მთავარი ფიგურები

ალექსეი ტრუბეცკი

აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსი (ყოფილი)

2018 წლის ოქტომბრიდან აფხაზეთში საოკუპაციო ხაზის „დაცვას“ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის  უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი ალექსეი ტრუბეცკი უზრუნველყოფს. 2009 წლის 30 აპრილს რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ერთობლივი ღონისძიებების შესახებ“. ეს დღე აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს დაფუძნების დღედ ითვლება. სამმართველოს მოვალეობაა ოკუპირებული რეგიონის საზღვაო და სახმელეთო დე ფაქტო საზღვრის დაცვა.

2009 წლიდან მოყოლებული სამმართველომ ათასობით საქართველოს მოქალაქე დააკავა ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისათვის. სამმართველო უშუალოდ მონაწილეობს საოკუპაციო ხაზზე არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვაში, ოკუპაციის ხაზის გასწვრივ ფიზიკური ბარიერების აღმართვასა და ე.წ. საზღვრის დემარკაციაში, რაც ნეგატიურად ყველაზე მეტად გალის ქართული მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფაზე აისახება.

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • ალექსეი ტრუბეცკიმ ძერჟინსკის სახელობის უმაღლესი სასაზღვრო სამეთაურო სასწავლებელი ალმა-ატაში დაამთავრა.   
  • 2001 წელს დაამთავრა ფედერალური სასაზღვრო სამსახურის აკადემია. 
  • მინიჭებული აქვს გენერალ-მაიორის წოდება.

სამხედრო კარიერა

  • სასაზღვრო სამეთაურო სასწავლებლის დასრულების შემდეგ ტრუბეცკი წყნარი ოკეანის სასაზღვრო ოლქში მსახურობდა
  • სასაზღვრო სამსახურის აკადემიის დასრულების შემდეგ თავისი კარიერის განმავლობაში მსახურობდა არაერთ სასაზღვრო სამმართველოში, მათ შორის შორეულ აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, უკრაინის საზღვარზე.  2013 წლისთვის იგი კრასნოდარის მხარის სასაზღვრო სამმართველოში, ქ. სოჭის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.  2016 წლისთვის ტრუბეცკი ჯერ კიდევ კრასნოდარის მხარეში მსახურობდა

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2018 წლის 3 სექტემბერს აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსმა, გენერალ-მაიორმა დიმიტრი იუდინმა თავის ბოლო სამუშაო დღეს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად ტრუბეცკი წარუდგინა. იუდინი ამ პოსტზე 2015 წლის 24 მარტიდან მუშაობდა და პოსტი სხვა თანამდებობაზე დანიშვნის გამო დატოვა. 2018 წლის 26 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ტრუბეცკი აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსად დანიშნეს. დანიშვნის დღეს იგი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდა.  დანიშვნამდე წელიწად ნახევრის განმავლობაში ტრუბეცკი აფხაზეთში მსახურობდა
  • 2020 წლის 30 აპრილს აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს დაარსების 11 წელი აღნიშნეს. აფხაზეთის ახლად არჩეულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ საიუბილეო თარიღი ტრუბეცკის მიულოცა.
  • 2020 წლის 17 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აფხაზეთში რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის ტრუბეცკის, აფხაზეთში რუსეთის „ელჩს“ ალექსეი დვინიანინს, აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის მეთაურს, პოლკოვნიკ ოლეგ სენკოვს, „საელჩოს“ თანამშრომლებს - ალექსანდრ ოპარინს და ვლადისლავ ნეჩიპორენკოს, აფხაზეთში რუსეთის შს სამინისტროს წარმომადგენელს სტანისლავ აპსავას. აფხაზური მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ალხას კვიცინია. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები განიხილეს.