მთავარი ფიგურები

ვიქტორ შარგაევი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსის მოადგილე

პროფესიული კარიერა

  • 2021 წლის მარტში შარგაევი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსის, იგორ მასლოვის მოადგილედ დაინიშნა.
  • ფლობს გენერალ-ლეიტენანტის წოდებას.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2023 წლის 21 მარტს მოსკოვში გაიმართა სამუშაო შეხვედრა დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანს, სერგეი შამბასა და შარგაევს შორის. შეხვედრაზე რუსეთ-აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ცხინვალის რეგიონში საქმიანობა

  • 2014 წლის 21 აპრილს დაინიშნა ცხინვალის რეგიონის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ (КГБ) ხელმძღვანელად. მან ამ თანამდებობაზე ბორის ატოევი ჩაანაცვლა. აღნიშნულ პოზიციას შარგაევი 2017 ივლისამდე იკავებდა.
  • შარგაევის სახელს უკავშირდება 2017 წლის მაისში „იუგოსეტნეფტეპროდუქტის“ (ნავთობპროდუქტების იმპორტიორი „სახელმწიფო“ კომპანია) თაღლითური სქემის გაშიფვრა. ამ სქემის თანახმად, აღნიშნული კომპანია ყიდულობდა რუსული „როსნეფტის“ მაღალხარისხიან ბენზინს, შემდეგ კი მას ჩრდილოეთ ოსეთში ცვლიდა გაზავებულ, დაბალი ხარისხის ბენზინზე, რომელსაც, საბოლოოდ, ცხინვალის რეგიონში ყიდდა.
  • გავრცელებული წყაროებით, ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც შარგაევი 2014-2017 წლებში კურირებდა, იყო კრემლის „პროექტი“ სახელად „ბიბილოვი“. ეს პროექტი მიზნად ისახავდა შარგაევის მიერ ანატოლი ბიბილოვის დახმარებას, რათა მას მოეპოვებინა გამარჯვება ჯერ საპარლამენტო (2014 წ.), შემდეგ კი - საპრეზიდენტო „არჩევნებში“ (2017 წ.).
  • 2017 წლის ივლისში „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა შარგაევის გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. „პრეზიდენტმა“ შარგაევისადმი მადლიერება გამოთქვა გაწეული სამსახურისთვის და ის ღირსების ორდენით დაასაჩუქრა „სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი პირადი წვლილისთვის“.
  • შარგაევის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ის თავად ბიბილოვმა გადააყენა, ვინაიდან შარგაევს რეგიონში გავლენის მოპოვება სურდა, ბიბილოვს კი არ უნდოდა, რომ ანგარიშვალდებული ყოფილიყო მის წინაშე. მეორე ვერსია უკავშირდება კონტრაბანდული სიგარეტის რეალიზაციის სქემას, რომელთან დაკავშირებით შარგაევსა და ბიბილოვს უთანხმოება მოუვიდათ და რომელშიც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი, მათ შორის იყო გენერალური „პროკურორი“ ურუზმაგ ჯაგაევი; როგორც ცნობილია, ამის შესახებ თავად ბიბილოვიც ინფორმირებული იყო. სქემის თანახმად, მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან შემოტანილი დიდი რაოდენობით სიგარეტი ცხინვალის რეგიონის გავლით რუსეთში გადაჰქონდათ. აღნიშნული სქემის შესახებ სტატია 2021 წლის 18 მარტს გამოქვეყნდა, პუტინის ადმინისტრაციაში შარგაევის თანამდებობაზე დანიშვნამდე ხუთი დღით ადრე.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2021 წლის 24 ნოემბერს ცხინვალის რეგიონს სამუშაო ვიზიტით რუსეთის დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის წევრები იყვნენ: უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი იგორ მასლოვი და შარგაევი. ვიზიტის პირველ დღეს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვსა და დე ფაქტო მთავრობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ვიზიტის მეორე დღეს ბიბილოვმა რუსეთის დელეგაციასთან სოციალურ-ეკონომიკური თანაშრომლობის საკითხები დეტალურად განიხილა.