მთავარი ფიგურები

ელეონორა მიტროფანოვა

დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს თავმჯდომარე (ყოფილი)

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები 

  • ელეონორა მიტროფანოვა დაიბადა 1953 წლის 11 ივნისს ქ. სტალინგრადში (ამჟამად ვოლგოგრადი), რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში, გავლენიანი საბჭოთა საჯარო მოხელის ვალენტინ მიტროფანოვის ოჯახში.
  • 1975 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.
  • 1975-1990-იან წლებში საზღვაო ტრანსპორტის „სოიუზმორნიიპროექტ“-ის სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტში ჯერ ასპირანტი, შემდეგ კი მეცნიერ თანამშრომელი იყო.
  • მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
  • არის რუსეთის ფედერაციის III კლასის ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი (2007) და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2010).
  • კარიერის განმავლობაში დაჯილდოებულია არაერთი ორდენითა და მედალით.
  • გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირების პრობლემებზე.

პროფესიული კარიერა

  • 1990-1993 წლებში მიტროფანოვა მოსკოვში მოღვაწე იურიდიული ფირმის „ეკოლეკს“-ის გენერალური დირექტორი იყო.
  • 1993-1995 წლებში სახელმწიფო დუმის პირველი მოწვევის დეპუტატი იყო რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან. 1995 წლის 11 მაისს საჯარო სამსახურში გადასვლის გამო ვადამდე შეუწყდა დეპუტატის უფლებამოსილება.
  • 1995-2001 წლებში რუსეთის კონტროლის პალატის აუდიტორი იყო და სახელმწიფო ვალის კონტროლისა და საბანკო სისტემის საკითხებს კურირებდა.
  • 2001 წლიდან დაიწყო მისი დიპლომატიური კარიერა. 2001-2003 წლებში იუნესკო-ს გენერალური მდივნის მოადგილე იყო მმართველობისა და ადმინისტრაციულ საკითხებში.
  • 2003 წლის 21 მაისიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. რუსეთის ისტორიაში იგი პირველი ქალი იყო, ვინც მინისტრის პირველი მოადგილის ადგილი დაიკავა. მიტროფანოვა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების უფლებების დაცვასა და საერთაშორისო კულტურული კავშირების განვითარებაზე იყო პასუხისმგებელი. მის პრიორიტეტებში დსთ-ის წევრ ქვეყნებში თანამემამულეების ინტერესების დაცვა, დსთ-ის სივრცეში რუსული ენის პოზიციების გაძლიერება, ომის ვეტერანებისა და რუსულენოვანი პენსიონერების მხარდაჭერა შედიოდა. იგი ჯერ იგორ ივანოვის, შემდეგ კი სერგეი ლავროვის მოადგილე იყო. მინისტრის მოადგილის პოსტი მიტროფანოვას 2004 წლის 13 აგვისტომდე ეკავა.
  • 2004-2009 წლებში იგი ხელმძღვანელობდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საერთაშორისო სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის რუსულ ცენტრს (Росзарубежцентр). თანამდებობიდან ცენტრის გაუქმების გამო გაანთავისუფლეს. ცენტრის მაგივრად დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტო შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელადაც 2017 წელს დაინიშნა მიტროფანოვა.
  • 2009 წელს 2010-2011 წლებისთვის იუნესკო-ს აღმასრულებული საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. 2011-2012 წლებში იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
  • 2016 წლის 25 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩად დაინიშნა. იგი უცხოეთში რუსული ენის სწავლების მხარდაჭერასთან, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობისა და ლათინურ ამერიკასთან ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს კურირებდა. 2016 წლის ნოემბერში მიტროფანოვამ განაცხადა, რომ რუსეთმა პირველ რიგში პოსტსაბჭოთა სივრცეში უნდა დაიცვას რუსული ენა და  რუსულენოვანი მოსახლეობის უფლება ისაუბროს მშობლიურ ენაზე. მისი თქმით, მეზობელი ქვეყნების კონსტიტუციებში და პრაქტიკაში რუსული ენის სტატუსისთვის  გარკვეული სამართლებრივი ფორმის პოვნა რუსეთის პრიორიტეტული ამოცანა უნდა იყოს.
  • 2017 წლის 19 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს  უფროსად მიტროფანოვა დანიშნა. მან ამ თანამდებობაზე ლიუბოვ გლებოვა შეცვალა, რომელიც სააგენტოს უფროსი იყო 2015 წლის 23 მარტიდან 2017 წლის 14 სექტემბრამდე. სააგენტოს უფროსის თანამდებობა რამდენიმე თვე იყო ვაკანტური, რაც კრემლში სხვადასხვა ჯგუფს შორის დაპირისპირებითაც შეიძლება აიხსნას. გავრცელებული მოსაზრებით, მიტროფანოვას დანიშვნას აფერხებდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავლენიანი უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკო, რომლის პროტეჟედაც მიიჩნეოდა გლებოვა. გარდა ამისა, შემაფერხებელ ფაქტორად სახელდებოდა მიტროფანოვას ძმა, რომელსაც ეძებს რუსეთის მართლმსაჯულება. ალექსეი მიტროფანოვი ცნობილი რუსი პოლიტიკოსია, რომელიც პოლიტიკური პარტიების - ლიბერალ დემოკრატიული პარტიის და „სამართლიანი რუსეთის“ ყოფილი წევრია. იგი 1993 წლიდან სახელმწიფო დუმის წევრი იყო. 2014 წელს მას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნეს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღძრეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს
  • სააგენტოს ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ მიტროფანოვამ თავისი საქმიანობის პრიორიტეტად დაასახელა კულტურის სფეროში დსთ-ის წევრ ქვეყნებთან რუსეთის თანამშრომლობის განვითარება, დსთ-ის სივრცეში რუსული ენის სწავლების გაფართოება და მასწავლებლების მომზადება. ასევე, მისი განცხადებით, იმ ქვეყნებში, რომლებთან ურთიერთობაშიც რუსეთს გარკვეული სირთულეები აქვს, აუცილებელია დიალოგისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა. 
  • 2020 წლის 9 ივნისს მიტროფანოვამ თანამდებობა დატოვა

აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2018 წლის 3-5 მარტს მოსკოვში გაიმართა რუსი თანამემალეების საერთაშორისო ფორუმი „რუსეთთან ერთად“, რომელიც ფონდ „რუსული სამყაროს“ ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმში ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა მიტროფანოვაც. 
  • 2018 წლის 26-27 ივლისს მოსკოვში გაიმართა ევრაზიული სივრცის სახელმწიფოების ახალგაზრდა დიპლომატების ფორუმი, რომელშიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდანაც მონაწილეობდნენ. ფორუმის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოვიდა მიტროფანოვაც.
  • 2018 წლის 21 სექტემბერს, მეორე ევრაზიულ ქალთა ფორუმზე ქალი-დიპლომატების სამიტში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის  პრეზიდენტმა თამილა მერცხულავამ. შეხვედრის მოდერატორი მიტროფანოვაც იყო. ფორუმში რუსეთში მოღვაწე უცხო ქვეყნის ქალი-დიპლომატებიც მონაწილეობდნენ
  • 2018 წლის 7 ოქტომბერს ერთ-ერთ ინტერვიუში მიტროფანოვამ განაცხადა, რომ რუსი თანამემამულეები მთელ მსოფლიოში ცხოვრობენ, მათ შორის ათეულ ათასობით არიან „სამხრეთ ოსეთში“. მისი განცხადებით, სააგენტოს პრიორიტეტია პოსტსაბჭოთა სივრცე, ასევე ადამიანთა ის დიდი რაოდენობა, რომლებიც რუსულ ენაზე საუბრობენ.