მთავარი ფიგურები

ოლეგ გოვორუნი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი (ყოფილი)

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები 

  • ოლეგ გოვორუნი დაიბადა 1969 წლის 15 იანვარს ქ. ბრატსკში, ირკუტსკის ოლქში, რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1976-1986 წლებში სწავლობდა N9 საშ. სკოლაში, მოსკოვის ოლქის ქ. პუშკინოში.
  • 1987-1989 წლებში საბჭოთა კავშირის შეირაღებულ ძალებში მსახურობდა.
  • 1993 წელს დაამთავრა მოსკოვის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტი ქიმიკოს-ტექნოლოგის სპეციალობით.
  • სხვადასხვა პერიოდში მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები: მედალი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“, მეგობრობის ორდენი, ღირსების ორდენი.
  • 2006 წელს მიენიჭა რუსეთის ფედერაციის ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის 1 კლასის ჩინი.
  • 2018 წლის 6 აპრილს აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირები შეიყვანეს.
  • გოვორუნის პირველი მეუღლე ტატიანა ვოლოჟინსკაია ნოვოსიბირსკის ოლქში ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო სიის სათავეში იყო და 2007—2011 წლების სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო.

პროფესიული კარიერა

  • 1995-1997 წლებში გოვორუნი მუშაობდა კომპანია „როსპრომ“-ის მენეჯერის თანაშემწედ, პროექტის მმართველად, სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის სპეციალისტად.
  • 1997-2000 წლებში მუშაობდა „ალფა-ბანკში“ სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ვიცე-პრეზიდენტად.
  • 2002-2004 წლებში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი ტერიტორიული სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე იყო.
  • 2004-2006 წლებში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.
  • 2006 წლის 20 მარტიდან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკის სამმართველოს უფროსი იყო. 2008 წლის 19 მაისს პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ადმინისტრაციაშიც ხელახლა დაინიშნა ამ პოსტზე.
  • 2008 წლის ნოემბრიდან სახელისუფლო პარტია „ერთიანი რუსეთის“ უმაღლესი საბჭოს წევრი იყო.
  • 2011 წლის 6 სექტემბერს ცენტრალურ ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენლად დაინიშნა. გოვორუნის დანიშვნა ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობის პერიოდში იგი საკმაოდ ჩაკეტილი საჯარო მოხელე იყო არა მარტო ფართო საზოგადოებისათვის, არამედ სახელმწიფო დუმის ბევრი დეპუტატისთვისაც.
  • 2011 წლის 14 სექტემბრიდან უშიშროების საბჭოს წევრი იყო
  • 2012 წლის 21 მაისს პრემიერ-მინისტრმა დიმიტრმა მედვედევმა გოვორუნი რეგიონული განვითარების მინისტრად დანიშნა. 2012 წლის 19 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, გოვორუნმა საყვედური მიიღო. ამის შემდეგ გოვორუნი ბიულეტენზე გავიდა და სამსახურში აღარც დაბრუნებულა.
  • 2012 წლის 17 ოქტომბერს გოვორუნი რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტიდან მოხსნეს, რაც პუტინის მხრიდან მისი საქმიანობის უარყოფითად შეფასებით იყო განპირობებული. გოვორუნის მინისტრობა 149 დღე გაგრძელდა. სხვადასხვა მოსაზრებით, გოვორუნმა თავად ითხოვა გადადგომა მას შემდეგ, რაც მას საყვედური მისცეს ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის განვითარების დაჩქარებასთან დაკავშირებული წინადადებების მომზადების პროცესის ჩაშლის გამო. თუმცა, მის თხოვნას გადადგომის შესახებ კრემლში ოფიციალურად არ ადასტურებდნენ. სხვა ვერსიით მას კონფლიქტი ჰქონდა მშენებლობისა და საბინაო-კომუნალური მეურნეობის ფედერალური სააგენტოს უფროს ვლადიმირ კოგანთან, რომელსაც გავლენიანი მხარდამჭერები ჰყავდა
  • 2013 წლის 21 იანვრიდან გოვორუნი კორპორაცია „როსტეხ“-ის გენდირექტორის მრჩეველი იყო
  • 2013 წლის 11 ოქტომბერს გოვორუნი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დსთ-ს წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს უფროსად დანიშნეს. მანამდე, სამმართველოს პირველი ხელმძღვანელი იური ვორონინი იყო (2012 წლის 9 ივნისიდან 2013 წლის 30 სექტემბრამდე).  2018 წლის 22 ივნისს, პუტინის ხელახლა გაპრეზიდენტების შემდეგ, გოვორუნი პუტინმა ხელახლა დანიშნა თანამდებობაზე. 
  • გოვორუნის სამმართველოს უფროსად დანიშვნა პრეზიდენტის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის სახელს უკავშირდება, რომელიც კრემლში მისი კურატორია. გოვორუნი სურკოვის გამორჩეულ და გამოცდილ კადრად ითვლება. გოვორუნის სამმართველოს უფროსად დანიშვნა 2013 წლის სექტემბერში სურკოვის კრემლში დაბრუნების შემდეგ მოხდა. მათი ურთიერთობა, სავარაუდოდ, „ალფა-ბანკში“ დაიწყო, სადაც ადრეულ წლებში ორივე მუშაობდა. შემდგომში გოვორუნი სურკოვთან პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც მუშაობდა
  • 2018 წლის 2 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს“ შესახებ. ბრძანების თანახმად სამმართველომ დსთ-ის წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველო ჩაანაცვლა. 2018 წლის 2 ოქტომბერსვე ახალი სამმართველოს უფროსად გოვორუნი დაინიშნა
  • 2019 წლის 17 აპრილს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსად, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე, ალექსეი ფილატოვი დაინიშნა. ამავე ბრძანებით თანამდებობა დატოვა გოვორუნმა, რომლის გადადგომის შესახებ ხმები 4 აპრილს გავრცელდა.
  • 2019 წლის 27 მაისს გოვორუნი „ДОМ.РФ“-ის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. გოვორუნის პასუხისმგებლობის სფეროა რეგიონებში ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობა, მათ შორის მოტყუებული მენაშენეების პრობლემების გადაწყვეტა. სააქციო საზოგადოება „ДОМ.РФ“ 1997 წელს დაფუძნდა. კომპანიის აქციების 100% სახელმწიფოს ეკუთვნის.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2013 წლის 5 ნოემბერს გოვორუნი სოხუმს ეწვია, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა
  • 2015 წლის 16 თებერვალს აფხაზეთში სტუმრობისას, პრეზიდენტის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის დელეგაციაში გოვორუნიც იყო

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2014 წლის 28 იანვარს გოვორუნი ცხინვალში ჩავიდა, სადაც რუსეთის დაფინანსებით მიმდინარე მშენებლობები და აღდგენითი სამუშაოები შეამოწმა
  • 2014 წლის 20 ოქტომბერს გოვორუნმა ცხინვალში ობიექტების მშენებლობა შეამოწმა და დე ფაქტო პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვსაც შეხვდა
  • 2014 წლის 8 დეკემბერს გოვორუნი ცხინვალს ესტუმრა და ობიექტების მშენებლობა შეამოწმა
  • 2016 წლის  5 აპრილს გოვორუნი ცხინვალს ესტუმრა და დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან 2015-2017 წლებისათვის ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობის საკითხები განიხილა. პროგრამის ფარგლებში ცხინვალის რეგიონში 31 ობიექტისა და საწარმოს მშენებლობა და რეაბილიტაცია იყო განსაზღვრული, რისთვისაც რუსეთის ბიუჯეტიდან 9 მლრდ რუსული რუბლი გამოიყო. გოვორუნმა მშენებლობის ტემპები დადებითად შეაფასა
  • გოვორუნის სახელი დასახელდა ცხინვალის რეგიონში 2017 წლის 9 აპრილს ჩატარებულ არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ კანდიდატად დარეგისტრირება ვერ მოახერხა. კოკოითიმ 2017 წლის 4 მარტს საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში სურკოვს დასდო ბრალი. კოკოითიმ მის წინააღმდეგ მუშაობაში სურკოვი და გოვორუნი დაადანაშაულა.
  • 2017 წლის 3-4 ოქტომბერს გოვორუნმა ცხინვალში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საკითხი ინვესტორებთან შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრაში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც მონაწილეობდა, რომელმაც სპეციალური ორგანოს შექმნის შესახებ ისაუბრა, რომელიც რეგიონში წარმოებულ პროდუქციაზე სერტიფიკატს გასცემდა, რაც რუსეთში საქონლის გატანას გაამარტივებდა. ამ საკითხზე გოვორუნმა მკაცრი განცხადება გააკეთა და მსგავსი უწყების შექმნის დროულად შექმნა მოითხოვა და ამ საკითხზე ოსურ მხარეს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა. გოვორუნის განცხადებით, მისი ვიზიტის მიზანი იყო შეემოწმებინა თუ როგორ სრულდებოდა საინვესტიციო პროგრამა 2017 წლისთვის. გოვორუნმა ვიზიტის ფარგლებში ხორცის გადამამუშავებელი საწარმო და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრის მშენებლობაც დაათვალიერა. ასევე მოინახულა მრავალბინიანი სახლების მშენებლობა  და ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები.