მთავარი ფიგურები

სერგეი ისტრაკოვი

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ერთ-ერთი კურატორი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე სერგეი ისტრაკოვია. ისტრაკოვი რუსეთისა და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული თავსებადობის უზრუნველყოფის მიზნით აფხაზეთის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის საკითხს კურირებს. მოდერნიზაციას 2014 წლის 24 ნოემბერს ხელმოწერილი მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ითვალისწინებს. ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ისტრაკოვი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ცხინვალის რეგიონის შეიარაღებული ძალების ცალკეული დანაყოფების შესვლის შესახებ ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის შეთანხმების (2017 წლის 31 მარტს მოეწერა ხელი) განხორციელების საკითხს კურირებს.

ძირითადი ბიოგრაფიული ცნობები

  • სერგეი ისტრაკოვი დაიბადა 1959 წლის 5 თებერვალს ქ. ჩერნიახოვსკში, კალინინგრადის ოლქში, რუსეთის სფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1978-1982 წლებში სწავლობდა ბაქოს უმაღლეს საერთო საჯარისო სამეთაურო სასწავლებელში.
  • 1989-1992 წლებში სწავლობდა ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში.
  • 2000-2002 წლებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის მსმენელი იყო.
  • 2019 წლის დეკემბერში ისტრაკოვი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა მაღალი პროფესიონალიზმისა და ცხინვალის რეგიონის თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში შეტანილი დიდი პირადი წვლილისთვის.
  • ისტრაკოვი გენერალ-პოლკოვნიკია.

სამხედრო კარიერა

  • 1982-1989 წლებში ბაქოში სასწავლებლის დასრულების შემდეგ მსახურობდა კარპატისპირეთის სამხედრო ოლქში ოცეულის მეთაურად, ასეულის მეთაურად,  39-ე ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის საპარაშუტო-სადესანტო ბატალიონის მეთაურად.
  • 1992-2000 წლებში სამხედრო აკადემიის დასრულების შემდეგ მსახურობდა საჰაერო-სადესანტო ჯარებში პოლკის მეთაურის მოადგილედ, პოლკის მეთაურად, დივიზიის მეთაურის მოადგილედ და ბრიგადის მეთაურად.
  • 1999-2000 წლებში იუგოსლავიის ყოფილ ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში მსახურობდა. 1999 წლის ივნისში მონაწილეობა მიიღო რუსი მედესანტეების მიერ პრიშტინას აეროპორტის აღებაში.
  • 2000-2002 წლებში ბუდენოვსკში 205-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, მე-20 მოტომსროლელი დივიზიის მეთაური, 58-ე არმიის მეთაურის პირველი მოადგილე იყო.
  • 2003-2004 წლებში კარპატისპირეთის-ბერლინის მე-20 მოტომსროლელი დივიზიის მეთაური იყო.
  • 2006 წლიდან 2008 წლის აპრილამდე ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქში 58-ე არმიის მეთაურის პირველი მოადგილე და შტაბის უფროსი იყო. 2008 წლის აგვისტოში არმიის შემადგენლობაში ცხინვალის რეგიონში რუსეთ-საქართველოს ომში მიიღო მონაწილეობა.
  • 2008 წლის აპრილიდან 2009 წლის ივნისამდე ციმბირის სამხედრო ოლქში 41-ე არმიის მეთაური იყო. 2009 წლის ივნისიდან 2011 წლის იანვრამდე კი, ციმბირის სამხედრო ოლქის ჯარების მეთაურის მოადგილე იყო.
  • 2011 წლის 9 იანვრიდან 2013 წლის აპრილამდე ცენტრალური სამხედრო ოლქის ჯარების მეთაურის მოადგილე იყო.
  • 2013 წლის 18 აპრილის პრეზიდენტის ბრძანებით სახმელეთო ჯარების მთავარი შტაბის უფროსად - სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
  • 2015 წლიდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეა.
  • უკრაინული მხარის ცნობით, 2014 წლიდან ისტრაკოვი უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების წარმოებაზე პირადად იყო პასუხისმგებელი. არსებული ინფორმაციით, სეპარატისტთა ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრ ზახარჩენკომ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შექმნასა და განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის“ ისტრაკოვი დააჯილდოვა.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2017 წლის 28 თებერვალ-4 მარტის პერიოდში სოხუმში აფხაზეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების დელეგაციები აფხაზეთის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის საკითხს განიხილავდნენ. ექსპერტებმა შეხვედრების დროს მოდერნიზაციასთან, ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზასთან, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფასთან, სამხედრო მოსამსახურეების ხელფასებსა და სოციალურ გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ისტრაკოვი რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო. დელეგაცია სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებისგან შედგებოდა.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2018 წლის 21 მარტს ცხინვალის რეგიონს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ისტრაკოვის ხელმძღვანელობით ესტუმრა. დელეგაციის ვიზიტი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ცხინვალის რეგიონის შეიარაღებული ძალების ცალკეული დანაყოფების შესვლის შესახებ ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის შეთანხმების განხორციელების ფარგლებში შედგა. ცხინვალის მხრიდან შეხვედრაში დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იბრაგიმ გასეევი მონაწილეობდა. შეხვედრაში ორივე მხრიდან ექსპერტთა ჯგუფი მონაწილეობდა.
  • 2019 წლის 10 აპრილს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის დელეგაციას შეხვდა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ისტრაკოვი იყო. შეხვედრაზე ძალოვან უწყებებს შორის ურთიერთქმედების საკითხები განიხილეს. ბიბილოვმა ისტრაკოვს ცხინვალის რეგიონისადმი გამოჩენილი ყურადღებისათვის და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებისთვის მადლობა გადაუხადა. ისტრაკოვის თქმით, [2019 წლის აპრილისთვის] რუსეთის შეიარაღებულ ძალებში უკვე მსახურობდა ცხინვალის რეგიონის შეიარაღებული ძალების 300-მდე სამხედრო მოსამსახურე. შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასის მომატებისა და საპენსიო უზრუნველყოფის საკითხიც განიხილეს.
  • 2019 წლის 17  დეკემბერს ცხინვალის რეგიონში უწყებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებზე ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ისტრაკოვი იყო. რუსეთის დელეგაციას დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა იბრაგიმ გასეევმა უმასპინძლა. დელეგაციის ვიზიტი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ცხინვალის რეგიონის შეიარაღებული ძალების ცალკეული დანაყოფების შესვლის შესახებ ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის შეთანხმების განხორციელების ფარგლებში შედგა. გასეევის განცხადებით, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ყველა პირობა შექმნილია ცხინვალის რეგიონის მოქალაქეების რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზასა და 58-ე არმიის სხვადასხვა დანაყოფებში სამხედრო სამსახურის გასავლელად. გასეევის შეფასებით, აღნიშნულ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ისტრაკოვს, რადგან მე-4 სამხედრო ბაზაზე რეგიონის მოქალაქეების მიღება მისი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდა. ისტრაკოვის განცხადებით, მე-4 სამხედრო ბაზაზე [2019 წლის დეკემბრისთვის] ცხინვალის რეგიონის 508 მოქალაქე გადიოდა სამხედრო სამსახურს.