მთავარი ფიგურები

სერგეი ნაზაროვი

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • სერგეი ნაზაროვი დაიბადა 1961 წლის 27 ივლისს ქ. კიზელში, პერმის ოლქში, რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.

  • 1984 წელს დაამთავრა მოსკოვის სამთო ინსტიტუტი.

  • დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2007), რუსეთის პრეზიდენტის საპატიო სიგელით (2010), როსტოვის ოლქის ადმინისტრაციის საპატიო სიგელით (2010), რუსეთის პრეზიდენტის მადლობით (2004).

  • 2017 წელს ნაზაროვი უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებთან კავშირების გამო ამერიკული სანქციების სიაში მოხვდა.

პროფესიული კარიერა

  • 1978-1998 წლებში ნაზაროვმა ქ. გუკოვოში, როსტოვის ოლქში, გაიარა გრძელი პროფესიული გზა - ზეინკლიდან სააქციო საზოგადოება „გუკოვუგოლ“-ის გენერალურ დირექტორობამდე.

პოლიტიკური კარიერა

  • რუსეთის მთავრობაში დანიშვნამდე ნაზაროვი როსტოვის ოლქში საქმიანობდა. 1998-2012 წლებში იგი მუშაობდა, როგორც როსტოვის ოლქის ადგილობრივ ხელისუფლებაში, ასევე ბიზნესში:

    • 1998-2002 წლები - როსტოვის ოლქის ადმინისტრაციის უფროსის (გუბერნატორის) მოადგილე და სათბობ-ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

    • 2002-2007 წლები - როსტოვის ოლქის ადმინისტრაციის უფროსის (გუბერნატორის) მოადგილე და მრეწველობის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

    • 2007-2008 წლები - როსტოვის ოლქის ადმინისტრაციის უფროსის (გუბერნატორის) მოადგილე.

    • 2008-2010 წლები - როსტოვის ოლქის ადმინისტრაციის უფროსის (გუბერნატორის) პირველი მოადგილე - ვიცე-გუბერნატორი.

    • 2010-2012 წლები - ქ. დონის როსტოვში, სამთომომპოვებელი და მეტალურგიული კომპანია „მეჩელის“ სამხრეთის ფედერალურ ოლქის წარმომადგენლობაში, სახელმწიფო სტრუქტურებთნ ურთიერთობის სამმართველოს უფროსი.

  • 2012-2014 წლებში ნაზაროვი რუსეთის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე იყო.

  • 2014 წლის 13 დეკემბერს,  რეგიონული განვითარების სამინისტროს გაუქმების შემდეგ, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ნაზაროვი ასევე დაინიშნა უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელად, რომელიც უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს კოორდინაციას. ნაზაროვი ასევე პასუხისმგებელია ანექსირებული ყირიმის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. იგი პერიოდულად ჩადის ყირიმში, სადაც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების განხორციელებას კურირებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების შეფასებით, ნაზაროვი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, სეპარატისტების კონტროლირებადი ტერიტორიებიდან, ქვანახშირის არალეგალურ ექსპორტს აკონტროლებს. უკრაინული მედიის შეფასებით, ნაზაროვის მონაწილეობით ჩამოყალიბდა „ფინანსური სამკუთხედი“, რომელიც უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებსა და რუსეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს ცხინვალის რეგიონის გავლით უზრუნველყოფს. ნაზაროვი ნახსენებია, როგორც დონბასის ქვანახშირის არალეგალური ექსპორტის კურატორი, ევროპელი ჟურნალისტების გამოძიებაშიც. აღნიშნული გამოძიების მიხედვით, არალეგალური ექსპორტის სქემაში ცხინვალის რეგიონში რეგისტრირებული კომპანიებიც მონაწილეობენ.

  • რუსეთის პრეზიდენტის 2021 წლის 20 იანვრის ბრძანებით, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე მიხაილ ბაბიჩი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ბაბიჩი სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი იყო. ბაბიჩის წასვლის შემდეგ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულება ნაზაროვმა გადაიბარა. ნაზაროვი გახდა  ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის კურატორიც.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2014 წლის 11 აპრილს, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის რანგში, ნაზაროვი აფხაზეთს ესტუმრა. მან რუსეთ-აფხაზეთის მესამე ჰუმანიტარულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. მისი შეფასებით, ფორუმი ორმხრივი თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების განვითარების ეფექტურ მექანიზმად ჩამოყალიბდა. ნაზაროვის თქმით, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან ექვს წელში აფხაზეთთან რუსეთის 50-ზე მეტმა რეგიონმა დაამყარა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.

  • 2021 წლის 9 თებერვალს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით მოსკოვში, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროში, გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. აფხაზური მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ დე ფაქტო ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი, ე.წ. სახელმწიფო საწარმო „სახელმწიფო საინვესტიციო სააგენტოს“ დირექტორი ილონა ლაკერბაია და აფხაზი მეწარმეები, რუსეთის მხრიდან - ნაზაროვი და საინვესტიიო პროგრამის მონაწილე რუსული ბანკების წარმომადგენლები.

  • 2021 წლის 15-16 აპრილს აფხაზეთში რუსეთის ეკონომიკის განვითარებისა და ენერგეტიკის სამინისტროების წარმომადგენლების ორდღიანი სამუშაო ვიზიტი შედგა. რუსეთის დელეგაციას ნაზაროვი ხელმძღვანელობდა. კურატორის რანგში ეს ნაზაროვის პირველი ვიზიტი იყო აფხაზეთში და მისი მიზანი რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ობიექტების მონახულება იყო. ვიზიტის ფარგლებში ნაზაროვმა მოინახულა ტურისტული ქალაქი გაგრა, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონები.

  • 2021 წლის 20 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია „ოფიციალური“ ვიზიტით ესტუმრა რუსეთს. 23 აპრილს ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს შეხვდა.  შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერი საინვეტიციო  პროგრამის განხორციელების საკითხი იყო. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი იგორ მასლოვი, ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ანდრეი ივანოვი და ნაზაროვი.

  • 2021 წლის 28 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი მოსკოვში ნაზაროვს შეხვდა. მხარეებმა რუსეთის საინვესტიციო პროგრამის განხორციელებისთვის თანამშრომლობაზე, ენერგეტიკაზე და ასევე, საინვესტიციო „კანონმდებლობის“ ჰარმონიზებასა და განვითარებაზე იმსჯელეს.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2008 წლის 6 ნოემბერს დონის როსტოვში ჩატარდა რიგით მერვე საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, რომელიც რუსეთის სამხრეთ ფედერალურ ოლქში ეკონომიკის განვითარების საკითხებს მიეძღვნა. ფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო რუსეთის ფედერაციის სამხრეთის ფედერალური ოლქის სუბიექტების ეკონომიკური ურთიერთქმედების ასოციაციის ეკონომიკური საბჭო - „ჩრდილოეთ კავკასია“, რომლის თავმჯდომარეც ნაზაროვი იყო, რომელსაც ამ პერიოდში როსტოვის ოლქის ადმინისტრაციის (გუბერნატორი) უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი თეიმურაზ ჩოჩიევი და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები.

  • 2021 წლის 27 იანვარს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის 14 დეპუტატმა წერილი გაუგზავნა რუსეთის მთავრობას. წერილში „დეპუტატები“ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობასა და რუსეთს შორის ურთიერთობების არალეგიტიმურობაზე მიუთითებდნენ, რადგან 2020 წლის ოქტომბრიდან ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების ვადა ამოწურული იყო. 18 თებერვალს ცხინვალელ „დეპუტატებს“ ნაზაროვმა უპასუხა. ნაზაროვის განცხადებით, შიდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გარეშე ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება გართულდებოდა. ნაზაროვმა „დეპუტატებს“ კრიზისის დაძლევისკენ მოუწოდა.

  • 2021 წლის 21 მაისს ნაზაროვი, ჩრდილოეთ ოსეთში სამუშაო ვიზიტის შემდეგ, ცხინვალის რეგიონს ესტუმრა. ნაზაროვი ცხინვალს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის ამპლუაში პირველად ეწვია. ამავე დღეს, ნაზაროვის, ცხინვალის რეგიონში რუსეთის „ელჩის“ - მარატ კულახმეტოვისა და რუსეთის დელეგაციის სხვა წევრების, ხოლო, მეორე მხრივ, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით, სხდომა ჩატარდა. ნაზაროვმა, კულახმეტოვმა, ბიბილოვმა და დე ფაქტო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა „მამულის მცველთა“ მემორიალური კომპლექსის გახსნაში მიიღეს მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში ნაზაროვმა რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მშენებარე სხვა ობიექტებიც მოინახულა.