მთავარი ფიგურები

სტანისლავ აფსავა

აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი (ყოფილი)

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • სტანისლავ აფსავა დაიბადა 1976 წელს ქ. სოჭში, რუსეთის ფედერაციაში.
  • დაამთავრა ადიღეს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  • აფსავა აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და აფხაზეთში რუსეთის დე ფაქტო საელჩოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მრჩეველია.
  • 2017 წლის 25 სექტემბერს სოხუმში რესტორან „რინა“-ში სტუმრობის დროს „კანონიერმა ქურდმა“ თენგიზ ლაკერბაიამ (2013 წელს მიენიჭა „კანონიერი ქურდის“ სტატუსი, ზედმეტსახელი თენგულიაში) შელაპარაკების დროს ფიზიკური დაზიანება მიაყენა აფსავას. 6 ოქტომბერს ლაკერბაიაზე ძებნა გამოცხადდა, 19 ნოემბერს კი იგი დააკავეს. 2018 წლის 8 თებერვალს სოხუმის ე.წ. საქალაქო სასამართლომ ლაკერბაია დამნაშავედ ცნო ხულიგნობაში, აფსავასთვის ფიზიკური ზიანის მიყენებაში და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
  • 2021 წელს აფსავა სერგეი გოლენკოვმა შეცვალა.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2017 წლის 20 აპრილს აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელი ვლადიმირ ნეკრასოვი აფსავას შეხვდა. შეხვედრის დროს აფხაზეთში მოღვაწე რუსი მეწარმეების უფლებებისა და ინტერესების დაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. 
  • 2017 წლის 18 მაისს რუსეთის შს მინისტრის მოადგილე იგორ ზუბოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრმა ასლან კობახიამ სოჭში ხელი მოაწერეს შეთანხმებას „შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირებისა და საქმიანობის წესის შესახებ“. ცენტრის მიზანია რუსი და აფხაზი სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია ორგანიზებული დანაშაულისა და სხვა საშიში ტიპის დანაშაულთან ბრძოლაში. ხელმოწერის ცერემონიას აფსავაც ესწრებოდა.
  • 2017 წლის 10 ნოემბერს აფხაზეთში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა პროფესიული დღე აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებაში აფსავამაც მიიღო მონაწილეობა.
  • 2019 წლის 4 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრმა გარი არშბამ დე ფაქტო შს სამინისტროს სასწავლო ცენტრი მოინახულა. ცენტრში ღია გაკვეთილი-სემინარი ჩატარდა. ღონისძიებაში აფსავამაც მიიღო მონაწილეობა.
  • 2020 წლის 17 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აფხაზეთში რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის აფსავას, აფხაზეთში რუსეთის „ელჩს“ ალექსეი დვინიანინს, აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსს, გენერალ-მაიორ ალექსეი ტრუბეცკის, აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის მეთაურს, პოლკოვნიკ ოლეგ სენკოვს, „საელჩოს“ თანამშრომლებს - ალექსანდრ ოპარინს და ვლადისლავ ნეჩიპორენკოს. აფხაზური მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ალხას კვიცინია. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები განიხილეს.
  • 2020 წლის 29 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს 700-მდე თანამშრომელმა ხმა მისცა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას. ხმის მიცემის პროცესს ესწრებოდა აფსავაც.