მთავარი ფიგურები

სერგეი მენიაილო

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას მეთაური

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • სერგეი მენიაილო დაიბადა 1960 წლის 22 აგვისტოს ქ. ალაგირში, ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ში, რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში. მამამისი, სამხედრო მეზღვაური, ეთნიკურად რუსი იყო, დედა - ოსი. მენიაილო ოსურადაც საუბრობს.
  • 1983 წელს დაამთავრა კიროვის სახელობის კასპიის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი „ინჟინერ-შტურმანის“ სპეციალობით.
  • 1995 წელს დაამთავრა საბჭოთა კავშირის ფლოტის ადმირალის კუზნეცოვის სახელობის სამხედრო-საზღვაო აკადემია.
  • 2004 წელს დაამთავრა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია.
  • მენიაილო არის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი, თადარიგის ვიცე-ადმირალი.
  • 2014 წლის ივნისში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული ამერიკული სანქციების სიაში მენიაილოც მოხვდა. იგი ასევე მოხვდა 2020 წლის 15 ოქტომბერს რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების სიაში. მენიაილოს განცხადებით, მას სანქციები არ შეეხება, რადგან მას უცხოეთში არ აქვს ანგარიშები და ქონება.

სამხედრო კარიერა

  • მენიაილოს სამხედრო კარიერა 1983 წლიდან იწყება. იგი წლების განმავლობაში სამხედრო სამსახურს გადიოდა ჩრდილოეთის ფლოტში სამეთაურო პოზიციებზე, იყო კასპიის ფლოტილიაში ბრიგადის მეთაური, მსახურობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე შავი ზღვის ფლოტში.
  • 2004 წელს იგი შავი ზღვის ფლოტის ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზის შტაბის მეთაური, 2005 წლიდან კი ბაზის მეთაური იყო. 2007 წელს მიენიჭა ვიცე-ადმირალის წოდება. 2008 წლის რუსეთ-საქართველ ომში საქართველოს წინააღმდეგ საზღვაო-სადესანტო ოპერაციაში მონაწილეობდა. მან აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო კონტიგენტისა და ტექნიკის გადასხმა უზრუნველყო. საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ გარკვეული პერიოდი რუსეთის სამხედრო ძალები, მენიაილოს მეთაურობით, აფხაზეთის ტერიტორიის მიმდებარე საზღვაო აკვატორიას აკონტროლებდნენ.
  • 2009-2011 წლებში მენიაილო შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილე იყო. 2010 წლის აპრილში ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურის სამ კანდიდატს შორის რუსეთის მმართველმა პარტია „ერთიანმა რუსეთმა“ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს მენიაილოს კანდიდატურაც შესთავაზა. თუმცა, საბოლოო ჯამში, მედვედევმა სხვა კანდიდატურა წარუდგინა ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტს.
  • 2011 წლის 22 დეკემბერს მენიაილომ სამხედრო კარიერა დაასრულა.

„უკრაინული“ კარიერა

  • 2014 წელს, უკრაინის კრიზისის დროს, მენიაილო ყირიმში „თავდაცვითი“ რაზმების ფორმირებაში მონაწილეობდა. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ „ყირიმის საზღვაო პორტების“ „სახელმწიფო“ საწარმოს უფროსი გახდა. საწარმოს საკუთრებაში გადავიდა ანექსირებული ყირიმის ყველა პორტის საკუთრება.
  • 2014 წლის 14 აპრილს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, მენიაილო ოკუპირებული სევასტოპოლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 9 ოქტომბერს მენიაილო ადგილობრივმა დე ფაქტო პარლამენტმა ხუთი წლის ვადით სევასტოპოლის გუბერნატორად აირჩია. ამავე დროს იგი სევასტოპოლის მთავრობის მეთაურიც გახდა. მედიის ინფორმაციით, სევასტოპოლში მოღვაწეობის პერიოდში მენიაილო მალევე დაუპირისპირდა ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერ ალექსეი ჩალის და ადგილობრივ ელიტებს. სწორედ აღნიშნულმა ფაქტორმა დააჩქარა მენიაილოს „უკრაინული“ კარიერის დასასრული.

პოლიტიკური კარიერა

  • 2016 წლის 28 ივლისს მენიაილოს ვადამდე შეუწყდა სევასტოპოლის გუბერნატორის უფლებამოსილება და პუტინის ბრძანებით იგი ციმბირის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის წარმომადგენლად დაინიშნა. ამავე წლის 12 აგვისტოს იგი რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრი გახდა.
  • 2021 წლის 9 აპრილს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაკმაყოფილდა ვიაჩესლავ ბითაროვის განცხადება ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანიას მეთაურის პოსტიდან გადადგომის შესახებ. ამავე ბრძანებით ბითაროვის მაგივრად რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად მენიაილო დაინიშნა. პუტინმა მენიაილოს ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ვიდეო-კონფერენციის რეჟიმში ესაუბრა.
  • 2021 წლის 19 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას პარლამენტმა მენიაილო რეგიონის მეთაურად აირჩია. მენიალო რუსეთის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ სამ კანდიდატს შორის იყო დასახელებული.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2015 წლის 21 სექტემბერს სევასტოპოლის გუბერნატორის რანგში, მენიაილომ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დაარსების 25-ე წლისთავი მიულოცა.
  • 2021 წლის 15 აპრილს მენიაილო ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა. ბიბილოვმა მენიაილოს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მისადმი პუტინის ნდობა მენიაილოს პატრიოტიზმზე, პასუხისმგებლობასა და ქმედითუნარიანობაზე მეტყველებდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების საკითხი განიხილეს.
  • 2021 წლის 7 აგვისტოს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ წინააღმდეგ „საქართველოს სამხედრო აგრესიის“ მე-13 წლისთავისადმი მიძღვნილ მემორიალურ ღონისძიებებზე დასასწრებად ცხინვალს მენიაილოც ეწვია. ვიზიტის დროს აღინიშნა, რომ სამხრეთელი და ჩრდილოელი ოსები ერთი ერი არიან და 2008 წლის ომი მათი საერთო ტრაგედიაა.
  • 2021 წლის 3 სექტემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა და მენიაილომ ბესლანის ტერაქტის მსხვერპლთა მემორიალური კომპლექსი - „ანგელოზთა ქალაქი“ ყვავილებით შეამკეს.
  • 2021 წლის 15 ნოემბერს მოსკოვში „სამხრეთ ოსეთის გზამკვლევის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერ ანატოლი ბიბილოვთან ერთად მენიაილოც ესწრებოდა. გზამკვლევი მოსკოვურმა გამომცემლობა „АЯКС-ПРЕСС“-მა დაბეჭდა და მოიცავს „სამხრეთ ოსეთის“ რუკებსა და მარშრუტებს, ისტორიას, კულტურას, სამზარეულოსა და ტურისტებისათვის სხვა სასარგებლო ინფორმაციას.
  • 2022 წლის 10 აპრილს ცხინვალის რეგიონში არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის მხარდაჭერის მიზნით, 7 აპრილს, ცხინვალს რუსეთის ფედერაციის დელეგაცია ესტუმრა.  დელეგაციის წევრები იყვნენ მენიაილო, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი ყაზბეკ კოკოვი, რუსეთის ფედერაციის სენატორი სერგეი კარელინი და სხვები, მათ შორის, რუსეთის სახელმწიფო დუმისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლები.
  • 2023 წლის 18 მაისს მენიაილომ მის ყოველწლიურ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი - ერთი ხალხია საერთო ისტორიით, კულტურით და ტრადიციებით. მისი თქმით, მთავარია - გაყოფილი ხალხის ორივე ნაწილს შორის ურთიერთგაგება, რადგან ეს არის ურთიერთობის განვითარების საფუძველი, სახელმწიფო საზღვრის არსებობის მიუხედავად
  • 2023 წლის 26 აგვისტოს მენიაილო ცხინვალში ვიზიტის ფარგლებში დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევს შეხვდა. მენიაილომ 26 აგვისტოს მონაწილეობა მიიღო რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების 15 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. გაგლოევმა და მენიაილომ მონაწილეობა მიიღეს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტსა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტს შორის თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერის საზეიმო ცერემონიაში.
  • 2023 წლის 30 სექტემბერს „აფხაზეთის რესპუბლიკის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღესთან“ დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა მენიაილომაც მიიღო. მენიაილომ საჯაროდ მიულოცა აფხაზ ხალხს „გამარჯვების დღე“ და განაცხადა, რომ „აფხაზმა ხალხმა გააკეთა ყველაფერი, რათა დაეცვა საკუთარი დამოუკიდებლობა და ეცხოვრა საკუთარ მიწაზე“. გარდა ამისა, მენიალომ აღნიშნა, რომ 1992-93 წლების ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში მისი არაერთი თანამემამულე იბრძოდა აფხაზების გვერდით, ახლა კი მონაწილეობს სამხედრო აღლუმში. აღსანიშნავია, რომ მენიალო ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლოს 15 წლის წინ იყო ჩასული და მისი თქმით, იმის შემდგომ იქ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა.