მთავარი ფიგურები

სერგეი ჩებოტარევი

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე (ყოფილი)

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები 

  • სერგეი ჩებოტარევი 1969 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა სოფ. მაგდაგაჩში, ტიგდინის რაიონში, ამურის ოლქში, რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1976-1984 წლებში სწავლობდა ჩიტის N4 საშ. სკოლაში.
  • 1986 წელს დაამთავრა უსურიის სუვოროვის სამხედრო სასწავლებელი.
  • 1990 წელს დაამთავრა შორეული აღმოსავლეთის უმაღლესი საერთო საჯარისო სამეთაურო სასწავლებელი.
  • 1990-1998 წლებში სასაზღვრო ჯარებში მსახურობდა.
  • 1998-2004 წლებში ქ. მოსკოვის უმაღლეს სასწავლებლებში სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა.
  • 2010 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ჩებოტარევი „საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისა და ხალხებს შორის მეგობრობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ დააჯილდოვა.
  • 2014 წელს ჩებოტარევი საერთაშორისო რეგიონთაშორისო ეკონომიკური ფორუმების   მომზადების უწყებათაშორისი კომისიის წევრი იყო
  • ჩებოტარევი იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატია, დოცენტი.
  • იგი ფლობს ინგლისურ და ჩინურ ენებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქმიანობა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები

  • ჩებოტარევი 2004-2018 წლებში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, 2006 წლიდან  კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოში დეპარტამენტის უფროსი იყო. 2012 წლის ივნისიდან ამავე სამმართველოში სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. მისი პასუხისმგებლობის სფერო იყო სომხეთთან, საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობა.
  • ჩებოტარევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებთან ურთიერთობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. მედიაში არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, სწორედ ჩებოტარევი შეიძლება მივიჩნიოთ იმ საჯარო მოხელედ, რომელიც აღნიშნული მიმართულებით ყველაზე მეტ „შავ სამუშაოს“ ასრულებდა. ჩებოტარევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ხშირად სტუმრობდა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე თავის ხელმძღვანელებთან ერთად. ჯერ კიდევ სამმართველოში დეპარტამენტის უფროსის რანგში მუშაობის პერიოდში, იგი 2006 წლის 20 მაისს სამმართველოს უფროსს მოდესტ კოლეროვთან ერთად სოხუმში გაზეთის - „Гудок-Абхазия“ - პრეზენტაციას დაესწრო. პრეზენტაცია დემოკრატიის კავკასიური ინსტიტუტის სოხუმის ფილიალში გაიმართა.
  • 2007 წლის 26 აპრილს ჩებოტარევმა მონაწილეობა მიიღო დემოკრატიის კავკასიური ინსტიტუტის მიერ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული მშვიდობის მხარდამჭერი კოლექტიური ძალების მეთაურისთვის, სერგეი ჩაბანისთვის საკომუნიკაციო აღჭურვილობის გადაცემაში, რომლის მიზანიც კოლექტიური ძალების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და მოქმედების ეფექტურობის გაზრდა იყო. 2008 წელს ჩებოტარევი ეწვია სოხუმს, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშსაც შეხვდა
  • ჩებოტარევის გავლენა განსაკუთრებით გაიზარდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როდესაც კრემლმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიის პროცესი გაააქტიურა. 2010 წლის 10 მარტს ცხინვალში დაფუძნდა მედია-ცენტრი „ირ“, რომლის დაარსებაც ჩებოტარევის სახელს უკავშირდება.  ჩებოტარევის სახელს უკავშირდება 2010 წელს აფხაზეთში მედია კლუბ „აინარ“–ის დაარსებაც.
  • მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩებოტარევი 2011 წლის შემოდგომა-2012 წლის გაზაფხულზე უშუალოდ კურირებდა ცხინვალის ტერიტორიაზე გამართულ არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებს. ამ პერიოდში მისი უფროსი სერგეი ვინოკუროვი იყო.  2011 წლის 8 ნოემბერს, ანატოლოვი ბიბილოვის კანდიდატურის მხარდასაჭერად იგი ცხინვალში ჩარტერული რეისითაც კი ჩავიდა. კრემლმა 2011 წლის ნოემბრის არჩევნებში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების მინისტრზე, ანატოლი ბიბილოვზე შეაჩერა არჩევანი, თუმცა წარმატებას ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო განათლების ყოფილმა მინისტრმა ალა ჯიოევამ მიაღწია. 2012 წლის გაზაფხულზე ცხინვალის რეგიონის განმეორებითი არჩევნები ჩატარდა, სადაც კრემლის ახალმა კანდიდატმა ლეონიდ თიბილოვმა გაიმარჯვა
  • ცხინვალის არალეგიტიმურ არჩევნებში ჩავარდნას სერგეი ვინოკუროვის და მისი მოადგილის ვლადისლავ გასუმიანოვის გადადგომა მოჰყვა. თუმცა ჩებოტარევმა შეინარჩუნა სამმართველოში კავკასიური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა. ამან ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერების გარკვეული უკმაყოფილებაც გამოიწვია, რადგან მას სდებდნენ ბრალს, რომ იგი რეგიონში მიმდინარე პროცესებზე კრემლს არასწორ ინფორმაციას აწვდიდა. გარდა ამისა, არსებობდა არაოფიციალური მოსაზრებაც, რომ ჩებოტარევი უშუალოდ კურირებდა 2012 წლის 9 თებერვალს ოპოზიციონერი ალა ჯიოევას დაპატიმრებას. ცხინვალის უკმაყოფილების  მიუხედავად, 2012 წლის ივნისში, სამმართველოს უფროსად ვლადიმირ ჩერნოვის დანიშვნის შემდეგ, ჩებოტარევი დააწინაურეს და სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს.  დაწინაურების შემდეგ, 2012 წლის ოქტომბერში, ჩებოტარევი ცხინვალში თიბილოვსაც შეხვდა.
  • 2012 წლის 3 მარტს ჩებოტარევმა მონაწილეობა მიიღო ცხინვალში „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ საფოსტო სამსახურის პირველი განყოფილების საზეიმო გახსნაში. 
  • 2012 წლის 25 ივლისს ჩებოტარევი ვლადიმირ ჩერნოვთან ერთად სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა
  • 2012 წლის 5 ოქტომბერს ჩებოტარევი ცხინვალში იმყოფებოდა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტს, მთავრობის მეთაურსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს შეხვდა
  • 2013 წლის 6 მაისს ცხინვალს, დიდი ხმაურის გარეშე, ისე, რომ ცხინვალის რეგიონის მედიას არც გაუშუქებია, საიდუმლოდ ეწვია ვლადიმირ ჩერნოვი და ჩებოტარევი, რომლებიც არსებული ინფორმაციით, ლეონიდ თიბილოვს შეხვდნენ. მათ ვიზიტს პუტინთან 14 მაისს დაგეგმილი შეხვედრის გადადება მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, სტუმრებმა თიბილოვი საკადრო პოლიტიკისა (მათ შორის გააკრიტიკეს დე ფაქტო პრემიერი როსტიკ ხუგაევი) და რუსეთიდან გადმორიცხული ფულის არაეფექტური ხარჯვის გამო გააკრიტიკეს
  • 2014 წლის 11 მარტს ჩებოტარევი აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს და დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს, უშიშროების საბჭოს მდივანს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს შეხვდა, სადაც მიმდინარე საკითხები განიხილა.
  • ჩებოტარევმა მონაწილეობა მიიღო 2014 წლის 10-11 აპრილს სოხუმში გამართულ რუსულ-აფხაზურ მესამე ჰუმანიტარულ ფორუმში. ფორუმის ორგანიზატორებს შორის იყო ევრაზიული კვლევების ინსტიტუტი და დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტო.
  • ჩებოტარევის სახელს უკავშირდება თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შეთანხმების მომზადებაც, რომელსაც 2015 წლის 18 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა მოაწერეს ხელი. შეთანხმების ხელმოწერით ორმხრივი სამხედრო-პოლიტიკური კავშირების გამყარებას ჩაეყარა საფუძველი. 

რუსეთის მთავრობაში საქმიანობა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები

  • რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში მთავრობის შემადგენლობა ნახევრად განაახლა და 2018 წლის 18 მაისს ცხრა ახალი მინისტრი დანიშნა, მათ შორის ჩებოტარევიც. ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის პოსტზე ჩებოტარევის კანდიდატურა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა სოჭში შეხვედრისას წარუდგინა პუტინს, რომლის ბრძანებითაც, ჩებოტარევმა ლევ კუზნეცოვი შეცვალა. კუზნეცოვი 2014 წლის 12 მაისიდან ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს პირველი ხელმძღვანელი იყო. ჩებოტარევი ახალი მთავრობის ერთადერთი მინისტრი იყო ვის შესახებაც პრაქტიკულად არ არსებობდა ინფორმაცია. მინისტრად დანიშვნამდე მას რუსული მედიაც კი ნაკლებად იცნობდა. ამის დასტურია მისი დანიშვნის პირველი წუთები, როდესაც ბევრმა რუსულმა მედია საშუალებამ დაწერა, რომ მინისტრად ტამბოვის მერი სერგეი ჩებოტარევი დაინიშნა. არსებული ინფორმაციით ჩებოტარევის გამინისტრებას უშიშროების საბჭოში კარგმა ნაცნობობამ შეუწყო ხელი. არსებობს მოსაზრება, რომ მას ახლო ურთიერთობა აქვს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევთან. ნურგალიევი, რომელიც ყოფილი შს მინისტრია, გავლენიანი სახელმწიფო მოხელეა. უშიშროების საბჭოში ნურგალიევის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს უკავშირდება. კიდევ ერთი მოსაზრებით, მის გამინისტრებას ხელი შეუწყო პუტინთან დაახლოებულ სერგეი ივანოვთან ნაცნობობამ. ჩებოტარევის ყოფილი უფროსი ვლადიმირ ჩერნოვი წლების განმავლობაში ივანოვის თანამებრძოლია.

  • 2020 წლის 21 იანვარს რუსეთის ფედერაციის ახალი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეები და მინისტრები დაამტკიცეს. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით გაუქმდა ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო. სამინისტროს ფუნქციები ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაეცა. 2020 წლის 7 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ჩებოტარევი ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილედ დანიშნეს.

  • 2020 წლის 11 მარტს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ჩებოტარევი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს ხელმძღვანელად დაინიშნა. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა 2020 წლის 16 იანვარს შეიქმნა. იმავე დღეს პოსტი დიმიტრი მედვედევმა დაიკავა.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2018 წლის 17 ივლისს ჩებოტარევი აფხაზეთს ესტუმრა. ერთი დღით ადრე მინისტრი ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა. ცხინვალის მსგავსად, ჩებოტარევი სოხუმშიც აფხაზურ მხარეს რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების სრულად შესრულებას დაპირდა.  ვიზიტის ფარგლებში ჩებოტარევი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას და დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს, გენადი გაგულიას შეხვდა. შეხვედრებზე 2017-2019 წლებში აფხაზეთის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის რეალიზაციის საკითხები განიხილეს. აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხები განიხილეს 2018 წლის 27 ივნისსაც, როდესაც გაგულია მოსკოვში შეხვდა ჩებოტარევს. ვიზიტის დროს ჩებოტარევს მისი მოადგილე იგორ კოშინი და საერთაშორისო განვითარების  დეპარტამენტის დირექტორი ანტონ მელნიკიც ახლდა
  • 2019 წლის 21 თებერვალს, მოსკოვში, ჩებოტარევი აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს, ვალერი ბგანბას შეხვდა. შეხვედრაში ჩებოტარევის მოადგილე იგორ კოშინი და რუსეთში აფხაზეთის  „ელჩი“ იგორ ახბაც მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე მიმდინარე წელს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის განხორციელების საკითხი განიხილეს.
  • 2019 წლის 9 ოქტომბერს, აფხაზეთში, დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია გაიმართა. საზეიმო ღონისძიებაში ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობა რუსეთის წარმომადგენლებმაც მიიღეს. სტუმრებს შორის იყო ჩებოტარევიც, რომელიც საზეიმო ღონისძიებაზე მისალოცი სიტყვით გამოვიდა. ჩებოტარევი, თავის მოადგილე იგორ კოშინთან ერთად, ხაჯიმბას პირისპირაც შეხვდა.
  • 2019 წლის 18-19 დეკემბერს აფხაზეთს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობითი დელეგაცია ესტუმრა. 19 დეკემბერს, სოხუმში, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-18 შეხვედრა ჩატარდა. სხდომის თანათავჯდომარეები იყვნენ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი, ვიტალი მუტკო და აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა.  რუსეთის დელეგაციის წევრები იყვნენ ჩებოტარევი, მისი მოადგილე იგორ კოშინი და სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი ანტონ მელნიკი. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დელეგაციის წევრები იყვნენ საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ალექსეი ფილატოვი და მისი მოადგილე დენის ტრავინი. შეხვედრაზე კომისიამ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამა დაამტკიცა.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2018 წლის 16 ივლისს ჩებოტარევი მინისტრად დანიშვნის შემდეგ პირველად ესტუმრა ცხინვალს. ერთი კვირით ადრე ჩებოტარევი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერს ანატოლი ბიბილოვს მოსკოვშიც შეხვდა. ჩებოტარევმა 2018-2019 წლებში ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის რეალიზაციის განხილვისადმი მიძღვნილ მთავრობის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ჩებოტარევს მისი მოადგილე იგორ კოშინი და საერთაშორისო განვითარების  დეპარტამენტის დირექტორი ანტონ მელნიკიც თან ახლდა. მანამდე ჩებოტარევი ბიბილოვს შეხვდა, რომელსაც განუცხადა, რომ რუსეთი რეგიონის მიმართ ნაკისრ ყველა ვალდებულებას აუცილებლად შეასრულებდა. ჩებოტარევმა მიმდინარე საინვესტიციო პროგრამის 6-თვიანი შედეგები შეაჯამა. ცხინვალში ვიზიტის დროს ჩებოტარევმა განაცხადა, რომ მან თავისი ცხოვრების არც თუ ცოტა წელი დაუთმო ცხინვალის რეგიონს და ის ოთხი წელი რაც არ იმყოფებოდა რეგიონში, აღდგენის კუთხით ბევრ პროგრესს ხედავს. ვიზიტის ფარგლებში ჩებოტარევმა ბიბილოვთან ერთად სასტუმრო „ირისტონ“-სა და კოსტა ხეთაგუროვის სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობის ინსპექტირება განახორციელა. ჩებოტარევმა ბიბილოვთან ერთად სამშვიდობო ძალების ჯარისკაცებისა და ოფიცრების ხსოვნისადმი მიძღვნილი სტელაც მოინახულა.
  • მინისტრის რანგში ჩებოტარევის მეორე ვიზიტი ცხინვალში 2018 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შედგა. ჩებოტარევმა ბიბილოვისგან მეგობრობის ორდენიც მიიღო. ჩებოტარევის განცხადებით, „ეს ჯილდო არა მხოლოდ მას, არამედ მთელ სამინისტროს ეკუთვნის, რომელსაც სამხრეთ ოსეთის განვითარებაში შეაქვს წვლილი“.
  • 2018 წლის 15 ნოემბერს მოსკოვში რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის სამთავრობათშორისო კომისიის რიგით მე-19 შეხვედრა გაიმართა, რომლის თავმჯდომარეც რუსეთის მხრიდან ვიცე-პრემიერი ვიტალი მუტკო იყო. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, ჩებოტარევი და მისი მოადგილე იგორ კოშინი, ცხინვალის რეგიონში რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი. შეხვედრაზე 2018 წლისთვის ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის ფინანსური დახმარებისა და 2018-2019 წლებში სოციალურ-ეკონომიკურ განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის განხორციელების საკითხები განიხილეს
  • 2019 წლის 12 აპრილს, მოსკოვში, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის რუსული მხარის სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თანათავმჯდომარე, რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი ვიტალი მუტკო ხელმძღვანელობდა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო ჩებოტარევმაც. სხდომაზე ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამასთან, მიმდინარე საინვესტიციო პროგრამის განხორციელებასთან და 2019 წელს ცხინვალის რეგიონისთვის ფულის გამოყოფობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
  • 2019 წლის 19 აპრილს, ცხინვალში, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-20 სხდომა გაიმართა. სხდომაზე ცხინვალის რეგიონის 2020-2022 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამა მოიწონეს. სხდომის თანათავჯდომარეები იყვნენ  რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი ვიტალი მუტკო და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ერიკ ფუხაევი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და  ჩებოტარევი.
  • 2020 წლის 28 თებერვალს, მოსკოვში, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს შეხვდა. შეხვედრაზე სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის, ტრანსკავკასიური მაგისტრალის მოდერნიზაციისა და საინვესტიციო პროგრამის დაფინანსების საკითხები განიხილეს. რუსეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჩებოტარევი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ალექსეი ფილატოვი.
  • 2023 წლის 25 აგვისტოს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, ჩებოტარევი „ღირსების ორდენით“ დააჯილდოვა. გაგლოევმა მას ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. გაგლოევის მოსკოვში ვიზიტი რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების (2008 წლის 26 აგვისტო) 15 წლისთავს უკავშირდებოდა.
  • 2023 წლის 14 ოქტომბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ჩებოტარევს დაბადების დღე მიულოცა.

ინტერვიუები

  • 2019 წლის მარტში რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასმა“ ჩებოტარევის ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მინისტრმა საქართველოზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზეც ისაუბრა. მინისტრი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ მინისტრის მსგავსი შეფასებები ვერ პოულობს გაგებას საქართველოში, მინისტრმა უპასუხა: „ყველაზე ნაკლებად ამაზე ვფიქრობ. ქართველებს შორის ბევრი კარგი და საიმედო მეგობარი მყავს, ისინი არ ურევენ ადამიანურ ურთიერთობებს პოლიტიკასთან. ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობას, რა თქმა უნდა, არა სამსახურებრივ ურთიერთობას. ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის რაც მოხდა, დიდი ტრაგედიაა. ადრე თუ გვიან ვითარება დარეგულირდება. სხვა გზა არ არსებობს.“