ძირითადი უწყებები

ინტეგრაციული პროექტების განვითარებისა და დსთ-ის ქვეყნების დეპარტამენტი

2020 წლის 21 იანვარს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით გაუქმდა ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო, რომლის პასუხისმგებლობის სფეროში შედიოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამების განხორციელება და პროგრამების შესრულების მონიტორინგი. ცვლილებების შედეგად სამინისტროს ფუნქციები ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაეცა. სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებას ინტეგრაციული პროექტების განვითარებისა და დსთ-ის ქვეყნების დეპარტამენტი კურირებს.

დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილია ფედოროვია.

დეპარტამენტი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული დანაყოფია. დეპარტამენტი დსთ-ის წევრ ქვეყნებთან და საქართველოსთან, ასევე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის სფეროში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას უზრუნველყოფს.

დეპარტამენტი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, დსთ-ის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის სფეროში ინტეგრაციული პროექტების განხორციელებაში მონაწილეობს. დეპარტამენტი დსთ-ის წევრ ქვეყნებსა და საქართველოში, ასევე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ეკონომიკური და სავაჭრო პოლიტიკის მონიტორინგსა და ანალიზს ახორციელებს და რუსეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე მათი გავლენის საკითხზე შესაბამის წინადადებებს ამზადებს.

დეპარტამენტი დსთ-ის წევრ ქვეყნებსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში სამთავრობათაშორისი კომისიების რუსული მხარის სამდივნოს მუშაობას უზრუნველყოფს. დეპარტამენტი სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთად ასევე უზრუნველყოფს დსთ-ის წევრ ქვეყნებთან სასაზღვრო და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე საერთაშორისო ფორუმების, კონფერენციების, სემინარებისა და სხვა სახის ღონისძიებების გამართვას.