ახალი ამბები

დიმიტრი ვოლვაჩის ვიზიტი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკაში

2023 / 04 / 20

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკას ეწვია დიმიტრი ვოლვაჩი, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე. ვოლვაჩი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია.

ვოლვაჩი დაესწრო შეხვედრას, რომელიც ეხებოდა რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ თანამშრომლობას. შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის საუკეთესო შვილები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ მშვიდობასა და მომავალს“. ვოლვაჩის თქმით, მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. შეხვედრას დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარე, კონსტანტინე ჯუსოევი და ე.წ. ფინანსთა მინისტრი, კაზბეკ ცარიკაევი ესწრებოდნენ.

გარდა ამისა, გაიმართა დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევისა და ვოლვაჩის შეხვედრაც. შეხვედრაზე სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდა ანტონ მელნიკიც, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

სამინისტროს დელეგაციამ, ვოლვაჩის ხელმძღვანელობით, მოინახულა რუსეთის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებიც, კერძოდ,  მდ. ლიახვზე გამავალი ხიდის რეაბილიტაციისა და  150 ბავშვზე გათვლილი ბანაკის - „მზიუგომი“ მშენებლობის პროცესი. 

Go BackGo Back