მთავარი ფიგურები

ალექსეი პავლოვსკი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორი (ყოფილი)

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები 

  • ალექსეი პავლოვსკიმ დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი.
  • 2017 წლის 10 ივნისს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი მიენიჭა. 2018 წლის 11-13 ნოემბერს მოსკოვში ვიზიტის დროს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა პავლოვსკი „საერთაშორისო თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის“ დააჯილდოვა. მედოევმა ანალოგიური ჯილდო ასევე გადასცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს და მის მოადგილეს გრიგორი კარასინს. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მედოევმა „რუსეთში ცხინვალის რეგიონის ახალი საელჩოს“ შენობაც მოინახულა
  • 2019 წლის 13 მაისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა პავლოვსკი "მეგობრობის ორდენით" დააჯილდოვა.

პროფესიული კარიერა

  • პავლოვსკი 1988 წლიდან დიპლომატიურ სამსახურშია.
  • საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, 1988-1992 წლებში, ავღანეთში სსრკ/რუსეთის საელჩოში მუშაობდა.
  • 1999-2003 წლებში დსთ-ის ქვეყნების პირველი დეპარტამენტის მრჩეველი და განყოფილების უფროსი იყო.
  • 2006 წლიდან 2011 წლის ჩათვლით დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე  იყო. 2011 წლის 4 ივლისიდან 2019 წლის აპრილამდე კი - დირექტორი.
  • 2019 წლის 3 აპრილს ავსტრალიაში რუსეთის ელჩად დაინიშნა.

აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2012 წლის 20 ნოემბერს მოსკოვში ვიზიტად მყოფი პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა პავლოვსკისაც შეხვდა. შეხვედრაზე ქართულ-რუსული ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს.
  • 2015 წლის 12 ნოემბერს მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საელჩოში პავლოვსკი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩს ზნაურ გასიევს შეხვდა. რუსეთის მხრიდან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ პავლოვსკის მოადგილე მიხაილ შურგალინი და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის განყოფილების უფროსი ანდრეი სტარკოვი. 
  • 2017 წლის 15 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინისა და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვეს შეხვედრაში რუსეთის მხრიდან პავლოვსკიც მონაწილეობდა.
  • 2017 წლის 20 ივლისს პავლოვსკი მოსკოვში საგარეო პოლიტიკური კოორდინაციის მექანიზმის ჩარჩოს ფარგლებში რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო ელჩს იგორ ახბას შეხვდა. მექანიზმი 2015 წლის 11 მარტს აფხაზეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ჩამოყალიბდა
  • 2017 წლის 17 ნოემბერს მოსკოვში სომეხ ჟურნალისტებთან საუბრის დროს პავლოვსკიმ განაცხადა, რომ „რუსეთს სურს რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესება, თუმცა ეს მხოლოდ რუსულ მხარეზე არ არის დამოკიდებული“. მისი თქმით, „რუსულ მხარეს იმ დონეზე შეუძლია ურთიერთობის ნორმალიზება, რამდენადაც ამისთვის თბილისი მზად არის. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ თბილისისთვის არსებობს გარკვეული წითელი ხაზები. ჩვენთვისაც არის წითელი ხაზები, ჩვენ არასოდეს წავიღებთ უკან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას. მე ჯერ ვერ ვხედავ ურთიერთობის გაუმჯობესების წინაპირობას, ეხლანდელი საქართველოს ხელისუფლება არ ავლენს მზადყოფნას ურთიერთობის აღდგენისთვის, თუმცა ეს ჩვენთვის არ არის პრობლემა, ჩვენ არ გაგვიწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობა“. 
  • 2017 წლის 30 ნოემბერს საგარეო პოლიტიკური კოორდინაციის მექანიზმის ჩარჩოს ფარგლებში მოსკოვში მორიგი კონსულტაციები  გაიმართა. შეხვედრაში პავლოვსკი და რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო ელჩი იგორ ახბა მონაწილეობდნენ.
  • 2018 წლის 26 იანვარს რუსეთში ცხინვალის რეგიონის „ელჩი“ ზნაურ გასიევი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს მოსკოვში შეხვდა. იმავე დღეს გასიევი პავლოვსკისაც შეხვდა
  • 2018 წლის 17 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის რესპულიკის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს 25 წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მიიღო. რუსულ დელეგაციაში პავლოვსკიც იმყოფებოდა. ვიზიტის პერიოდში პავლოვსკი სოხუმში სტუმრად ჩასულ მთიანი ყარაბაღის დელეგაციის წევრებსაც შეხვდა, რამაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან პროტესტი გამოიწვია
  • 2018 წლის 22 აგვისტოს სოხუმში საერთაშორისო კონფერენციაზე, „აღიარების 10 წელი: შედეგები და პერსპექტივები“, პავლოვსკი სიტყვით გამოვიდა. მისი განცხადებით, რეგიონში ნატო-ს შეღწევის ფონზე რუსეთისა და აფხაზეთის კავშირი სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების განმტკიცებას უწყობს ხელს. 
  • 2019 წლის 14 თებერვალს, მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსულ და აფხაზურ მხარეებს შორის მორიგი კონსულტაციები გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო პავლოვსკიმ და რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო ელჩმა იგორ ახბამ.