მთავარი ფიგურები

იგორ კოშინი

რუსეთს ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე (ყოფილი)

იგორ კოშინი ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილეა და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მისი უშუალო საკურატოროა. იგი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ხშირი სტუმარია. ამ ვიზიტების დროს მას ხშირად ახლავს თან დენის ტრავინიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებული საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გამართული მისი შეხვედრების ანალიზის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ეტაპზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერი საინვესტიციო პროგრამების ფარგლებში პროექტების განხორციელების მონიტორინგი ტრავინთან ერთად მისი უშუალო მოვალეობაც არის. კოშინი ტრავინთან ერთად კრემლის მიერ გამოყოფილი ფინანსების ხარჯვის კონტროლს და მიმდინარე პროექტების განხორციელებას უზრუნველყოფს.

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები 

  • იგორ კოშინი დაიბადა 1974 წლის 27 აგვისტოს ქ. უსინკსში, კომის ასსრ-ში, რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1996 წელს დაამთავრა სიკტივკარის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი წარმოების მართვის სპეციალობით. მან ასევე დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტიც.
  • 1996-2000 წლებში ქ. სიკტივკარში მუშაობდა სხვადასხვა კომერციულ სტრუქტურებში, მათ შორის ტურისტული კომპანიის დირექტორი იყო.
  • 2000-2001 წლებში ქ. ნარიან-მარში მოქმედი არაკომერციული ორგანიზაცია „ჩრდილოეთის გეოლოგების და მენავთობეების კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორი იყო.
  • 2003 წელს დაამთავრა კომის რესპუბლიკის მეთაურთან არსებული სახელმწიფო სამსახურის აკადემია.

პოლიტიკური მოღვაწეობა

  • 2001 წელს კოშინმა ნარიან-მარის მერის პოსტისთვის ბრძოლაში არჩევნები წააგო.
  • 2001-2005 წლებში ნენეცის ავტონომიური ოლქის დეპუტატთა კრების წევრი და კრების თავმჯდომარის მოადგილე იყო. მან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
  • 2005-2012 წლებში ნენეცის ავტონომიური ოლქის დეპუტატთა კრების თავმჯდომარე იყო. 2005 წელს ოლქის გუბერნატორის პოსტისთვისაც იბრძოლა, მაგრამ არჩევნების მეორე ტურში დამარცხდა
  • 2012-2014 წლებში რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს წევრი იყო. იგი სახელისუფლო პარტიის „ერთიანი რუსეთის“ წევრი და 2002-2004 წლებში ნენეცის ავტონომიური ოლქში პარტიის რეგიონული განყოფილების პოლიტსაბჭოს მდივანი იყო.
  • 2014 წლის 22 თებერვლიდან ნენეცის ავტონომიური ოლქის გუბერნატორის მოვალეობას ასრულებდა.
  • 2014 წლის 14 სექტემბერს ნენეცის ავტონომიური ოლქის გუბერნატორად აირჩიეს. მან ამომრჩეველთა ხმების 76% მიიღო. იგი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გუბერნატორი იყო რუსეთში.
  • 2014-2017 წლებში ნენეცის ავტონომიური ოლქის გუბერნატორი იყო. იგი 2017 წლის 28 სექტემბერს ვადაზე ადრე გადადგა. კოშინს გუბერნატორებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა. მას რეგიონში არსებულ ფინანსურ პრობლემებში ადანაშაულებდნენ, რაც ნავთობზე ფასების ვარდნითაც იყო გამოწვეული. რუსი ექსპერტების შეფასებით, კოშინის პოზიციები რეგიონში „როსნეფტის“ გააქტიურების შედეგად შესუსტდა, რადგან მას „ლუკოილის“ ინტერესების ლობისტად მიიჩნევდნენ. მისი გადადგომის ერთ-ერთ მიზეზად „[2012 წლის] მაისის საპრეზიდენტო ბრძანებების“ შეუსრულებლობაც სახელდებოდა, კერძოდ მან ვერ შეძლო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდა.
  • 2017 წლის 21 დეკემბერს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა კოშინი ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნა. მინისტრ ლევ კუზნეცოვის გადაწყვეტილებით, კოშინი საერთაშორისო თანამშრომლობის გარდა, რუსეთისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ურთიერთობების კურატორი გახდა. კოშინმა პოსტი შეინარჩუნა 2018 წლის 18 მაისს ახალი მინისტრის, სერგეი ჩებოტარევის დანიშვნის შემდეგაც.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2018 წლის 27 ივნისს კოშინი ტრავინთან ერთად სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს საინვესტიციო პროექტებზე სასაუბროდ შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში კოშინი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტსა და აფხაზეთში რუსეთის „ელჩსაც“ შეხვდა. მან ასევე მოინახულა ოჩამჩირეს რაიონში მიმდინარე მშენებლობები. 
  • 2018 წლის 17 ივლისს ჩებოტარევი აფხაზეთს ესტუმრა. ვიზიტის დროს ჩებოტარევს კოშინი და მელნიკიც ახლდნენ. აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებთან შეხვედრებზე 2017-2019 წლებში აფხაზეთის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის რეალიზაციის საკითხები განიხილეს.
  • 2018 წლის 12 ოქტომბერს, სოხუმში, რუსეთ-აფხაზეთის რიგით მეცხრე საქმიანი ფორუმი გაიხსნა. ღონისძიება, რომელშიც 400-მდე ადამიანი მონაწილეობდა, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული. ფორუმის ფარგლებში აფხაზური საწარმოებისა და ორგანიზაციების გამოფენა მოეწყო. ასევე გაიმართა ფორუმის პლენარული სხდომა, სადაც რუსეთ-აფხაზეთის 10-წლიანი თანამშრომლობა შეაჯამეს და თანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივები განიხილეს. ფორუმზე რუსეთის დელეგაციას კოშინი ხელმძღვანელობდა, რომელიც ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
  • 2019 წლის 20 თებერვალს, კოშინმა რუსეთსა და აფხაზეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართა. შეხვედრის დროს სხვადასხვა საკითხები განიხილეს: რუსეთსა და აფხაზეთს შორის გადასახადების დაწესების საკითხი; აფხაზეთის საკანონმდებლო აქტებში ცვლილება, რომლის მიზანიც უნდა იყოს აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსი ინვესტორებისა და რუსული კაპიტალით დაფუძნებული კომპანიების თანამშრომლებისათვის რეგისტრაციის პროცედურების გამარტივება.
  • 2019 წლის 22 აპრილს, სოხუმში, აფხაზეთსა და რუსეთს შორის საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა გაიმართა. აფხაზური მხრიდან სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე იყო დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა, რუსეთის მხრიდან - კოშინი. შეხვედრაზე თანამშრომლობის გაფართოების მექანიზმები განიხილეს.
  • 2019 წლის 11 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს, ხაზინისა და ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რუსეთის დელეგაციამ 2018 წელს რუსეთის ფინანსური დახმარების ხარჯვის მიზნობრიობის მონიტორინგი განახორციელა. აფხაზურ მხარეს დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა წარმოადგენდა, რუსეთის მხარეს კი, კოშინი. შეხვედრის დაწყებამდე სამუშაო ჯგუფის წევრებმა საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების შესრულების ინსპექტირება განახორციელეს. შეხვედრის მონაწილეებმა 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის დამტკიცების გეგმაც განიხილეს.
  • 2019 წლის 19 ივლისს კოშინი სამუშაო ვიზიტით აფხაზეთს ესტუმრა. კოშინმა ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2017-2019 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობები დაათვალიერა. კოშინმა ვიზიტი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ვალერი ბგანბასთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრაზე ორმხრივი სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 2019 წელს დაგეგმილი 56 ღონისძიების განხორციელების საკითხი. შეხვედრის შემდეგ კოშინმა ქ. გაგრაში სკოლის მშენებლობის მიმდინარეობა შეამოწმა.
  • 2019 წლის 22 აგვისტოს კოშინი აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2017-2019 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სოციალური და ინფრასტრუქტურული ობიექტების (ქ. გაგრასა და სოფ. ლიხნში სკოლები, ქ. ახალ ათონში საბავშვო ბაღი, ტყვარჩელის რაიონში ცენტრალური რაიონული საავადმყოფო) მშენებლობის დათვალიერების მიზნით აფხაზეთს ესტუმრა. ობიექტების დათვალიერების შემდეგ კოშინმა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში რუსეთსა და აფხაზეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა. კოშინის ვიზიტის ფარგლებში, ქ. სოხუმს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაზიდვისა და დაპრესვისთვის ორი სპეციალიზებული ავტომობილი გადაეცა
  • 2019 წლის 9 ოქტომბერს, აფხაზეთში, დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია გაიმართა. საზეიმო ღონისძიებაში ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობა რუსეთის წარმომადგენლებმაც მიიღეს. სტუმრებს შორის იყო კოშინიც. კოშინი ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრ სერგეი ჩებოტარევთან ერთად ხაჯიმბას პირისპირაც შეხვდა.
  • 2019 წლის 23 ოქტომბერს, სოხუმში, აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2017-2019 წლების მხარდამჭერ საინვესტიციო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრაში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და რუსეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის კოშინი, სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი ანტონ მელნიკი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე დენის ტრავინი. შეხვედრაზე აფხაზეთ-რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის მე-18 შეხვედრის მოსამზადებელი საკითხებიც განიხილეს.
  • 2019 წლის 18-19 დეკემბერს აფხაზეთს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობითი დელეგაცია ესტუმრა. 19 დეკემბერს, სოხუმში, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-18 შეხვედრა ჩატარდა. სხდომის თანათავჯდომარეები იყვნენ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი, ვიტალი მუტკო და აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა.  რუსეთის დელეგაციის წევრები იყვნენ კოშინი, ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრი სერგეი ჩებოტარევი და სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი ანტონ მელნიკი. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დელეგაციის წევრები იყვნენ საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ალექსეი ფილატოვი და მისი მოადგილე დენის ტრავინი. შეხვედრაზე კომისიამ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამა დაამტკიცა.
  • 2020 წლის 22 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროში რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კოშინი იყო. რუსეთის დელეგაციის წევრები იყვნენ ანტონ მელნიკი -  საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი და ვერა დენკი - საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, აფხაზეთის რესპუბლიკასთან ურთიერთქმედების საკითხებში განყოფილების უფროსი.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2018 წლის თებერვალში კოშინი დსთ-ს წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე დენის ტრავინთან ერთად საინვესტიციო პროგრამების რეალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით ცხინვალში იმყოფებოდა, სადაც ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერს ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და მიმდინარე მშენებლობებიც დაათვალიერა. მშენებლობის ინსპექტირების დროს კოშინმა განაცხადა, რომ „ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ჩვენს გვსურს“. 
  • 2018 წლის 3 აპრილს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 2018-2019 წლების საინვესტიციო პროგრამის რეალიზაციის დაწყების შესახებ ცხინვალში კოშინისა და ტრავინის ვიზიტის პერიოდში განაცხადა. კოშინმა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მშენებლობების ინპსექტირების ფარგლებში დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ერიკ ფუხაევთან ერთად „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა“ და დრამატული თეატრის შენობა დაათვალიერა.
  • კოშინი ჩებოტარევის მინისტრად დანიშვნიდან (2018 წლის 18 მაისი) მოკლე პერიოდში ახალ უფროსთან ერთად ცხინვალის რეგიონსაც ესტუმრა და აფხაზეთსაც. ჩებოტარევი მინისტრად დანიშვნის შემდეგ ცხინვალს პირველად 2018 წლის 16 ივლისს ესტუმრა. ჩებოტარევს კოშინი და სამინისტროს საერთაშორისო განვითარების  დეპარტამენტის დირექტორი ანტონ მელნიკიც თან ახლდნენ. კოშინმა 2018-2019 წლებში ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის რეალიზაციის განხილვისადმი მიძღვნილ მთავრობის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
  • 2018 წლის 5 ოქტომბერს კოშინმა ცხინვალში ვიზიტის დროს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტთან ანატოლი ბიბილოვთან საინვესტიციო პროგრამის განხორციელების მიმდინარეობა განიხილა. კოშინმა პროგრამის რეალიზაციის დინამიკა პოზიტიურად შეაფასა და შემდგომი წლის გეგმებზეც ისაუბრა. შეხვედრაზე სამთავრობათშორისო კომისიის მორიგი შეხვედრის დღის წესრიგიც განიხილეს
  • 2018 წლის 31 ოქტომბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალში რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე თათბირი გამართა. რუსეთის მხრიდან შეხვედრაში კოშინი მონაწილეობდა. შეხვედრაზე დაგეგმილი სამთავრობათაშორისი შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები და 2018-2019 წლების ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი სამთავრობო საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. კოშინმა ვიზიტის ფარგლებში რუსული დაფინანსებით მშენებარე გუფთა-კვაისას გზის მშენებლობაც მოინახულა.
  • 2018 წლის 15 ნოემბერს მოსკოვში რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის სამთავრობათშორისო კომისიის რიგით მე-19 შეხვედრა გაიმართა, რომლის თავმჯდომარეც რუსეთის მხრიდან მუტკო იყო. შეხვედრაში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრი სერგეი ჩებოტარევი და კოშინიც მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე 2018 წლისთვის ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის ფინანსური დახმარებისა და 2018-2019 წლებში სოციალურ-ეკონომიკურ განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის განხორციელების საკითხები განიხილეს
  • 2019 წლის 18 თებერვალს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალის რეგიონში რუსეთის საინვესტიციო პროგრამების განხორციელების საკითხები კოშინთან და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე დენის ტრავინთან ერთად განიხილა. ცხინვალში გამართულ შეხვედრაზე 2018 წელს საინვესტიციო პროგრამების განხორციელებისა და 2019 წელს დაგეგმილი პროგრამების შესახებაც იმსჯელეს. განხილვის საგანი იყო 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამების პროექტის ფორმირების საკითხიც.
  • 2019 წლის 19 აპრილს, ცხინვალში, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-20 სხდომა გაიმართა. სხდომაზე ცხინვალის რეგიონის 2020-2022 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამა მოიწონეს. სხდომის ფარგლებში საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობისათვის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა. ჯგუფის შემადგენლობაში 19 წევრი იქნება, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლები. რუსეთის მხრიდან სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე კოშინი იქნება, ცხინვალის რეგიონის მხრიდან, დე ფაქტო ვიცე-პრემიერი და ეკონომიკური განვითარების მინისტრი, გენადი ბეკოევი.
  • 2019 წლის 23 მაისს, ცხინვალში, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროგრამის განხორციელების საკითხი კოშინთან შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრაზე 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის მომზადების საკითხიც განიხილეს. კოშინის განცხადებით, საინვესტიციო პროგრამა 2018 წლისთვის პრაქტიკულად 100%-ით შესრულდა, რაც პირველი შემთხვევა იყო. კოშინმა დადებითად შეაფასა დაგეგმილი პროექტების ვადებში განხორციელების ფაქტი.
  • 2019 წლის 10 სექტემბერს, ცხინვალის რეგიონს კოშინი სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში კოშინი დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს შეხვდა. შეხვედრაზე სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე იმსჯელეს 2019 წელს გაფორმებული შეთანხმებებისა და საინვესტიციო პროგრამის განხორციელებაზე. კოშინმა საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მშენებარე ობიექტებიც მოინახულა.
  • 2019 წლის 28 ნოემბერს, კოშინი სამუშაო ვიზიტით ცხინვალის რეგიონს ესტუმრა. კოშინის დელეგაციის წევრები იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე, დენის ტრავინი და რეგიონში რუსეთის  „ელჩი“, მარატ კულახმეტოვი. ვიზიტის ფარგლებში რუსეთის დელეგაცია ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს შეხვდა. შეხვედრაზე 2019 წელს ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის განხორციელების შედეგები განიხილეს.
  • 2019 წლის 24 დეკემბერს, ცხინვალში, ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ოთხი ობიექტი (საბავშვო ბაღი, გადასახადებისა და მოსაკრებლების კომიტეტის  შენობა, სამშობიარო სახლი, მრავალბინიანი სახლები) გახსნეს. საზეიმო ღონისძიებებში დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლის ბიბილოვის გარდა, მონაწილეობა მიიღეს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმაც, მათ შორის კოშინმა, რუსეთის „ელჩმა“ რეგიონში, მარატ კულახმეტოვმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დენის ტრავინმა.