მთავარი ფიგურები

სერგეი მალენკო

დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს დსთ-ის საქმეთა, საერთაშორისო განვითარებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი (ყოფილი)

სერგეი მალენკო დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურ სააგენტოში (Россотрудничество) დსთ-ის ქვეყნებს და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს კურირებს, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნულ რეგიონებთან მისი კავშირები სუსტია. გამომდინარე იქიდან, რომ სააგენტოს წარმომადგენლობებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის „საელჩოების“ თანამშრომლები ხელმძღვანელობენ, მალენკო ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებში ნაკლებად ერევა და ძირითადად ზოგადი კოორდინაციით და საორგანიზაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფით არის დაკავებული.

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • სერგეი მალენკო სკანდალურად ცნობილი ფიგურაა. 2013 წელს მან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს პირდაპირ ეთერში დაუსვა შეკითხვა, თუ „როდის დაიჭერდნენ [ანატოლი] ჩუბაისს („როსნანო“-ს ხელმძღვანელი)“. კითხვის დასმის დროს ის წარსდგა, როგორც „ჟურნალისტი პერმიდან“, მაშინ როდესაც პერმის ოლქის გუბერნატორის ადმინისტრაციაში მუშაობდა.
  • 2014 წელს მისი სახელი ფიგურირებდა სკანდალში, როდესაც მალენკო პენსიონერისგან ნასესხები თანხის გამო სასამართლო პროცესის მონაწილე იყო
  • პერმში მალენკო ცნობილი იყო, როგორც მხიარულთა და საზრიანთა კლუბის რეგიონული ლიგის წამყვანი

პროფესიული კარიერა

  • გარკვეული პერიოდი მალენკო პერმის ოლქში ახალგაზრდული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე იყო
  • საჯარო სამსახურში კარიერის დაწყებამდე მალენკო ჟურნალისტური საქმიანობით იყო დაკავებული. იგი გარკვეული პერიოდი სააგენტო „მედია-პრესს“-ში საგაზეთო და ინტერნეტ-პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. მიყავდა პროგრამები ტელეარხებზე „ურალ-ინფორმ ტვ“ და „ავტო-ტვ“. მას ადგილობრივ ტელევიზიაში მიყავდა პოპულარული გადაცემა „პერმის მეტრო“. ამავე პერიოდში ეკავა სოციალურ-კონსერვატიული პოლიტიკის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა. 
  • 2012 წელს მალენკო, როგორც ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი იყო
  • 2013 წლის მარტში მალენკო პერმის მხარეში გუბერნატორის ადმინისტრაციაში სამოქალაქო და სპეციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. 2015 წლის 16 მარტს მალენკომ დატოვა ეს თანამდებობა.
  • 2015 წლის 17 მარტს მან მუშაობა დაიწყო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დსთ-ის წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთთან“ სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში ხელმძღვანელ თანამდებობაზე. სამმართველოს კურატორი პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი იყო. არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობის პერიოდში მალენკო სპეციალურ პროექტებს ახორციელებდა, რომელიც პატრიოტიზმის განვითარებაზე იყო მიმართული.
  • 2015 წლის 9 ნოემბრიდან მალენკო დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურ სააგენტოში დსთ-ის საქმეთა სამმართველოს უფროსად დაინიშნა. დსთ-ის ქვეყნების გარდა მის საკურატოროში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიც შედის.
  • 2020 წლის 31 მაისს მალენკომ სააგენტოში დატოვა თანამდებობა და 1 ივნისს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.