო. 2010-2012 წლებში იგი აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე იყო. 2012 წლის 8 ივნისს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
  • 2012 წლის 14 ოქტომბერს  ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას  პარლამენტის მეხუთე მოწვევის დეპუტატი გახდა. იგი სახელისუფლო პარტია „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატი იყო. თუმცა, არჩევიდან მალევე, ნოემბერში, თავის ბიზნესს დაუბრუნდა.
  • 2015 წლის 10 ივნისს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მოვალეობის დროებით შემსრულებელი გახდა.
  • 2015 წლის 24 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას მთავრობის თავმჯდომარედ დანიშნეს.
  • 2016 წლის 29 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებით, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას მეთაურის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა, წინა მეთაურის გარდაცვალების გამო. 
  • 2016 წლის 18 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას პარლამენტში ჩატარებული ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით რესპუბლიკის მეთაურად აირჩიეს. მას 70 დეპუტატიდან მხარი 56-მა დაუჭირა. მის ინაგურაციას ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ
  • რუსეთში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, ბითაროვს ქვეყნის მასშტაბით გუბერნატორებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომაც, პერიოდულად ვრცელდებოდა ხმები მისი გადადგომის შესახებ.
  • 2021 წლის 9 აპრილს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაკმაყოფილდა ბითაროვის განცხადება ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანიას მეთაურის პოსტიდან გადადგომის შესახებ. ამავე ბრძანებით ბითაროვის მაგივრად რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად სერგეი მენიაილო დაინიშნა.  

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2016 წლის 20 სექტემბერს ბითაროვი ცხინვალის რეგიონში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გამოცხადების  26-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობდა.  2017 წლის 26 მარტს ბითაროვი ვლადიკავკაზში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან ერთად ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებ ცხინვალის რეგიონის მოქალაქეებს შეხვდა. შეხვედრაზე ბითაროვმა განაცხადა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ოსებს მთიანი ქედი ჰყოფთ, ისინი ერთ ერს წარმოადგენენ და ადრე თუ გვიან ისტორიული სამართლიანობა იზეიმებს და ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი კვლავ ერთი რესპუბლიკა გახდება“.  
  • ბითაროვი ჩართული იყო 2017 წლის 9 აპრილს გამართულ არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებშიც, როდესაც მან მხარი მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს ღიად დაუჭირა. თუმცა, ამას მისთვის ხელი არ შეუშლია არჩევნებში ანატოლი ბიბილოვის გამარჯვების შემდეგ ცხინვალში მის ინაუგურაციას დასწრებოდა.
  • 2017 წლის 26 აგვისტოს ბითაროვი ცხინვალში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების მე-9 წლისთავზე იმყოფებოდა
  • 2017 წლის 20 სექტემბერს ბითაროვი ცხინვალის რეგიონში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გამოცხადების  27-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობდა.
  • 2018 წლის 9 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე, პუტინის შეკითხვაზე თუ როგორ მიდის ურთიერთობა ჩრდილოეთ ოსეთსა და ცხივნალის რეგიონს შორის, ბითაროვმა უპასუხა, რომ „ჩვენ ერთი ხალხი ვართ, კულტურა და ენა ერთი გვაქვს. ორი რესპუბლიკის მთავრობა ეხმარება ერთმანეთს და ყველა საკითხის ისე დაყენებას ვცდილობთ, რომ ჩვენი სამუშაო ურთიერთგაგებას და ურთიერთდახმარებას დაეფუძნოს.“
  • 2018 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მიერ ცხივნალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების მეათე წლისთავზე ბითაროვმა ღირსების ორდენი მიიღო ოსეთის ორი მხარის (ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანია და ცხინვალის რეგიონი) ურთიერთობის განმტკიცებისათვის. თავის მხრივ ბითაროვმა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ჩრდილოეთ ოსეთის უმაღლესი ჯილდოთი  დააჯილდოვა „ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის კავშირების განვითარებასა და გამყარებაში შეტანილი წვლილისთვის“. ბითაროვი მრავალრიცხოვანი დელეგაციით იმყოფებოდა ცხინვალში და არაერთ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
  • 2018 წლის 20 სექტემბერს ბითაროვი ცხინვალის რეგიონში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გამოცხადების 28-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობდა
  • 2018 წლის 30 დეკემბერს ბითაროვი ცხინვალს ესტუმრა. იგი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს შეხვდა. შეხვედრაზე „ოსეთის ორი ნაწილის გაერთიანებასთან“ დაკავშირებულ საკითხზეც ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს ბიბილოვმა და ბითაროვმა „ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის ხალხისადმი“ ერთობლივი საახალწლო ვიდეო მიმართვა ჩაწერეს.
  • 2019 წლის 29 მაისს ბითაროვი ცხინვალს ესტუმრა. ბითაროვმა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტის მიღების 27-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ბითაროვი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტი პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს შეხვდა, სადაც თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
  • 2019 წლის 8 აგვისტოს, აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, ბითაროვმა დეპეშა გაუგზავნა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს. დეპეშაში მან მადლიერება გამოთქვა რუსეთისადმი, რომელმაც „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსახლეობას დახმარება გაუწია და შეაჩერა ქართული არმიის უეცარი თავდასხმა მშვიდობისმყოფელებზე, ქალებზე, მოხუცებზე, ბავშვებზე და, ზოგადად, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე“.
  • 2019 წლის 26 აგვისტოს ქ. ცხინვალში ბითაროვი დაესწრო საზეიმო გამოფენის გახსნას, რომელიც მიეძღვნა რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის“ აღიარების 11 წლისთავს. მან ასევე მონაწილეობა მიიღო საზეიმო ეთნოგრაფიულ ღონისძიებაში. მან რეგიონის მოსახლეობას აღნიშნული დღე მიულოცა და დაამატა, რომ „მისთვის სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ როგორ ვითარდება რესპუბლიკა“.
  • 2020 წლის 26 აგვისტოს შედგა ბითაროვისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის სატელეფონო საუბარი. საუბრის დროს ბითაროვმა ბიბილოვს რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის“ აღიარების 12 წლისთავი მიულოცა. მან ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთის ფედერაციის ისტორიული გადაწყვეტილება ოსი ერისთვის განვითარებისა და აყვავების ახალ შესაძლებლობებს ქმნის“.
  • 2020 წლის 3 ნოემბერს სატელეფონო საუბრის ფარგლებში ბითაროვმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბიბილოვმა კორონავირუსთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ბითაროვის განცხადებით, ის თავს „ვალდებულად მიიჩნევს, რომ ყველა შესაძლო დახმარება გაუწიოს თავის ძმებსა და დებს ეპიდემიასთან ბრძოლაში“.