მთავარი ფიგურები

იგორ ზუბოვი

რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი სტატს-მდივანი - მინისტრის მოადგილე იგორ ზუბოვია. ზუბოვის პასუხიმგებლობის სფეროში შედის ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო სამართალდამცავ სტრუქტურებთან ურთიერთობების გაღრმავება. მან განსაკუთრებული როლი შეასრულა სოხუმსა და ცხინვალში შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრების შექმნაში.

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები 

  • იგორ ზუბოვი დაიბადა 1956 წლის 22 ივლისს ქ. მოსკოვში, რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1977 წელს წარჩინებით დაამთავრა საბჭოთა კავშირის შს სამინისტროს ომსკის მილიციის უმაღლესი სკოლა სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
  • არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი. მისი დისერტაციის თემა იყო „რუსეთის შს სამინისტროს ფუნქციონირებისა და განვითარების სახელმწიფო-სამართლებრივი და საორგანიზაციო პრობლემები“.
  • 2013 წლის 7 ოქტომბერს პრეზიდენტის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის პირველი კლასის ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველის საკლასო ჩინი მიენიჭა.
  • თავისი ხანგრლივი კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. არის რუსეთის შს სამინისტროს საპატიო თანამშრომელი და რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის წევრი.
  • გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი შინაგან საქმეთა ორგანოების ოპერატიულ-სამძებრო და  ადმინისტრაციულ საქმიანობაზე და სხვა თემებზე.
  • ზუბოვის სახელი რამდენიმე სკანდალურ ისტორიას უკავშირდება. კერძოდ, ზუბოვის განცხადებით, მისი ოჯახი თაღლითობის მსხვერპლი გახდა, როდესაც მისი შვილის ოჯახი 2010 წელს მოსკოვის პრესტიჟულ გარეუბანში მდებარე სახლიდან ძალით გაასახლეს და ბინისა და ანტიკვარიატის კოლექციის გარეშე დატოვეს. 2010 წელს ამ საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და მეორე მხარის შეფასებით, მათ მიმართ სერიოზული პრეტენზიები სამართალდამცავ ორგანოებს მხოლოდ მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ზუბოვი 2012 წელს სამინისტროში დაბრუნდა. კიდევ ერთი ისტორიით, ზუბოვის შვილის დენისის სახელი ოფშორული კომპანიის მფლობელთა სიაში ფიგურირებდა. დენისი ოფშორულ კომპანიას 2001 წლის თებერვლიდან 2004 წლის ივნისამდე ფლობდა, მაშინ როდესაც იგი მხოლოდ 22 წლის იყო და მამამისი სამინისტროდან ჯერ არ იყო წასული. 

პროფესიული კარიერა

  • ზუბოვს სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. იგი 1973-2001 წლებში შს სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.
  • 1997-1998 წლებში შს სამინისტროს მთავარი შტაბის უფროსის მოადგილე იყო.
  • 1998-1999 წლებში შს სამინისტროს მთავარი საორგანიზაციო-ინსპექტირების სამმართველოს უფროსი იყო.
  • 1999-2001 წლებში შს მინისტრ ვლადიმერ რუშაილოს მოადგილე იყო. ამ პერიოდში იგი ჩეჩნეთის საკითხს კურირებდა და ჩეჩნეთსა და დაღესტანში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა. 2001 წლის მარტში გენერალ-პოლკოვნიკის რანგში საკუთარი სურვილით დატოვა სამინისტრო.
  • 2001 წლის ნოემბრიდან 2003 წლის ივლისამდე ზუბოვი უმსხვილესი საფინანსო-სამრეწველო კორპორაცია „სისტემა“-ში ჯერ „„რეგიონის“ სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების სააქციო საზოგადოების“ პრეზიდენტი, შემდეგ კი მთლიანად კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო, სადაც საკადრო პოლიტიკას და რეგიონულ განვითარებას კურირებდა.
  • 2003 წელს ტვერის ოლქში გუბერნატორის არჩევნებში წარუმატებლად მიიღო მონაწილეობა და მეორე ტურში ხმების მხოლოდ 33.85% მიიღო. არჩევნებამდე უცნობმა პირებმა ზუბოვის სახლიც დაცხრილეს, თუმცა არავინ დაშავებულა. ზოგიერთი შეფასებით, ეს მისი მოწინააღმდეგეების შეკვეთილი იყო, თუმცა სხვა ვერსიით ეს წინასაარჩევნოდ დადგმული შოუ იყო. 
  • 2004-2005 წლებში მოსკოვის მთავრობის მიერ დაფუძნებულ საპრეზიდენტო პროგრამების რეგიონთაშორის ფონდს ხელმძღვანელობდა.
  • 2007-2011 წლებში ტვერის ოლქის საკანონმდებლო ორგანოს მეოთხე მოწვევის დეპუტატი იყო.
  • 2011 წლიდან შს სამინისტროს მოსკოვის უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა და საკონსტიტუციო და მუნიციპალური სამართლის კათედრის პროფესორი იყო.
  • 2012 წლიდან კვლავ სამინისტროს დაუბრუნდა, როდესაც 16 ივნისს სტატს-მდივნად - მინისტრ ვლადიმერ კოლოკოლცევის მოადგილედ დანიშნეს

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2014 წლის 23 ივნისს ზუბოვმა მოსკოვში სამუშაო შეხვედრა გამართა აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრის მ.შ. რაულ ლოლუასთან. შეხვედრაზე აფხაზეთისთვის საკონსულტაციო-სამართლებრივი დახმარების, საზღვრისპირა თანამშრომლობისა და კადრების მომზადების საკითხები განიხილეს
  • 2017 წლის 18 მაისს, სოჭში, ზუბოვმა შინაგან საქმეთა სტრუქტურების ერთობლივი საინფორმაცი-საკოორდინაციო ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრთან, ასლან კობახიასთან. შეთანხმება „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელშეკრულების ნაწილია, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 2014 წლის 24 ნოემბერს მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ ზუბოვმა განაცხადა, რომ დოკუმენტი „სრულად“ და „ყველა დონეზეა“ შეთანხმებული. ზუბოვის თქმით, „შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ამ სფეროში სრულფასოვან თანამშრომლობას უკვალავს გზას, მათ შორის რუსეთისა და აფხაზეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის, და საერთაშორისო [საპოლიციო] თანამშრომლობის საშუალებას იძლევა“. აღნიშნულ ღონისძიებაზე საინტერესო განცხადება გააკეთა კობახიამ: „შემიძლია ღიად განვაცხადო, რომ ალბათ პირველი პოლიტიკოსი ვარ, ვინც ამას ამბობს, რომ 2009 წლიდან [აფხაზეთის] მთელი სამართალდამცავი სეგმენტი რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან ფინანსდება“. კობახიამ იმ სტრუქტურებს შორის, რომლებიც სრულად ფინანსდება რუსეთიდან, თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროების სამსახური დაასახელა. შემდეგ მან დააკონკრეტა, რომ რუსეთი დაახლოებით 1.2 მილიარდ რუსულ რუბლს (21 მილიონ აშშ დოლარს) იხდის ყოველწლიურად აფხაზეთის სამართალდამცავი სტრუქტურების ხარჯების დასაფარად. აფხაზეთში ოპოზიციურმა ძალებმა მწვავედ გააკრიტიკეს შეთანხმება.
  • 2017 წლის 17 აგვისტოს სოხუმს რუსეთის შს სამინისტროს დელეგაცია ზუბოვის ხელმძღვანელობით ესტუმრა. რუსულ დელეგაციას აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და შს მინისტრმა ასლან კობახიამ უმასპინძლა. მხარეებმა 2017 წლის 18 მაისს შინაგან საქმეთა სტრუქტურების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების რეალიზაციის საკითხიც განიხილეს, რომელიც პირველ ეტაპზე საორგანიზაციო-სამეურნეო საკითხების (ცენტრისთვის განკუთვნილი შენობის კაპიტალური რემონტი და რეკონსტრუქცია, ტექნიკური უზრუნველყოფა, საკადრო საკითხები) გადაწყვეტას მოითხოვდა. შეხვედრის დროს ცენტრის ხელმძღვანელის კანდიდატურაზეც იმსჯელეს. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ამ პოსტზე აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტროს კანდიდატურა ბესლან ფარულუა დასახელდა. მხარეებმა ასევე განიხილეს 2014 წლის 24 ნოემბერს ხელმოწერილი მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის  შეთანხმების პრიორიტეტული ამოცანები, მათ შორის აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, სამინისტროს თანამშრომელთა სახელფასო უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიების საკითხები. 
  • 2020 წლის 23 ოქტომბერს მოსკოვში ხელი მოაწერეს შეთანხმებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის „აფხაზეთის [დე ფაქტო] რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ეტაპობრივი გაზრდის ხარჯების თანადაფინანსების, აფხაზეთის [დე ფაქტო] რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლების ფულადი შემწეობისა და სოციალური გარანტიების შესახებ“. შეთანხმებას ხელი მოაწერეს აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრმა დმიტრი დბარმა და ზუბოვმა.
  • 2023 წლის 5 ივლისს დე ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრი რობერტ კიუტი მოსკოვში ზუბოვს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს: 2021-2023 წლებში თანამშრომლობის პროგრამის განხორციელების, სოხუმში შს ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაცო ცენტრის შენობის მშენებლობის, სასაზღვრო რაიონებში დანაშაულთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის, საკურორტო სეზონზე რუსი ტურისტების უსაფრთხოების საკითხები.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2014 წლის 18 აპრილს ზუბოვი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ცხინვალში, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს შეხვდა. შეხვედრაზე დე ფაქტო შს სამინისტროს საქმიანობის ეფექტურობის  გაზრდისა და უწყების რეფორმირების პერსპექტივების საკითხი განიხილეს. ზუბოვის განცხადებით, საუბარი შედგა დე ფაქტო სამინისტროს ფუნქციების ოპტიმიზაციისა და თანამშრომელთა ხელფასების გაზრდის, უპირველეს ყოვლისა შიდა რეზერვების ხარჯზე, საკითხებზე. ზუბოვმა ასევე მოსახლეობაში არსებულ იარაღზეც ისაუბრა. მისი თქმით, მათ იციან, რომ მოსახლეობას ბევრი იარაღი აქვს, მაგრამ ამ სფეროში წესრიგი უნდა იყოს, რისთვისაც იარაღის გარკვეული ფორმით აღწერა უნდა ჩატარდეს. 
  • 2015 წლის 10 აპრილს ცხინვალში ვიზიტის დროს ზუბოვი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს და დე ფაქტო შს სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დროს განიხილეს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობისათვის ე.წ. მოკავშირეობის შეთანხმების ფარგლებში დამატებით სხვა დოკუმენტების შემუშავების საკითხი. 
  • 2017 წლის 26 ივნისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტთან შეხვედრაზე ზუბოვმა განაცხადა, რომ „ცხინვალში საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნა გადაწყვეტილი საკითხია“. ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმებას 2016 წლის 4 ივლისს მოეწერა ხელი. ზუბოვის თქმით, „ცენტრის გასახსნელად დაფინანსება არსებობს, რომელიც 2017 წლის ბოლომდე უნდა აითვისონ, რაც შენობის კაპიტალურ რემონტს და თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვას მოხმარდება“. ზუბოვის განცხადებით, „ცენტრი იურიდიულად დამოუკიდებელი ორგანოა, ფაქტობრივად საერთაშორისო ორგანიზაციაა და მის ხელმძღვანელს სხვადასხვა საკითხებში შესაძლებლობის დიდი სპექტრი ექნება“. მისი თქმით, „რადგან ცენტრის პირველი ხელმძღვანელი ცხინვალის რეგიონიდან იქნება, მისთვის გაცილებით მარტივი იქნება საწყის ეტაპზე დასახული ამოცანების გადაჭრა“. შეხვედრაზე სხვა საკითხებიც განიხილეს, მათ შორის მაღალტექნოლოგიური კრიმინალისტიკური ლაბორატიის შექმნისა და რუსეთის შს სამინისტროს სასწავლებლებში სწავლის შესაძლებლობის საკითხები. 
  • 2018 წლის 19 თებერვალს ზუბოვი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერს ანატოლი ბიბილოვს მოსკოვში შეხვდა. შეხვედრისას 2015 წლის მარტში ხელმოწერილი მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების რეალიზაციისა და ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა  საკითხებზე იმსჯელეს. მხარეებმა რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის საზღვრისპირა რეგიონებში დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებებიც გაცვალეს.
  • 2018 წლის 9 ნოემბერს ზუბოვი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს მინისტრს იგორ ნანიევს მოსკოვში, რუსეთის შს სამინისტროში შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს. გარდა ამისა, ზუბოვმა და ნანიევმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 
  • 2020 წლის 30 აპრილს, მოსკოვში, რუსეთში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩმა ზნაურ გასიევმა და ზუბოვმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს, რომელიც 2017 წლის 14 ნოემბერს ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმების დამატებაა. შეთანხმება ცხინვალის რეგიონის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებისთვის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, ფულადი ანაზღაურებისა და სოციალური გარანტიების ეტაპობრივი ზრდის ხარჯების თანადაფინანსებას ითვალისწინებს. პროტოკოლის მოქმედების ვადა 2019 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. ახალი პროტოკოლის ხელმოწერა ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დაგვიანდა.
  • 2022 წლის 16 ივნისს მოსკოვში ვიზიტად მყოფი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი  ზუბოვს შეხვდა. შეხვედრაზე 2015 წლის 18 მარტს მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების განხორციელების საკითხები განიხილეს. ამავე დროს შეხვედრაზე შს ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის მუშაობის ეფექტურობის ამაღლების, კადრების მომზადებისა და სამართალდამცავ სფეროში საქმიანობის სხვადასხვა ასპექტი განიხილეს.
  • 2023 წლის 7 აპრილს ზუბოვმა ალან გუჩმაზოვს დე ფაქტო შს მინისტრად დანიშვნა მიულოცა. გუჩმაზოვი „მინისტრად“ 5 აპრილს დაინიშნა.