მთავარი ფიგურები

ლეონიდე, კლინსკის მიტროპოლიტი

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები 

  • ლეონიდე, ერისკაცობაში ლეონიდ გორბაჩოვი, დაიბადა 1968 წლის 26 ოქტომბერს ქ. სტავროპოლში, რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში. 1970 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად კრასნოდარში გადავიდა.
  • 1985 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა.
  • 1986-1988 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში.
  • 1989-1992 წლებში სასულიერო განათლება მიიღო ლენინგრადის სასულიერო სემინარიაში.
  • 1998-2002 წლებში სწავლობდა ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე.
  • 2018 წლის 20 სექტემბერს ჯილდო - „სამხრეთ ოსეთის ხალხის სამამულო ომში გამარჯვების ათი წლისთავის აღსანიშნავი“ მედალი - მიიღო.
  • ფლობს ბერძნულ და ინგლისურ ენებს, ასევე არაბულის ეგვიპტურ დიალექტს.

სასულიერო კარიერა

  • 1990 წლის 8 აპრილს დიაკვნად აკურთხეს.
  • 1990 წლის 18 ივნისს ეპისკოპოსმა ისიდორემ ბერად აღკვეცა, 8 ოქტომბერს კი - მღვდელმონაზვნად აკურთხეს.
  • 1990-1997 წლებში კრასნოსდარში ეკატერინოდარის კათედრალურ ტაძარში მოღვაწეობდა.
  • 1997 წელს მოსკოვში გააგრძელა საქმიანობა შეირაღებულ ძალებსა და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის სინოდალურ განყოფილებაში.
  • 1998 წელს სამსახურებრივი მივლინებით ბოსნია-ჰერცეგოვინაში სამშვიდობო ძალების შეზღუდული  კონტინგენტის ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადის შემადგენლობაში იმყოფებოდა.
  • 2002 წლიდან მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების მართლმადიდებლებს შორის ურთიერთობის სამდივნოს თანამშრომელი იყო.
  • 2003-2004 წლებში იერუსალიმში რუსული სულიერი მისიის  თანამშრომელი იყო.
  • 2004 წლის დეკემბრიდან მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი იყო ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქთან. ეგვიპტეში მოღვაწეობის დროს, 2010 წელს არქიმანდრიტობა უბოძეს.
  • 2013 წლის ივნისში ეპისკოპოსად აკურთხეს.
  • 2013 წელს აირჩიეს არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსად.
  • 2013 წელს გაანთავისუფლეს ალექსანდრიის პატრიარქთან წარმომადგენლის თანამდებობიდან.
  • 2016 წლის 3 ივნისს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის წინამძღოლად დანიშნეს. 2016 წლის 27 დეკემბერს შეთავსებით დაინიშნა სომხეთში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის მმართველად. 
  • ლეონიდემ ეპისკოპოსი ზოსიმე შეცვალა, რომელსაც ხშირი კონტაქტები ჰქონდა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერ ლეონიდ თიბილოვთან. თავის მხრივ, თიბილოვიც ხშირად მონაწილეობდა ჩრდილოეთ ოსეთში რელიგიურ საკითხებზე გამართულ ღონისძიებებში. 
  • 2017 წლის 4 დეკემბერს არქიეპისკოპოსად აკურთხეს.
  • 2019 წლის 17 ოქტომბერს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც მოსკოვში, დანილოვის მონასტერში ჩატარდა, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსმა, მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა მისთვის კიდევ ერთი მოადგილის დანიშვნის აუცილებლობაზე მოხსენება წარადგინა. სინოდის გადაწყვეტილებით, ლეონიდე მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსის მოადგილედ დაინიშნა.  
  • 2021 წლის 23-24 სექტემბერს სინოდის გადაწყვეტილებით ლეონიდე გაათავისუფლეს ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მართვისგან. თუმცა, მან შეინარჩუნა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობა. ლეონიდე მოსკოვის პატრიარქის ვიკარად დაინიშნა და მიენიჭა კლინსკის არქიეპისკოპოსის ტიტული. 2021 წლის 15 ოქტომბერს, სინოდის გადაწყვეტილებით, ასევე დაინიშნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერევანისა და სომხეთის ეპარქიის მმართველად.
  • 2021 წლის 29 დეკემბერს ლეონიდე აფრიკის საპატრიარქო ეგზარქოსად დაინიშნა
  • 2022 წლის 7 იანვარს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა.
  • 2023 წლის 11 ოქტომბერს ლეონიდე გაანთავისუფლეს აფრიკის საპატრიარქო ეგზარქოსობიდან. 

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • ეპარქიაში დანიშვნიდან ერთ თვეში ლეონიდე ცხინვალს ესტუმრა. პირველივე ვიზიტის დროს ცხინვალის ცენტრში მართლმამდიდებელი ეკლესიის მშენებლობის საკითხი განიხილეს. ლეონიდეს განცხადებით, ეკლესია ბიზანტიურ სტილში აშენდება და მშენებლობას ანდრეა პირველწოდებულის ფონდი დააფინანსებს. ეკლესიის მშენებლობის საკითხს 2015 წლის ივლისში ჯერ კიდევ ლეონიდეს წინამორბედი ზოსიმე განიხილავდა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრაზე.
  • 2016 წლის 15 სექტემბერს ჩრდილოეთ და „სამხრეთ ოსეთის“ ერთიანი ეპარქიის შექმნის შესახებ ლეონიდემ განაცხადა, რომ „ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი“. განცხადება მეუფემ ეპარქიაში დანიშვნიდან სამ თვეში ვლადიკავკაზში გამართულ თავის პირველ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. მისი განცხადებით, „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სამხრეთ ოსეთში ოფიციალურად ფაქტობრივად არ საქმიანობს, ვლადიკავკაზის ეპარქია მონაწილეობს და მომავალშიც მიიღებს მონაწილეობას სამხრეთ ოსეთის მართლმადიდებლების ცხოვრებაში. ასე მაგალითად, რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელსაც ანდრეა პირველწოდებულის ფონდი ახორციელებს.“ 
  • 2017 წლის 25 ივლისს მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის პატრიარქს შეხვდა. შეხვედრაში ლეონიდე და რუსეთში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩი ზნაურ გასიევიც მონაწილეობდნენ.  არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეს ბიბილოვის პირველი შეხვედრა იყო რუსეთის პატრიარქთან. შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონში არსებული რელიგიური ვითარება განიხილეს
  • 2017 წლის 29 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში ლეონიდე იმყოფებოდა, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს შეხვდა. შეხვედრაზე რუსეთი საპატრიარქოს ეკლესიის მშენებლობის მიმდინარეობის საკითხი განიხილეს. ეკლესიის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. ლეონიდეს განცხადებით, „ტაძარი 58-ე არმიასთან იარსებებს. ტაძარში ივლიან რუსი სამხედრო მოსამსახურეები, მესაზღვრეები და საელჩოს თანამშრომლები. ტაძრის კარი რაღა თქმა უნდა ღია იქნება სამხრეთ ოსეთის ყველა მაცხოვრებლისთვის.“ 
  • 2018 წლის 27 თებერვალს, ცხინვალში, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ლეონიდეს შეხვდა. შეხვედრაში ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელი სერგი კოკოევიც მონაწილეობდა, რომელიც ცხინვალში მოღვაწეობს. შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონში მართლმადიდებლობის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.
  • 2018 წლის 26 ოქტომბერს, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ლეონიდეს 50 წლის იუბილე მიულოცა.
  • 2019 წლის 26 აგვისტოს ლეონიდემ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების დღე“ მიულოცა.
  • 2019 წლის 20 სექტემბერს ლეონიდემ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დღე“ მიულოცა.
  • 2019 წლის 14 ოქტომბერს ლეონიდემ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მართლმადიდებლებსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებულ რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებს ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაული მიულოცა.
  • 2019 წლის 26 ოქტომბერს, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ლეონიდეს დაბადების დღე და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსის მოადგილედ დანიშვნა მიულოცა.
  • 2019 წლის 19 ნოემბერს ლეონიდე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე „მართლმადიდებლობა. ეთნოსი. კულტურა“, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.
  • 2020 წლის 6 თებერვალს ლეონიდემ 50 წლის იუბილე მიულოცა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს. 
  • 2020 წლის 7 აპრილს ლეონიდემ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მართლმადიდებლებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაული მიულოცა.
  • 2021 წლის 7 იანვარს ცხინვალში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სამების ეკლესიაში ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმა სერგი კოკოევმა საშობაო წირვა აღავლინა. წირვას ესწრებოდა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც. ლიტურგიის დასასრულს სერგი კოკოევმა ლეონიდეს მილოცვა წაიკითხა.