მთავარი ფიგურები

დენის ტრავინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე (ყოფილი)

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები 

  • დენის ტრავინი დაიბადა 1972 წლის 17 ივლისს ქ. კოსტრომაში, რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1994 წელს დაამთავრა ივანოვოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
  • 2005 წელს საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. ტრავინი გარკვეული პერიოდი სახელმწიფო სამსახურისა და მართვის ინსტიტუტში დოცენტი იყო

პროფესიული კარიერა

  • ტრავინი 1994 წლიდან ტექსტილის კომპანია „კონტექს“-ის იურიდიული სამსახურის უფროსი იყო.
  • 2000-2005 წლებში კომპანია „ლუკოილ-ნეფტეხიმ“-ში სამართლებრივ საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.
  • 2006 წლიდან „აი პრაიზ მენეჯმენტ“-ში კორპორატიული მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
  • 2008 წელს ტრავინი რუსეთის ფედერაციის რეგიონული განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის დირექტორად დანიშნეს
  • 2013 წლის ოქტომბერში დსთ-ს წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს უფროსად ოლეგ გოვორუნის დანიშვნის შემდეგ ტრავინი რეგიონული განვითარების სამინისტროდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გოვორუნის მოადგილედ დაინიშნა. 2018 წლის 2 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს“ შესახებ. ბრძანების თანახმად სამმართველომ დსთ-ის წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველო ჩაანაცვლა. სტრუქტურული ცვლილების შემდეგ ტრავინმა შეინარჩუნა საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოში უფროსის მოადგილის თანამდებობა.
  • 2020 წლის 10 ივნისს ტრავინმა დატოვა პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2015 წლის 13 ნოემბერს ტრავინი რუსულ–აფხაზურ რიგით მეექვსე საქმიან ფორუმს დაესწრო, სადაც ფორუმის მონაწილეებთან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართვა გააჟღერა
  • 2015 წლის  29 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი აფხაზეთს ერთი დღით ესტუმრა. სურკოვის დელეგაციაში ტრავინიც შედიოდა.
  • 2016 წლის 18 ივლისს ტრავინი სურკოვთან და გოვორუნთან ერთად გაგრაში აფხაზურ მხარესთან შეხვედრებს დაესწრო
  • 2016 წლის 15 ნოემბერს ტრავინი რუსულ–აფხაზურ რიგით მეშვიდე საქმიან ფორუმს დაესწრო. აღნიშნული ღონისძიება რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აფხაზეთის ეკონომიკური სამინისტროს ორგანიზებული იყო.
  • 2017 წლის 10 თებერვალს ტრავინი დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრს ადგურ არძინბას მოსკოვში შეხვდა, სადაც საშუალო და მსხვილი ბიზნესის დაკრედიტების პროგრამა განიხილეს.
  • 2018 წლის 27 ივნისს სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა გენადი გაგულიამ ტრავინი და ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი მიიღო. შეხვედრის დროს განიხილეს საინვესტიციო პროექტების რეალიზაციისა და ზოგიერთ ობიექტზე მშენებლობის დაგვიანების საკითხი. ვიზიტის ფარგლებში ტრავინი დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასაც შეხვდა. ტრავინმა ოჩამჩირეს რაიონში მშენებლობებიც დაათვალიერა
  • 2019 წლის 23 ოქტომბერს, სოხუმში, აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2017-2019 წლების მხარდამჭერ საინვესტიციო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრაში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და რუსეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის ტრავინი, ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი და სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი ანტონ მელნიკი. შეხვედრაზე აფხაზეთ-რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის მე-18 შეხვედრის მოსამზადებელი საკითხებიც განიხილეს.
  • 2019 წლის 18-19 დეკემბერს აფხაზეთს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობითი დელეგაცია ესტუმრა. 19 დეკემბერს, სოხუმში, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-18 შეხვედრა ჩატარდა. სხდომის თანათავჯდომარეები იყვნენ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი, ვიტალი მუტკო და აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა.  რუსეთის დელეგაციის წევრები იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრი სერგეი ჩებოტარევი, მისი მოადგილე იგორ კოშინი და სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი ანტონ მელნიკი. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დელეგაციის წევრები იყვნენ საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ალექსეი ფილატოვი და ტრავინი. შეხვედრაზე კომისიამ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამა დაამტკიცა.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2015 წლის 14 ოქტომბერს ტრავინი სპორტული კომპლექსის „ოლიმპ“-ის გახსნის ღონისძიებაზე დასასწრებად ცხინვალს ესტუმრა. ტრავინმა ვიზიტის დროს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვისგან „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მედალი მიიღო
  • 2016 წლის 2 თებერვალს ტრავინი ცხინვალში იმყოფებოდა, სადაც ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი კონტრაქტორ კომპანიებთან ცხინვალის რეგიონის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 2015 წელს შესრულებულ სამუშაოს აჯამებდა.
  • 2017 წლის 17 მაისს ტრავინმა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის თავმჯდომარეობით მიმდინარე თათბირში მიიღო მონაწილეობა, სადაც ცხინვალში თანამედროვე სასტუმროს მშენებლობის საკითხი განიხილეს. შეხვედრას დე ფაქტო პრემიერ–მინისტრი, ერიკ ფუხაევიც ესწრებოდა. ტრავინმა ფუხაევთან ერთად ახალი მშენებარე თეატრი, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო დისპანსერი, საცხოვრებელი სახლები და საოპერაციო-ქირურგიული კომპლექსი დაათვალიერა. ვიზიტის დროს ტრავინმა ახალი თეატრის  მშენებლობის ტემპები დაიწუნა
  • 2017 წლის 8 ივნისს ტრავინი ცხინვალში ვლადისლავ სურკოვთან ერთად იმყოფებოდა. ტრავინმა დე ფაქტო პრემიერ–მინისტრთან ერთად ახალგორის ოკუპირებულ რაიონში მიმდინარე მშენებლობების (სკოლა, ბაღა) ინსპექტირება მოახდინა.
  • 2017 წლის 26 ოქტომბერს ტრავინმა მონაწილეობა მიიღო ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერ ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრაში, სადაც ადგილობრივ ხელისუფლებაში საკადრო დეფიციტზე ისაუბრა და რეფორმის ხელისუფლების მაღალი ეშოლენებიდან დაწყების რეკომენდაცია გასცა. 2018 წლის 25 სექტემბერს ტრავინი ცხინვალს ესტუმრა ცხინვალის რეგიონის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2018-2019 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობის ინსპექტირების მიზნით. მან ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ერიკ ფუხაევთან ერთად მიმდინარე მშენებლობების ინსპექტირება განახორციელა, მათ შორის ტრავინმა მოინახულა სამედიცინო-სოციალური ცენტრი, საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმრო, ქუჩები. სასტუმრო „ირისტონ“-ის დათვალიერების შემდეგ ტრავინმა აღნიშნა, რომ ცხინვალის ცენტრი საკმაოდ მიმზიდველად, „ევროპულად“, გამოიყურებოდა. მთლიანობაში ტრავინი ვიზიტით კმაყოფილი დარჩა. ინსპექტირების დასასრულს ტრავინი პურფუნთუშეულის ნაწარმის ახალ საწარმოს ესტუმრა. ვიზიტის დასასრულს ტრავინი დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვსაც შეხვდა
  • 2019 წლის 18 თებერვალს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალის რეგიონში რუსეთის საინვესტიციო პროგრამების განხორციელების საკითხები რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინთან და ტრავინთან ერთად განიხილა. ცხინვალში გამართულ შეხვედრაზე 2018 წელს საინვესტიციო პროგრამების განხორციელებისა და 2019 წელს დაგეგმილი პროგრამების შესახებაც იმსჯელეს. განხილვის საგანი იყო 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამების პროექტის ფორმირების საკითხიც.
  • 2019 წლის 23 თებერვალს ცხინვალში „სამშობლოს დამცველის დღისადმი“ მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან ერთად, ტრავინიც დაესწრო. ტრავინი ცხინვალში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
  • 2019 წლის 19 სექტემბერს ტრავინი, თავის უფროს ალექსეი ფილატოვთან ერთად, ცხინვალის რეგიონს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა. კრემლიდან ჩამოსულმა დელეგაციამ ცხინვალის რეგიონის მიერ რესპუბლიკის გამოცხადების 29-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ტრავინი და ფილატოვი ვიზიტის ფარგლებში რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვსაც შეხვდნენ და საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობებიც მოინახულეს.
  • 2019 წლის 28 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი სამუშაო ვიზიტით ცხინვალის რეგიონს ესტუმრა. კოშინის დელეგაციის წევრები იყვნენ ტრავინი და რეგიონში რუსეთის  „ელჩი“, მარატ კულახმეტოვი. ვიზიტის ფარგლებში რუსეთის დელეგაცია ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს შეხვდა. შეხვედრაზე 2019 წელს ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის განხორციელების შედეგები განიხილეს.
  • 2019 წლის 24 დეკემბერს, ცხინვალში, ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ოთხი ობიექტი (საბავშვო ბაღი, გადასახადებისა და მოსაკრებლების კომიტეტის  შენობა, სამშობიარო სახლი, მრავალბინიანი სახლები) გახსნეს. საზეიმო ღონისძიებებში დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლის ბიბილოვის გარდა, მონაწილეობა მიიღეს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმაც, მათ შორის ტრავინმა, რუსეთის „ელჩმა“ რეგიონში, მარატ კულახმეტოვმა და ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იგორ კოშინმა.