მთავარი ფიგურები

ყაზბეგ ტაისაევი

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • ყაზბეგ ტაისაევი დაიბადა 1967 წლის 12 თებერვალს, სოფ. ჩიკოლაში, ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ში, რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1984 წელს მოსკოვში დაამთავრა ტექნიკური სასწავლებელი.
  • 1985-1987 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში.
  • 1991 წელს დაამთავრა მოსკოვის ავტოსაგზაო ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით.
  • 2015 წელს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებით, გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭა. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მიღებული აქვს არაერთი ჯილდო: ღირსების ორდენი, მედალი „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 20 წელი“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული აქვს „საქართველოს მშვიდობისათვის იძულების ოპერაციის მონაწილის“ მედალი.

პოლიტიკური კარიერა

  • 1986-1991 წლებში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი იყო.
  • 1987-1991 წლებში მოსკოვში კომკავშირში მუშაობდა. 1990-იან წლებში კომუნისტური პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციებში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.
  • 2002-2007 წლებში მოსკოვის ოლქის მთავრობაში და სახელმწიფო დუმის დეპუტატის თანაშემწედ მუშაობდა. 2004 წლიდან რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრია.
  • 2007 წელს სახელმწიფო დუმის არჩევნებში დამარცხდა.
  • 2007-2011 წლებში ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანიას პარლამენტის წევრი იყო. იგი კომუნისტური პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელი და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
  • 2008 წლიდან რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანია, 2017 წლიდან კი, ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი.
  • 2011-2016 წლებში რუსეთის ფედერაციის მეექვსე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო. იგი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. ამავე დროს იგი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტთან ურთიერთობის დეპუტატთა ჯგუფის წევრი იყო.
  • 2016-2021 წლებში რუსეთის ფედერაციის მეშვიდე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო. იგი სახელმწიფო დუმის დეპუტატების მიერ შემოსავლების, ქონების და ქონებრივი ხასიათის ვალდებულების შესახებ წარდგენილი მონაცემების სანდოობის კონტროლის, სამანდატო საკითხებისა და სადეპუტატო ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ასევე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის წევრი იყო.
  • 2021 წელს რუსეთის ფედერაციის მერვე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატი გახდა. იგი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.
  • ტაისაევი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ხშირი სტუმარია, განსაკუთრებით ხშირად იმყოფება ცხინვალის რეგიონში. გარდა ამისა, იგი პერიოდულად ჩადის პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვა პრორუსულ რეგიონებშიც,  მაგ. გაგაუზიაშიდნესტრისპირეთში (მოლდავეთი), დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში (უკრაინა).

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2018 წლის 30 სექტემბერს ტაისაევმა მონაწილეობა მიიღო აფხაზი ხალხის ე.წ. „სამამულო ომში გამარჯვების“ 25-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებებში.
  • 2019 წლის 2 ივნისს საერთაშორისო ფორუმის - „პარლამენტარიზმის განვითარება“, ფარგლებში აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ვალერი კვარჩია რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრებს შეხვდა, მათ შორის ტაისაევს.
  • 2022 წლის 11 იანვარს ტაისაევი აფხაზეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია. ტაისაევი აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ეპიდემიოლოგიური სტაბილურობის უზრუნველყოფისა და კორონავირუსის პრევენციის გზები, ისაუბრეს აფხაზეთ-რუსეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე. ვიზიტის ფარგლებში ტაისაევი აფხაზ კომუნისტებსაც შეხვდა. შეხვედრაზე დე ფაქტო რესპუბლიკის ყველაზე გამორჩეული კომუნისტები საპატიო მედლებით დაჯილდოვდნენ.
  • 2022 წლის 22 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ, რუსეთის დუმის სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სამუშაო ჯგუფის სხდომაში, რომელიც „აფხაზეთსა და რუსეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას“ ეხებოდა. სხდომას ესწრებოდნენ ტაისაევი, იანა ლანტრატოვა (განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია „სამართლიანი რუსეთი - ჭეშმარიტებისთვის“ წარმომადგენელი), ასევე დუმის დეპუტატი ალექსანდრ იუშჩენკო.
  • 2023 წლის 21 ივნისს რუსეთის სახელმწიფო დუმაში დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ სამუშაო შეხვედრა გამართა. აშუბა სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილეს, პეტრე ტოლსტოისა და ტაისაევს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში „საპარლამენტო“ თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. ასევე, დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. საზღვარზე კვეთის პროცედურის გამარტივებასა და „კანონმდელობათა“ ჰარმონიზაციის საკითხზე. 

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • ტაისაევი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის სტანისლავ კოჩიევის (1999-2004) მრჩეველი იყო, რომელიც ადგილობრივი კომუნისტური პარტიის წევრი იყო.
  • 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ დაზარალებულთა დახმარების უზრუნველყოფის შტაბს ხელმძღვანელობდა. 2014 წელს კი, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარების შტაბს ხელმძღვანელობდა.
  • 2011 წლის 11 ნოემბერს ტაისაევი ცხინვალს წინასაარჩევნო პერიოდში ესტუმრა. 13 ნოემბერს ცხინვალის რეგიონში არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები იყო დაგეგმილი. ვიზიტის ფარგლებში ტაისაევი მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს და დე ფაქტო პრეზიდენტობის  კანდიდატს ანატოლი ბიბილოვს შეხვდა.
  • 2015 წლის 4 ივნისს ცხინვალში „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ კომუნისტური პარტიის რიგგარეშე XI ყრილობა გაიმართა. ყრილობაში მონაწილეობა ტაისაევმაც მიიღო.
  • 2016 წლის 11 აპრილს ტაისაევი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის დაარსების 25-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობდა.
  • 2016 წლის 26 აგვისტოს ტაისაევმა ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის რვა წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ტაისაევი „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვა.
  • 2017 წლის 20 იანვარს ტაისაევი ცხინვალში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში ტაისაევი ადგილობრივი კომუნისტური პარტიის წევრებსაც შეხვდა.
  • 2017 წლის 20 სექტემბერს ტაისაევი ცხინვალის რეგიონში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გამოცხადების 27-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. იგი პირადად მიიღო დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა.
  • 2018 წლის 26 აგვისტოს ტაისაევმა ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ათი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
  • 2018 წლის 16 ნოემბერს ცხინვალში რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის წევრების ერთობლივი სხდომა გაიმართა. შეხვედრაში ტაისაევიც მონაწილეობდა.
  • 2019 წლის 9 ივნისს ცხინვალის რეგიონში არალეგიტიმური საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელსაც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები დამკვირვებლის სტატუსით დაესწრნენ. სახელმწიფო დუმის დელეგაციას ტაისაევი და იური სმირნოვი წარმოადგენდნენ.
  • 2019 წლის 15 ივლისს ტაისაევი სახელმწიფო დუმაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვთან ერთად „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის საკითხზეც ისაუბრეს.
  • 2020 წლის 20 სექტემბერს ცხინვალის რეგიონში „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკის გამოცხადების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს ტაისაევიც დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში ტაისაევი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა. შეხვედრას დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ალან თადთაევიც დაესწრო. შეხვედრის დასასრულს ტაისაევმა ბიბილოვს სახელმწიფო დუმის ხელმძღვანელების სახელით ფასიანი საჩუქრები გადასცა.
  • 2021 წლის 5 თებერვალს რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია ცხინვალის რეგიონს ესტუმრა. დელეგაციის თავმჯდომარე იყო ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩევი, ხოლო დელეგაციის წევრები: ფედერაციის საბჭოს წევრები კრიმ კაზანაკოვი და ოლეგ სელეზნიოვი და ტაისაევი. ვიზიტის მიზანი იყო ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის წევრებთან შეხვედრა ე.წ საპარლამენტაშორისი თანამშრომლობის მუდმივმოქმედი კომისიის ფარგლებში. რუსულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა დე ფაქტო პარლამენტში. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რუსეთის დელეგაცია ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვსაც შეხვდა
  • 2021 წლის 20 სექტემბერს ცხინვალის რეგიონში „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დღე აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა რუსეთის სახელმწიფო დუმის დელეგაციამაც მიიღო. დელეგაციას ტაისაევი ხელმძღვანელობდა.