მთავარი ფიგურები

რომან ვიაზოვსკი

ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მე–4 სამხედრო ბაზის მეთაური

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • რომან ვიაზოვსკი დაიბადა 1976 წლის 4 ნოემბერს.
  • 2022 წლის 7 დეკემბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

სამხედრო კარიერა

  • 2014 წლისთვის ვიცე-პოლკოვნიკი ვიაზოვსკი ქ. ბუინაკსკში (დაღესტნის რესპუბლიკა), 136-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის (სამხედრო ნაწილი სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე საერთო-საჯარისო არმიის შემადგენლობაში შედის) შტაბის უფროსი იყო. 2014 წლის 8 დეკემბერს ვიაზოვსკიმ, შტაბის უფროსის რანგში, ქ. ბუინაკსკში 136-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის დაარსებიდან 21-ე იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
  • 2015 წელს ვიაზოვსკი სამხრეთის სამხედრო ოლქის მოტომსროლელი ბრიგადის ოპერატიული დანაყოფის მეთაური იყო. 2015 წლის აპრილში, დანაყოფის მეთაურის რანგში, ვიაზოვსკიმ მონაწილეობა მიიღო დაღესტანში გამართულ არტილერისტების სამხედრო წვრთნებში.
  • 2017 წლიდან მინიჭებული აქვს პოლკოვნიკის წოდება.
  • 2017-2020 წლებში მე-19 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის (ს/ნ 20634) მეთაური იყო. (ბრიგადის მუდმივი დისლოკაციის ადგილი ქ. ვლადიკავკაზშია. სამხედრო ნაწილი სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე საერთო-საჯარისო არმიის შემადგენლობაში შედის). სხვადასხვა პერიოდში სამხედრო დანაყოფის მეთაურები იყვნენ სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაური ალექსანდრ დვორნიკოვი და ცხინვალის რეგიონში რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი.
  • 2017 წლის 22 ივლისს ვლადიკავკაზში მე-19 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის დაარსებიდან 95-ე იუბილე აღნიშნეს. იუბილესთან დაკავშირებით ბრიგადის ტერიტორიაზე საზეიმო კონცერტი ჩატარდა. სამხედრო მოსამსახურეებს ვიაზოვსკიმაც მიულოცა.
  • 2019 წლის 22 თებერვალს ჩრდილოეთ კავკასიის სუვოროვის სამხედრო სასწავლებელში „სამშობლოს დამცველის დღესთან“ დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში ვიაზოვსკიმაც მიიღო მონაწილეობა.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2020 წლის ოქტომბრიდან ვიაზოვსკი მე-4 სამხედრო ბაზის მეთაურია. მან ამ პოსტზე ალექსანდრ კრავცოვი შეცვალა, რომელიც ბაზის მეთაური იყო 2016 წლიდან.
  • 2020 წლის 18 ნოემბერს ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზას იუნუს-ბეკ ევკუროვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ევკუროვი ეწვია ძარწემის სამხედრო პოლიგონს, სადაც ის ახალი სასწავლო წლისთვის მზადების პროცესს დეტალურად გაეცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტაქტიკური ველის, ტანკებისა და ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანების, ტანკოდრომისა და ავტოდრომის მზადყოფნის შემოწმებას. ვიაზოვსკიმ აღნიშნულ ბაზაზე არსებული თანამედროვე შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ დეტალურად მოახსენა ევკუროვს.
  • 2020 წლის 24 ნოემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის 58-ე საერთო-საჯარისო არმიის მეთაურს, გენერალ-მაიორ მიხაილ ზუსკოს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იბრაგიმ გასეევი და ვიაზოვსკი. ზუსკომ ბიბილოვს ახლად დანიშნული ვიაზოვსკი წარუდგინა. ბიბილოვმა ვიაზოვსკის ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა.
  • 2021 წლის 1 თებერვალს ცხინვალის რეგიონში რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის დაარსების 12 წლისთავი აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დე ფაქტო ხელისუფლებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა, სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის მეთაურებმა და „დიდი სამამულო ომის“ ვეტერანებმა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ვიაზოვსკი. მისი თქმით, მე-4 სამხედრო ბაზა არის „მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი რეგიონში“.
  • ცხინვალის რეგიონში, რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაზე „არმია-2021“-ის სამხედრო-ტექნიკური გამოფენა გაიმართა. ღონისძიება 27 აგვისტოს დაიწყო და 29 აგვისტომდე გაგრძელდა. გამოფენის ფარგლებში წარმოადგინეს საბრძოლო და სპეციალური ტექნიკა, ასევე სხვადასხვა ტიპის იარაღი. ვიაზოვსკიმ განაცხადა, რომ „არმია-2021“-ის ფარგლებში მსგავსი გამოფენის ჩატარება ტრადიციად გადაიქცევა. მისი თქმით, „ის ბავშვები, რომლებიც დღესდღეობით გამოფენილ ტექნიკას ათვალიერებდნენ, მე-4 სამხედრო ბაზაზე უკვე სამხედრო სამხედრო სამსახურის გასავლელად დაბრუნდებიან“.
  • 2022 წლის 15 თებერვალს ცხინვალის რეგიონში ინტერნაციონალისტი მებრძოლების ხსოვნის დღე აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მებრძოლთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ომის ვეტერანები, რეგიონის დე ფაქტო მმართველები, რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და სხვები. ღონისძიებას დაესწრნენ და საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი, ვიაზოვსკი, ასევე დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი.