მთავარი ფიგურები

მარატ ხუსნულინი

რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • მარატ ხუსნულინი დაიბადა 1966 წლის 9 აგვისტოს, ქ. ყაზანში, თათრეთის ასსრ-ში, რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1984-1986 წლებში მსახურობდა საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში.
  • 1990 წელს დაამთავრა ყაზანის საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტი „ეკონომიკის“ სპეციალობით.
  • 2000 წელს დაამთავრა დიდი ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტი „პროფესიული მენეჯმენტის“ სპეციალობით.
  • 2006 წელს მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
  • ხუსნულინს მინიჭებული აქვს თათრეთის რესპუბლიკის დამსახურებელი მშენებელის, ქ. მოსკოვის საპატიო მშენებელისა და რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მშენებელის წოდება.
  • ხუსნულინს მედია და ოპოზიცია ხშირად აკრიტიკებს. მედიის ცნობით, მის ქალიშვილს მოსკოვის ცენტრში 200 მლნ რუბლად ღირებული ბინა აქვს, რომელიც ხუსნულინმა მოსკოვის მერიაში მუშაობის დროს გამოისყიდა მერიის საკუთრებიდან და შემდეგ ქალიშვილს აჩუქა. მოსკოველი აქტივისტიტები და ოპოზიციონერი დეპუტატები მას მერიის ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ჩინოვნიკად მოიხსენიებდნენ და მოსკოვში განხორციელებული პროგრამის -„რენოვაციის“ იდეოლოგად მიიჩნევდნენ. პროგრამის ფარგლებში მოსკოვში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.
  • „Transparency International“-ის გამოძიების თანახმად, ხუსნულინის ნათესავები ბევრ იმ კომპანიას აკონტროლებდნენ, რომლებიც სახელმწიფო შეკვეთებს ასრულებდნენ. ყველა ეს კომპანია ბრიტანეთში რეგისტრირებულ კომპანიასთან იყო დაკავშირებული, რომლის დირექტორად ხუსნულინის დედა იყო დაფიქსირებული. მედიაში მის მეუღლეს ჩინოვნიკების უმდიდრეს მეუღლეებს შორისაც მოიხსენიებდნენ.

პროფესიული კარიერა

  • 2010 წლამდე, მოსკოვის მერიაში გადასვლამდე, მისი პროფესიული და პოლიტიკური კარიერა თათრეთის რესპუბლიკას უკავშირდებოდა.
  • 1983 და 1986-1987 წლებში მუშაობდა ყაზანის საფინანსო-ეკონომიკურ ინსტიტუტში ლაბორანტად.
  • 1987-1995 წლებში ქ. ყაზანში მოქმედი კოოპერატივის („ტემპ“) მთავარი ბუღალტერი და თავმჯდომარეა.
  • 1995-1997 წლებში ქ. ყაზანში  მოქმედი კომპანიის „ინტერპლასტსერვის“-ის გენერალური დირექტორია.
  • 1997-2000 წლებში ქ. ყაზანში  მოქმედი კომპანიის „სამშენებლო სავაჭრო-სამრეწველო ფირმა - აკ ბარს“-ის გენერალური დირექტორია.
  • 2000-2001 წლებში „ტატენერგოს“ გენერალური დირექტორის მოადგილეა.

პოლიტიკური კარიერა

  • 1999-2001 წლებში თათრეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეპუტატი იყო.
  • 2001-2010 წლებში თათრეთის რესპუბლიკაში მშენებლობის, არქიტექტურისა და საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრია. მისი მინისტრობის პერიოდში დაიწყო თათრეთის რესპუბლიკაში საბინაო მშენებლობების განვითარების კომპლექსური პროგრამა, რისთვისაც დამატებით ფედერალური ინვესტიციებიც მოიზიდეს. მისი ინიციატივით საცხოვრებელი სახლების, გზებისა და სოციალური მნიშვნელობის ობიექტების სტრანდარტული პროექტები შეიმუშავეს. მინისტრის რანგში იგი აქტიურად უჭერდა მხარს „ელექტრონული რუსეთის“ პროგრამის განხორციელებას. ასევე აქტიურად მონაწილეობდა 2013 წელს ყაზანში დაგეგმილი უნივერსიადისთვის სპორტული ობიექტების მშენებლობაში. ყაზანში მისი მოღვაწეობის დროს ქალაქის ათასი წლის იუბილისთვის აშენდა მეტროპოლიტენი, კულ-შარიფის მეჩეთი.
  • 2010 წლიდან დაიწყო ხუსნულინის კარიერა მოსკოვში. 2010 წლის ნოემბერ-დეკემბერში იგი ქ. მოსკოვში საქალაქო მშენებლობის დეპარტამენტის უფროსია.
  • 2010 წლის 2 დეკემბრიდან 2020 წლის 21 იანვრამდე მოსკოვის მერის მოადგილეა ქალაქთმშენებლობის პოლიტიკისა და მშენებლობის საკითხებში. მოსკოვის მერიაში მუშაობის პერიოდში მშენებლობის სფეროში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის დანერგვის პროექტს ხელმძღვანელობდა. მის სახელს მოსკოვში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება უკავშირდება. კურირებდა „ახალი მოსკოვის“ მშენებლობის პოლიტიკას. იგი არქიტექტურული საბჭოს თავმჯდომარე იყო და მოსკოვში მშენებლობის ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას კურირებდა. მისი უშუალო მონაწილეობით მშენებლობის სფეროში არაერთი საინვისტიციო კონტრაქტი შეაჩერეს, რომელიც ლუჟკოვის მერობის პერიოდში გაფორმდა. ხუსნულინის თაოსნობით 2012-2019 წლებში მოსკოვში მეტროს 47 ახალი სადგური აშენდა და მეტროს ახალი ხაზი გაიყვანეს. მედიის ცნობით, ხუსნულინის მოღვაწეობის პერიოდში მოსკოვის მერიაში და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე თათრეთის რესპუბლიკის არაერთი წარმომადგენელი დაინიშნა. ხუსნულინთან კავშირების წყალობით რესპუბლიკასთან დაკავშირებული კომპანიები მოსკოვში სახელმწიფო კონტრაქტებსაც იგებდნენ.
  • 2020 წლის 21 იანვარს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით ხუსნულინი რუსეთის ფედერაციის მთავრობაში ვიცე-პრემიერად დაინიშნა. მისი პასუხისმგებლობის სფერო აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს მოიცავს. მის საკურატოროში ასევე შედის საბინაო პოლიტიკის საკითხი, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების განვითარება, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმისა და კალინინგრადის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარება, ასევე მშენებლობის, რეკონსტრუქციის, კაპიტალური რემონტის, საავტომობილო გზების ექსპლუატაციის, საგზაო საქმიანობისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხები. ხუსნულინამდე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი ვიცე-პრემიერი ვიტალი მუტკო იყო, რომელიც ახალ მთავრობაში ვერ მოხვდა. ხუსნულინს ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშვნამდე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან საქმიანი შეხება არ ჰქონია.
  • რუსეთის ფედერაციის მთავრობის განკარგულებით, 2020 წლის 15 თებერვალს, ხუსნულინი აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის თანათავჯდომარედ დაინიშნა. ხუსნულინმა ამ პოზიციაზე ვიტალი მუტკო ჩაანაცვლა, რომელმაც მთავრობა 21 იანვარს დატოვა.
  • 2022 წლის 1 ნოემბერს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ალექსანდრ ნოვაკი რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის თანათავჯდომარედ დანიშნა. ნოვაკმა ამ თანამდებობაზე ხუსნულინი შეცვალა.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2020 წლის 12 ნოემბერს აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საფუძველზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის  ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა დამტკიცდა. რუსეთის მხრიდან პროგრამას ხელი მოაწერეს ხუსნულინმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ დიმიტრი კოზაკმა, აფხაზური მხრიდან - დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა. პროგრამის მიზანია რუსეთის მიერ ინიცირებულ ან მხარდაჭერილ ინტეგრაციულ პროცესებში აფხაზეთის სრულყოფილი მონაწილეობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. პროგრამის ფარგლებში, 2-3 წლის განმავლობაში, 45 ღონისძიების განხორციელებაა დაგეგმილი.
  • 2021 წლის 11 ოქტომბერს ხუსნულინი მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. შეხვედრას დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ვალერი პაპბა და დე ფაქტო ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი ესწრებოდნენ. „მხარეებმა“ აფხაზეთ-რუსეთის თანამშრომლობისა და 2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხები განიხილეს.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2020 წლის 13 მარტს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდა. მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ბიბილოვი ხუსნულინსაც შეხვდა
  • 2021 წლის იანვარში ხუსნულინს ცხინვალის რეგიონის 14-მა ოპოზიციონერმა „დეპუტატმა“ გაუგზავნა წერილი, რომელშიც ისინი ამტკიცებდნენ, რომ რეგიონისა და რუსეთის კავშირები არალეგიტიმური იყო, ვინაიდან „მინისტრთა“ კაბინეტისა და „პრეზიდენტის“ უფლებამოსილების ვადა 29 ოქტომბერს ამოიწურა. წერილში აღნიშნული იყო, რომ ორმხრივ შეთანხმებებს, პროტოკოლებსა თუ რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში გაფორმებულ დოკუმენტებს არც სამართლებრივი საფუძველი აქვთ და არც იურიდიული ძალა.